დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე ამ უწყებების სხვა თანამშრომლებთან ერთად გასული იყვნენ დაბა წყნეთში განთავსებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა ორგანიზებულ ჩასახლებებში: გურამიშვილის ქ.№2; გურამიშვილის ქ. №18; გურამიშვილის ქ. №31; სააკაძის ქ. № 22; შპს ,,წყნეთი”-ის ბაზის სასადილო; გურამიშვილის ქუჩაზე საქჰიდროენერგომშენის №1 და №2 კორპუსი. ასევე აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ ჯულიეტა კვარაცხელიას ოჯახში.
სამუშაო ჯგუფი ადგილზე გაეცნო დევნილთა საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობებს, მოისმინა იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფორმაციები სოციალურ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ და სხვა პრობლემურ საკითხებზე. დევნილებს განემარტათ ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები, ამ პროგრამებით და ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესი”-თ დადგენილ ფარგლებში დახმარებით სარგებლობის მექანიზმები.