მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
დავით ფაცაციამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო

8 მარტი, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან, მინისტრის პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან, მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერიასთან და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.

„ საქართველოს ისტორიის ქრონოლოგია დახუნძლულია გაუტეხელი სულის ადამიანებით, რომელთა გმირულ საქციელზეც დგას ჩვენი ქვეყნის ღირსება და თავისუფლება. სწორედ ასეთი ადამიანი იყო, საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალ-მაიორ გენო ადამია, რომელმაც სამშობლოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში ჩადენილი გამორჩეული გმირული საქციელით წაუშლელი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

მინდა ქედი მოვიხარო მისი თავდადებისა და სამშობლოსადმი განსაკუთრებული სიყვარულის წინაშე და მე მჯერა, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით დავიცავთ იმ ღირებულებებს, რისთვისაც გენო ადამიამ გასწირა თავისი სიცოცხლე, მოვახდენთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასა და აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას.“- დავით ფაცაცია.