აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, იუსტიციის და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების 28 წლისთავთან დაკავშირებით ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპული გმირი მეომრების ხსოვნას და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
„1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო კონფლიქტი, რომელიც დიდხანს მზადდებოდა მესამე მხარის მიერ. სამხედრო დაპირისპირება 13 თვე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციით დასრულდა, რასაც ორივე მხრიდან ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, 400 ათასზე მეტი ადამიანი დევნილი გახდა.
რუსეთის ფედერაციის მიერ დღემდე გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, შეზღუდულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, მასობრივად ნადგურდება ქართული კულტურის ძეგლები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებები, პერმანენტულად ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა და დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რისთვისაც ახორციელებს სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებს. ახორციელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომელიც დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის სახალხო დიპლომატიის, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობას წაახალისებს.
14 აგვისტო არის ქართველებისა და აფხაზების საერთო ტრაგედიის და საერთო მარცხის დღე. ტკივილის და ტრაგედიის სიმძიმის მიუხედავად თანმიმდევრული, რაციონალური სამშვიდობო პოლიტიკით და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აფხაზებთან ერთად, ერთიან საქართველოში თანაცხოვრებით, გავხდეთ დასავლური სამყაროს სრულფასოვანი წევრი“. - აღნიშნა დავით ფაცაციამ.