ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით პროექტში – „გლოუ ბანაკი“, იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის მიზნით თბილისსა და ქუთაისში საინფორმაციო სესიები ჩატარდა. იმერეთში დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრას ორგანიზება გაუწია აფხაზეთის ა/რ იმერეთის წარმომადგენლობამ, ხოლო თბილისის მაშტაბით ჩართულები იყვნენ დევნილთა საქმეების დეპარტამენტი და აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში.
შეხვედრაზე „გლოუ საქართველო“- ს წარმომადგენლებმა დევნილ ახალგაზრდებს ბანაკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და შეკითხვებს უპასუხეს. მათი ხედვაა გოგონები გახდნენ ინფორმირებულნი და ძლიერი ლიდერები საკუთარ თემში, გააცნობიერონ თანაბარი შესაძლებლობები და იმუშაონ საქართველოში სხვა ადამიანებთან ერთად ეროვნული მასშტაბის პრობლემების გადასაჭრელად. ამისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი გოგონების განათლება და გაძლიერება, განსაკუთრებით, ნაკლებად განვითარებულ საზოგადოებებში.
ერთ კვირიანი გლოუ ბანაკი განკუთვნილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები განსხვავებული ეკონომიკური მდგომარეობისა თუ ეთნიკური კუთვნილების 14–17 წლის ასაკის გოგონებისთვის. „გლოუ ბანაკი“ გაიმართება ბაქსვუდის სკოლაში, წყნეთში, თბილისთან ახლოს 2017 წლის აგვისტოში.