იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
სამების საკათედრო ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.
“სამების საკათედრო ტაძარში პატივი მივაგეთ 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულ და აფხაზეთიდან გადმოსვენებულ ჩვენს თანამოქალაქეებს.
საგულისხმოა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალიხსმევით 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 2 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.
მინდა მადლობა გადავუხადო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ამ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობისათვის, რომელთა დახმარებით არაერთი უგზო-უკვლოდ დაკარგული ჩვენი მოქალაქის ნეშთის გადმოსვენება და იდენტიფიცირება მოხერხდა.
აღსანიშნავია, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმში, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს, ჩართული არის როგორც ქართული ისე აფხაზური მხარეც. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მშვიდობიანი გზებით მოგვარდეს ყველა ის შედეგი, რაც შეიარაღებულმა კონფლიქტმა გამოიწვია, ამ საქმეში კი აფხაზური მხარის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.
ვუსამძიმრებ გადმოსვენებულთა ოჯახებს და პატივს მივაგებ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ჩვენი თანამოქალაქეების ხსოვნას!” - განაცხადა დავით ფაცაციამ