მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესია მოინახულა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესი და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისში, აგლაძის ქუჩაზე (ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია) ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესია მოინახულა. მან აფხაზეთის ხელისუფლებას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა ეკლესიის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის. პატრიარქმა შეკრებილი მრევლი დალოცა და უფალს საქართველოს გაძლიერება და გამთლიანება შესთხოვა.

ტაძრის ტერიტორიაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წევრები იმყოფებოდნენ.

თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწყო.

2016 წლის მაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შემოწირულობებისათვის შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება აქვს შემოწირულობის სახით ეკლესიის მშნებლობისთვის გაიღოს მისთვის სასურველი რაოდენობის თანხა და თავისი წვლილი შეიტანოს ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშნებლობის პროცესში. გარდა ამისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების თანამშრომლები უშუალოდ მონაწილეობენ ეკლესიის მშნებლობის პროცესშიც.