აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ორგანიზებით, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა კონფერენცია თემაზე - აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეთა შესაძლებლობები და გამოწვევები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმეებმა.
კონფერენციაზე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოსვლებთან ერთად, მოეწყო ექსპერტთა პანელები და სამუშაო სესიები. კონფერენციის ფარგლებში, დაჯილდოვდნენ წარმატებული ბიზნეს ოპერატორები, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს.
გახსნით ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა, ამავე სააგენტოს ინტეგრაცია-რეინტეგრაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა დავით ფეიქრიშვილმა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის დეპარტამენტის უფროსმა ანა უგულავამ.
„მადლობას ვუხდი თითოეულ უწყებას, საერთაშორისო პარტნიორებს ინიციატივებისა და ჩვენი მხარდაჭერისთვის. მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი მოქალაქეები და გაერთიანებულ საქართველოში ერთად შევქმნათ ძლიერი, განვითარებული და ეკონომიკურად მდგრადი სახელმწიფო.
ჩვენი სამინისტროს მიზანია მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ აფხაზეთის მოსახლეობას - როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისე დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს, რათა გაძლიერდნენ, განავითარონ საქმიანობა და იმედი მაქვს ეს კონფერენციაც იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა კომუნიკაციისთვის, ურთიერთობებისთვის, სხვადასხვა ბიზნეს ინიციატივებზე ინფორმაციების გაზიარებისთვის და მეორე მხრივ, მსგავსი კონფერენციები გვაძლევს ხელისუფლებას შესაძლებლობას კიდევ ერთხელ ვიამაყოთ ჩვენი წარმატებული მოქალაქეებით.
ჩვენ არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებებით ჩვენი მოქალაქეების დახმარებას და ყოველთვის მზად ვართ ყველა ინიციატივას დავუჭიროთ მხარი, რომელიც აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერას, მათ გაძლიერებას ისახავს მიზნად.“ - დავით ფაცაცია