სალხინოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
პროექტში მონაწილეობდნენ სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, რომელთა ორგანიზებული დასწრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ უზრუნველყო. ჩატარდა ერთდღიანი სემინარების ციკლი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე. გაიმართა შემეცნებით-გასართობი ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებსაც სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე, დევნილი ახალგაზრდებისთვის სალხინოს ტერიტორიაზე ექსკურსია მოეწყო.
პროექტის გახსნაზე ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ მიმართეს.
პროექტი საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი კომპონენეტებისგან შედგება. მისი მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, მათი ჩართულობის გაზრდა აღნიშნულ პროცესში, ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა.