მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
დავით ფაცაცია ბათუმში გაიმართულ აფხაზეთიდან დევნილ მხატვართა საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიისა და „შავი ზღვის ქვეყნების მხატვართა საერთაშორისო გაერთიანება პლენერი-20-ის“ ერთობლივი ორგანიზებით, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით, ქალაქ ბათუმში გაიმართა აფხაზეთიდან დევნილ მხატვართა საქველმოქმედო ღონისძიება.

პროექტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით მოღვაწე, მათ შორის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მხატვრები.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო პლენერები და შესრულდება ფერწერული ნამუშევრები, რომელთა გამოფენა-გაყიდვა გაიმართა მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, ქ. ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში. აღნიშნულ დასკვნით ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და შეეძინათ მხატვართა ნამუშევრები.

დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე, ბათუმის ვიცე მერი ლევან დავითაძე, „შავი ზღვის ქვეყნების მხატვართა საერთაშორისო გაერთიანება პლენერი-20-ის“ დირექტორი ზურაბ ჭედია.

“ღონისძიების მიზანი შოვის ტრაგედიით დაზარალებული პირების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა იძულებით გადაადგილებული მხატვრების მხარდაჭერა და გაძლიერებაა. ყველაზე მნიშვნელოვანია, მხატვრების განწყობა, მათ ჩვენს პირველივე თხოვნაზე გამოხატეს მზადყოფნა, აჭარის სილამაზით გადმოეცათ აფხაზეთის სილამაზე. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მათ ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის, რომელთა დახმარებითაც უპრეცედენტოდ სწრაფად, ლამაზად და კარგად მოვახერხეთ პროექტის განხორციელება.

აქვე მინდა აღვნიშნო, მუჰაჯირების შთამომავლების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ნათლად ჩანს აჭარის მოსახლეობაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებასა და საქართველოს მთავრობაში. საოცრად სასიამოვნო და საამაყოა, რომ აფხაზურ ენაზე თავისუფლად მეტყველებენ აჭარაში, ფერიაში მცხოვრები აფხაზები. სწორედ ისინი არიან ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვიცავთ და ვაძლიერებთ აფხაზეთის ისტორიას, ფასეულობებს, ტრადიციებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ენას.

მადლობას ვუხდი ყველა ორგანიზატორს ვისთან ერთად განვახორციელეთ ღონისძიება. ჩვენთვის უაღრესად დასაფასებელი, ძვირფასი და სამაგალითოა ეს ურთიერთგაგება, საქართველოს ტკივილის გაზიარების, ჩვენი სამშობლოს ერთიანობის, ჩვენი ერთობის მიმავალ გზაზე. მახარებს ეს განწყობა და მინდა, რომ ეს ყველაფერი არა მარტო ღონისძიებაზე, არამედ ქუჩებშიც იგრძნობოდეს. აჭარის მაგალითზე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ერთიან საქართველოში, სოხუმში მოვაწყობთ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს.” - დავით ფაცაცია