მთავარი/სამინისტრო/იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
ქალაქ ფოთმა „მხატვარ-მარინისტთა“ არტ-პლენერს უმასპინძლა
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს მხატვართა კავშირის მხარდაჭერით, ქალაქ ფოთში, ხელოვანთა პარკში შავი ზღვის აუზის ქვეყნების ,,მხატვარ-მარინისტთა" საერთაშორისო არტ-პლენერის შემაჯამებელი გამოფენა მოეწყო.
 
საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 20 ქართველი მხატვრის 60-მდე ნამუშევარი. პროექტის ფარგლებში გამოიცემა კატალოგი, სადაც წარმოდგენილი იქნება არტ-პლენერში მონაწილე მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ კატალოგში შევა იმ მხატვართა ნამუშევრებიც, რომლებმაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ვერ შეძლეს საქართველოში ჩამოსვლა.
 
გამოფენას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
შავი ზღვის აუზის ქვეყნების ,,მხატვარ-მარინისტთა" საერთაშორისო არტ-პლენერის შემაჯამებელი გამოფენა აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავს აფხაზეთელი მხატვრების პოპულარიზაციას, „მარინისტი“ მხატვრების შემოქმედებითი ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებას, ხელოვანთა დახმარებით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების წახალისებას.