აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

ტელეფონი: (+995) 231 32 06

ელ.ფოსტა: devnilta.info@gmail.com და idpsab@gmail.com

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №16, სართული 7, 0186, თბილისი, საქართველო

 

2025 წლის პროგრამები

1. „დევნილთა სოციალური უზრუნველყოფა“

პროგრამა ითვალისწინებს ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ და აფხაზეთიდან დევნილთა   სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით, რომელიც გაიცემა შესაბამისი კრიტერიუმის მქონე პირებზე საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დევნილი.

ბ) 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე დევნილი . 

გ) 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე მარჩენალდაკარგული დევნილი .

დ) დედ-მამით ობოლი არასრულწლოვანი დევნილი, თითოეულზე .

ე) 100 წელს გადაცილებული დევნილი .

ვ) 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანი დევნილი  .

ზ) 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, ონკოლოგიური დაავადების მქონე დევნილი სოციალურად დაუცველი  .

თ) აუტიზმის სპექტრული აშლილობის მქონე არასრულწლოვანი დევნილი .

ი) სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ბენეფიციარი.

კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ოჯახის წევრი (დედა, მამა, შვილი, ძმა, და, მეუღლე).

ლ)  სხვა მოწყვლადი ბენეფიციარი, რომლის უმწეო მდგომარეობას მისი განცხადების გათვალისწინებითა და შეფასებით ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს კომისია.

პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობა (ასლი);

გ) შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.​

 

2. დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა“

პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა, სოციალურად მძიმე კატეგორიის ოჯახებისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაში მხარდაჭერას, ქირის თანხის ანაზღაურების გზით (300 ლარამდე) საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ სამ/ექვს თვემდე ვადით.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ბენეფიციარი;

ბ) 65 000-მდე   სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე დევნილი ოჯახი;

გ) მარტოხელა დევნილი მშობელი;

დ) აფხაზეთის ომში დაღუპული პირის დევნილი მშობელი;

ე) ოკუპირებულ აფხაზეთის  ტერიტორიაზე მცხოვრები პირი/ოჯახი;

ვ) დევნილი ოჯახი, რომლის შემადგენლობაში არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;

ზ) სხვა მოწყვლადი ბენეფიციარი, რომლის უმწეო მდგომარეობას მისი განცხადების გათვალისწინებითა და შეფასებით ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს კომისია.

პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობა (ასლი);

გ) შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია;

დ) ცნობა/წერილი სსიპ – „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან“ ან/და  შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიიდან/გამგეობიდან ქირის თანხის დაფინანსების არმიღების თაობაზე;​

ე) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დაქირავებული საცხოვრებელი ფართის შესახებ.

 

3. აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერა“

პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილ  სოციალურად მძიმე კატეგორიის ომისა და სამხედრო/თავდაცვის ვეტერანთა ერთჯერად დახმარებას საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

ა) 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების დევნილი ვეტერანი.

ბ) აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის დევნილი ოჯახის წევრი, რომელიც არ სარგებლობს სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყოველთვიური კომპენსაციით.

გ) საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი.

დ) საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული დაზიანების შედეგად ამპუტირებული კიდურების მქონე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი.

ე) სხვა მოწყვლადი ბენეფიციარი, რომლის უმწეო მდგომარეობას მისი განცხადების გათვალისწინებითა და შეფასებით ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს კომისია.

პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობა (ასლი);

გ) შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

4. „აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირება“

პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად მძიმე კატეგორიის ოჯახებისათვის საცხოვრებელ ფართებზე გამრიცხველიანება/აბონირებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებას.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ დევნილთა განსახლების ობიექტებში ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართებში და არ გააჩნიათ დენის, წყლისა და გაზის აბონირება.

პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობა (ასლი);

გ) ინფორმაცია დევნილთა განსახლების ობიექტის მესაკუთრის შესახებ (საჯარო რეესტრის ამონაწერი, საჭიროების შემთხვევაში, მესაკუთრის თანხმობა აბონირებაზე);

დ) შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

5. „სოციალური სოლიდარობა“

პროგრამა ითვალისწინებს ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი  გარკვეული კატეგორიის სოციალურად მძიმე მდგომარეობის მქონე პირთათვის სადღესასწაულო დღეებში საჩუქრების გადაცემას.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

პროგრამის ფარგლებში დახმარება/საჩუქარი გაიცემა აფხაზეთის მოსახლეობაზე, რომლებიც წარმოადგენენ გარკვეული სოციალური კატეგორიის მქონე ბენეფიციარებს,

ა) განცხადება;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობა (ასლი);

გ) ინვოისი.

 

5.1 „ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობა“

პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით დევნილთა განსახლების ობიექტში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, მუნიციპალური ორგანოების მიერ დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანადაფინანსებას ამხანაგობის წილობრივი თანამონაწილეობის ფარგლებში.

პროგრამის ფარგლებში, ასევე, ხორციელდება ამხანაგობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მათი კონსულტირება შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით.

მოსარგებლე ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

დევნილთა განსახლების ობიექტში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები.

ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) დევნილთა განსახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განცხადება/მიმართვა;

ბ) ბენეფიციარის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი), დევნილის მოწმობა (ასლი), ამხანაგობის რეგისტრაციის დოკუმენტი და ამხანაგობის კრების ოქმი პროგრამის ფარგლებში მიმართვის თაობაზე;

გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი რაიონის გამგეობის, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია შესასრულებელი სამუშაოებისა და ამ სამუშაოების მუნიციპალიტეტისა და ამხანაგობის თანადაფინანსების/მონაწილეობის ოდენობა და შესასრულებელი სამუშაოების/მონაწილეობის  ხარჯთაღრიცხვა.

 

5.2 დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი დაგადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მცირე და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარებას.

დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ დევნილებს (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს და საინიციატივო ჯგუფებს) უფლება აქვთ ისარგებლონ პროგრამის ფარგლებში 3000 ლარამდე მცირე და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების დაფინანსებით.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილები (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა და საინიციატივო ჯგუფი).

ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) დევნილთა განსახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან განსახლების ობიექტში მცხოვრებ დევნილთა განცხადება/მიმართვა;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

გ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობა (ასლი).

 

5.3 დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო და სარეაბილიტაციო  სამუშაოების განხორციელებას (წყალკანალიზაციის პრობლემები, შენობა-ნაგებობის სახურავის აღდგენა/გამოცვლა).

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილები (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/ საინიციატივო ჯგუფი).

ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) დევნილთა განსახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან საინიციატივო ჯგუფის განცხადება/მიმართვა;

ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი;

გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და დევნილის მოწმობა (ასლი);

დ) საინიციატივო ჯგუფის წევრთა პირადობის მოწმობა და დევნილის მოწმობა (ასლი).

 

5.4 ქვეპროგრამა აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარება

პროგრამა ითვალისწინებს შესაბამისი სოციალური კატეგორიის მქონე ოჯახების სამშენებლო/სარემონტო მასალებით დახმარებას.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

ა) დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს დევნილთა განსახლების ობიექტში, რომელზეც არ განხორციელებულა სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები და არის:

ა.ა) მარტოხელა სოციალურად დაუცველი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში;

ა.ბ) ოჯახის შემადგენლობის უმეტესობა არის საპენსიო ასაკის და სოციალურად დაუცველი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში;

ბ) დევნილთა განსახლების ობიექტში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ობიექტის საერთო სარგებლობის ფართის გარემონტებისთვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების მიზნით;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი.

ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი)/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი;

ბ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობა (ასლი);

გ) სოციალური კრიტერიუმის დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

6. „დევნილთა განსახლების ობიექტებში საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემის ხელშეწყობა“

პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის საერთო სარგებლობაში არსებული ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემის ხელშეწყობას, რამდენადაც ქვეყნის მასშტაბით დევნილთა განსახლების ობიექტებზე მცხოვრებ დევნილებს სჭირდებათ მხარდაჭერა, რათა შეძლონ საერთო სარგებლობის ფართების განკარგვა მათი შეხედულებისამებრ.

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ობიექტზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ობიექტებში, წითელი ხაზების კორექტირების მიზნით, განხორციელდება საკადასტრო და შიდა აზომვითი სამუშაოები და უზრუნველყოფილი იქნება დევნილთა კონსულტირება ფართების შემდგომი რეგისტრაციის მიზნით.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილები.

ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავჯდომარის განცხადება და თავმჯდომარეობის დამადასტურებელი მოწმობა.

 

7. „იძულებით გადაადგილებულ პირთა იურიდიული მხარდაჭერა“

პროგრამა უზრუნველყოფს აფხაზეთიდან დევნილი ბენეფიციარებისთვის „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მოთხოვნის უფლების რეალიზების ხელშეწყობას სხვადასხვა მეთოდით. იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის გადაცემა დაკავშირებულია სხვადასხვა რეგულაციებთან, რომლებიც მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და შესაბამის სამართლებრივ დახმარებას. აღნიშნული მიმართულებით დევნილთა წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებულ პირთა მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებებით:

  • დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, ზეპირი ან/და წერილობითი კონსულტაციები;
  • სრულყოფილი დოკუმენტაციის თავმოყრისთვის შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში გადამისამართება;
  • საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ პირებს შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ სატელეფონო კონსულტაციითაც;
  • დაინტერესებული პირები ისარგებლებენ კონსულტაციით სარჩელების, ადმინისტრაციული საჩივრების და განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენი განცხადებების მომზადების მიმართულებით.

პროგრამის ფარგლებში, სტატუსიდან გამომდინარე, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ბენეფიციარებს გაეწევათ კონსულტაციები და მიეწოდებათ სამართლებრივად და პროცედურულად გამართული ინფორმაცია.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა ის ჯგუფი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნა საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად.

ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება, მოთხოვნა

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

გ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობა (ასლი).

