მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
დავით ფაცაცია ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენებას დაესწრო

ჭიათურის კულტურის ცენტრში აფხაზეთელი პოეტის ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.

ფილმის იდეის ავტორია კომპოზიტორი ია მაისაია, სცენარისტი ნინო ხოფერია, ხოლო რეჟისორი ზვიად მიქელაძე.

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი, პოეტის ოჯახის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ღონისძიების დაწყებამდე სტუმრებმა ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის სახელობის სკვერში "უვიწყარა" ყავავილებით შეამკეს მემორიალური დაფა და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი პოეტის ხსოვნას.

„ქალბატონი ეთერი შესანიშნავი პოეტი და გამორჩეული აფხაზეთელი იყო, მართალია ის ჭიათურაში დაიბადა, მაგრამ თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა მიუძღვნა აფხაზეთს. ყველამ იცის მისი ტრაგიკული ისტორია, თუმცა დოკუმენტური ფილმის კადრებმა მაინც სხვანაირად აგვაფორიაქა, აქ სხვაგვარად ჩანდა მისი ძალა, გმირობა, ბუნება, სილამაზე და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ ასეთ ადამიანებს და დავაფასოთ მათი მოღვაწეობა.

მჯერა, რომ „რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია“, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით სოხუმში ურთიერთგაგებით, ერთიანობით და ჭიათურელი ქალბატონი ეთერი იქნება მისტიური, პოეტური, სულიერი სიმბოლო აფხაზეთის სიყვარულის, რომელსაც მიუძღვნა თავისი ცხოვრება და მას მალე სოხუმში მივაგებთ სათანადო პატივს, როგორც საერთო ტრაგედიას შეწირულ მსხვერპლს.“ - დავით ფაცაცია