სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ მომზადებული გამოცემის - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ რელიგიური ორგანიზაციების, საქართველოს ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები.
გამოცემაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, სრულად არის ასახული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში, არსებული მართმადიდებლური და რელიგიური უმცირესობების ისტორიულ-კულტურული ძეგლები (საარქივო და ახალი ფოტო მასალა).
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაცია. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.
„ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მიზანმიმართული რუსიფიკაცია, იქ არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას სერიოზული საფრთხე ემუქრება, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ძეგლებისათვის პირვანდელი იერსახისა და არსის განადგურებაში გამოიხატება.
გამოცემა „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ წარმოადგენს საერთო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ერთ-ერთ ძლიერ ბერკეტს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. მადლობას ვუხდი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და ყველა იმ ორგანიზაციას, თუ პირს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ მნიშვნელოვანი გამოცემის მომზადებასა და სრულყოფაში.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.