აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ბორჯომის ხეობაში (ჩითახევის ჰესთან) ჯომარდობაში აფხაზეთის თასის გათამაშება გაიმართა.
ტურნირში აქტიური მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის გუნდმა. აფხაზეთის თასის 2018 წლის გათამაშებაში სულ 16 გუნდი მონაწილეობდა.
ტურნირის გამარჯვებული და აფხაზეთის თასის მფლობელი სარაგბო გუნდი „ტაო“ გახდა. მეორე ადგილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა „დიოსკურიამ“ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის გუნდი გავიდა.
ტურნირში გამარჯვებული გუნდი აფხაზეთის გარდამავალი თასით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდა. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი მედლებითა და დიპლომებით.
ტურნირის მიზანია ქვეყანაში ჯომარდობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.