ახალი ამბების ტელევიზია ,,პალიტრანიუსი”-ის საინფორმაციო ეთერში 30 ივლისს გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის სპეციალისტებმა ადგილზე შეისწავლეს ბაგებში დევნილთა ორგანიზებულ ჩასახლებაში მცხოვრები კვირაიების ოჯახის მდგომარეობა.
მამიდების მეურვეობის ქვეშ მყოფი დედ-მამით ობოლი არასრულწლოვანი ბექა, ლიკა და რეზო კვირაიების 20 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა დატვირთულია იპოთეკით აწ გარდაცვლილი მშობლების ავადმყოფობის პერიოდიდან. ამჟამად სასამართლო იხილავს გადახდის უუნარობის გამო საცხოვრებელი ფართიდან მათ გამოსახლების საკითხს.
მიმდინარე წლის 01 აგვისტოს დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია შეხვდნენ არასრულწლოვანი კვირაიების მეურვეებს მზევინარ და მზია კვირაიებს. გაეცნენ რა მათი ოჯახის პრობლემებს, დასახეს კომპეტენციის ფარგლებში შესაძლო დახმარების გაწევის გზები.