აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების
სააგენტოს ორგანიზებით, ა(ა)იპ - სულიერების ცენტრის, კიდონიას და აპოკორონუსის მიტროპოლიის მხარდაჭერით საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 14 წლამდე 25 ახალგაზრდა საბერძნეთში გაემგზავრა და კუნძულ კრეტაზე, ქ. ხანიაში მსოფლიო საპატრიარქოს კიდონიას და აპოკორონუსის მიტროპოლიის საერთაშორისო მულტიკულტურულ ბანაკში ორი კვირის განმავლობაში - ინტელექტუალურ, შემეცნებით, სპორტულ და გუნდურ აქტივობებში მონაწილეობდნენ. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ბერძნულ კულტურასა და ტრადიციებს, დაეთვალიერებინათ კუნძულ კრეტას ისტორიული ადგილები, შეეძინათ და განევითარებინათ მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო და სხვა უნარ-ჩვევები.
საერთაშორისო ბანაკი ა(ა)იპ - სულიერების ცენტრის დირექტორის ბესიკ სილაგაძისა და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძის უშუალო ჩართულობით, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტების მერიების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
საერთაშორისო ბანაკის დახურვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც ბანაკის მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
„პირველ რიგში დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ლოცვა-კურთხევისთვის, მსოფლიო საპატრიარქოსა და საერთაშორისო ბანაკის ყველა მხარდამჭერს, რომელთა თანადგომითა და დახმარებითაც კუნძულ კრეტაზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი განვახორციელეთ.
ბედნიერი ვარ ახალგაზრდების შთაბეჭდილებების, განწყობების მოსმენით და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ შევძელით მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და ცოდნის მიცემა, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაეხმარებათ იყვნენ ჩვენი საზოგადოების ძლიერი, განვითარებული და ღირსეული წარმომადგენლები.
დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს ახალგაზრდები, ეს თაობა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა საქართველოს სიმტკიცისა და გაძლიერების, იმ ერთიანი სამშობლოს საფუძვლისა, რომელსაც გაბრწყინებული საქართველო, სიყვარული და ღმერთის რწმენა ჰქვია.
ჩვენ კი აუცილებლად გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას, რათა კიდევ უფრო მეტი დევნილი ახალგაზრდა ჩაერთოს მასში და მიიღოს კარგი გამოცდილება, რომელიც მჯერა დიდ როლს ითამაშებს ახალგაზრდების მომავალ წარმატებებსა და ჩვენი სამშობლოს გაძლიერების საქმეში.“- დავით ფაცაცია