სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოსა და აკვაპარკ „ჯინო ფერედაისის“ ერთობლივი ორგანიზებით, აკვაპარკის ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის სხვადასხვა სპორტული და გასართობი აქტივობები მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 50-მდე მოზარდისა და მათი მშობლებისთვის აკვაპარკში მდებარე წყლის ატრაქციონები და გასართობი ობიექტები უფასო იყო.
ღონისძიებაში მონაწილე მოზარდებს შეხვდნენ, მათთან ერთად აკვაპარკი დაათვალიერეს და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორმა სალომე დოლიძემ და აკვაპარკ „ჯინო ფერედაისის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გერანი ბოლქვაძემ.
პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების თავისუფალი დროის გონივრული ორგანიზება, მათი წახალისება და სპორტულ აქტივობებში ჩართვის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, მოზარდებს საშუალება მიეცათ დაესვენათ, სასიამოვნოდ გაეტარებინათ დრო, შეეძინათ ახალი მეგობრები და გაეაზრებინათ ჯანსაღი ცხოვრების წესი.
მადლობას ვუხდით აკვაპარკ „ჯინო ფერედაისს“, მის ხელმძღვანელს ნოდარ გიორგაძეს და აკვაპარკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს გერანი ბოლქვაძეს მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის, რომლებიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოზარდებს აკვაპარკში მდებარე წყლის ატრაქციონებითა და გასართობი ობიექტებით სრულად უფასოდ გაუმასპინძლდნენ.