 

8. „დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხარდაჭერა“

პროგრამა მოიცავს აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხარდაჭერას, მათი ჩართულობის ხელშეწყობას, მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებულ სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის, პროფესიული განათლებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობას. ასევე, პროექტების/საპროექტო წინადადებების დაფინანსებას/თანადაფინანსებას და საზაფხულო ბანაკების მოწყობას, დევნილთა საჭიროებებიდან გამომდინარე საინფორმაციო კამპანიების წარმოებას მათთვის საჭირო იმ შეღავათებსა და სიკეთეებზე, რომელთაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. ამასთან, პროგრამის მიზანია კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებით დაინტერესებულ დევნილ პირთა იდენტიფიცირება, მათი ჩართვა სააგენტოს აქტივობებში და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზება.

პროგრამის მეშვეობით სააგენტო მხარს უჭერს დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს საზოგადოებრივი, სათემო ორგანიზაციების ჩამოყალიბების პროცესში, ამასთან, ისეთი ღონისძიებების განხორციელების გზით, როგორებიცაა: აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, დასაქმების ხელშეწყობა, პროფესიული გადამზადება და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული სხვადასხვა ტიპის აქტივობების ორგანიზება.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა;
  • ქართულ-აფხაზური საზოგადოება;
  • აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება;
  • აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტები;
  • აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები.

ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება/წერილი

ბ) პროექტი;

გ) პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი.

 

9. „დევნილთა მომსახურების ცენტრები“

პროგრამით გათვალისწინებულია აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების განვითარებაზე და საჭიროებებზე ორიენტირებული აქტივობების ორგანიზება დევნილთა მომსახურების ცენტრების ბაზაზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სხვადასხვა სახის შემეცნებითი აქტივობები, ბენეფიციართა ცნობიერების ამაღლების, პროფესიული გადამზადების, დაახლოების და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება ადგილობრივი ან/და საერთაშორისო დონის ღონისძიებები დევნილი პირების მონაწილეობით, რომლის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ საშუალება გაიღრმაონ ცოდნა, წარმოაჩინონ საკუთარი უნარ-ჩვევები, შეიძინონ მათთვის მნიშვნელოვანი ახალი კონტაქტები, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სხვადასხვა მნიშვნელობის საკითხებში დევნილთა ჩართულობის ზრდას.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული - დევნილი პირები;
  • აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები;
  • ქართულ-აფხაზური საზოგადოება;
  • ღვაწლმოსილი დევნილი პირები;
  • აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული საზოგადოება;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • სამშვიდობო პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით მომუშავე პირები.

ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება/წერილი

ბ) პროექტი;

გ) პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი.

 

10. „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მეწარმეთა სოციალური გაძლიერება“

საქართველოს მასშტაბით სამეწარმეო საქმიანობის მრავალი პირია დაკავებული, მათ შორის არიან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი პირებიც. ამასთან, სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მიმართულებით არსებობს მათი მაღალი ინტერესი, რაც საჭიროებს დროულ და ადეკვატურ მხარდაჭერას.

პროგრამა მოიაზრებს აფხაზეთის მოსახლეობის მეწარმეების და მეწარმეობით დაინტერესებული პირების მხარდაჭერას თბილისსა და რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის გზით; ამასთან, რეგიონებში მცხოვრები დევნილების სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერებას, მათი ბიზნეს უნარების განვითარებისა და სწორი სტრატეგიის დაგეგმვის გზით.

პროგრამის მიზნებია:

  • დევნილ მეწარმეთა გაძლიერება მათი შემოსავლების ზრდის და მდგრადი ეკონომიკური სარგებლის უზრუნველყოფის მიზნით;
  • ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და დევნილთა დასაქმების მაჩვენებლის ზრდა;
  • სამიზნე ჯგუფთა ტრენინგის გზით, მათი შესაძლებლობების გაძლიერება ბიზნესის მართვის, მარკეტინგის, მათ შორის, სოციალური მედია მარკეტინგის მიმართულებით;
  • ბენეფიციართა ტრენინგი მომხმარებელთათვის მიმზიდველი პროდუქტის შექმნის მიმართულებით;
  • რეგიონებში არსებული საწარმოების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და პოპულარიზაცია;
  • საქართველოში არსებული ეკონომიკური - სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების წესების შესახებ დევნილ პირთათვის ინფორმაციის მიწოდება;
  • ადგილობრივ ცენტრებში სტენდების, ფარდულების მოწყობა, რომლითაც შესაძლებელი იქნება გამოფენების, ექსპოზიციების ორგანიზება, ხელნაკეთი კულინარიული პროდუქტის დეგუსტაცია და ა.შ.;

ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება/წერილი

ბ) პროექტი;

გ) პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი.

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა ან/და ფოტოიდენტურობის დადასტურება და შესაბამისი დასკვნის/ცნობების გაცემა

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ხდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება/აღდგენის, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ, საქართველოში დაბრუნების სურვილის მქონე  თანამემამულეთა დოკუმენტაციის მოწესრიგებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების/აღდგენის ხელშეწყობა.

 

ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება/ანკეტა, რომელიც ადგილზე ივსება.