მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ სააღდგომო ნობათები დაარიგა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილ, სხვადასხვა სოციალური კატეგორიის 900-მდე ოჯახს, საჩუქრად საკვები პროდუქტები გადასცა.

სააღდგომო ნობათები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად რიგდება და სხვადასხვა სახეობის სასურსათო პროდუქტი გადაეცემა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ და უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები, აფხაზეთიდან დევნილ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ოჯახებს ესტუმრნენ და სააღდგომო ნობათები პირადად გადასცეს.

სააღდგომო ღონისძიებებისას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად, სენაკის დევნილთა განსახლების ადგილას (ე.წ. სამხედრო დასახლებაში) მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე სსიპ - თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს, დირექტორსა და მასწავლებლებს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.