აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით, ორგანიზაცია „ქართული ოცნება ჯანმრთელი მომავალის“ და ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლის მხარდაჭერით, ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი ომის ვეტერანებისთვის უფასო სამედიცინო აქცია მოეწყო.
აქციის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებს ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები (ექოსკოპია, კარდიოექოსკოპია, დოპლერ-სკანირება, ლაბორატორია) ჩაუტარდათ.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და მოადგილე იგორ კოპალიანი ესწრებოდნენ.
"პირველ რიგში ვულოცავ ვეტერანებს ვეტერანთა დღეს და მადლობას ვუხდი ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალს ჩვენი ვეტერანების დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. ეს არ არის ერთჯერადი აქცია, ჩვენ სხვადასხვა კლინიკებთან ერთად ვგეგმავთ მსგავს ღონისძიებებს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის.
თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, ჩვენი გმირების, ვეტერანების მხარდაჭერა და უფრო აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვას, რათა მათი ბრძოლის უნარიანობის ჟინით მალე გავიმარჯვოთ და ერთად დაუბრუნდეთ ჩვენს მშობლიურ კუთხეს." - დავით ფაცაცია