აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია ოფიციალური ვიზიტით ქ. მადრიდში იმყოფებიან.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდის „FINSOL“ შტაბ-ბინაში გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს მოზარდებისა და ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას ესპანეთში.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და ესპანური მხარის სახელით, ესპანური ასოციაციის "TODOS SOMOS NIÑOS“ პრეზიდენტმა ანხელ მარუგან კალვომ.
პროექტის ფარგლებში მოზარდები შეირჩევიან წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით, მათ შორის, პრიორიტეტი მიენიჭებათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის მაცხოვრებლებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს და სხვა.