აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
გასვლით სხდომაზე 2018წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში სამმა უწყებამ, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტმა წარმოადგინა.
ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით გვაძაბიამ განხორციელებულ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებზე ისაუბრა. პროექტების ძირითადი მიზანი სახალხო დიპლომატიის გაძლიერება, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების დაახლოება, დიალოგის გაღრმავება და მათ შორის ნდობის აღდგენა იყო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ მთავრობის წევრებს მისი უწყების მიერ აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით განხორციელებული პროგრამების შესახებ მოახსენა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძემ 2018 წელს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა.
2018 წელს ერთჯერადი მატერიალური დახმარებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 541 100 ლარი, რომელიც 2019 წელს გაიზარდა და 600 000 ლარი შეადგინა. მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა 53 ობიექტს რომლის საერთო ღირებულებამ 39 000 ლარი შეადგინა.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განხორციელდა სხვადასხვა სახის სოციალური ღონისძიებები და პროგრამები. მათ შორის, 18 მოზარდი ორთვიანი პროგრამით ესპანეთის სამეფოში გაემგზავრა. თბილისის 10 რაიონის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 137 დევნილ პენსიონერს თვალის კლინიკა „მედისონის“ მხარდაჭერით უფასო კონსულტაცია და თვალის პირველადი დიაგნოსტიკა ჩაუტარდა. ასევე, დეპარტამენტის თანამშრომლების უშუალო ჩართულობით განხორციელდა ყოველწლიური საქველმოქმედო აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“.
მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გაეცნო აღნიშნული სტრუქტურების თანამშრომლების საქმიანობას, მათ მიერ განხორციელებულ პროექტებს და აქტივობებში მათ ჩართულობას.