2014 წლის 4 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
დღის წესრიგის მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე გატანილი სამივე საკითხი დამტკიცდა.
განსახილველ საკითხებს შორის იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშუალოვადიანი გეგმის შესახებ (2015-2018 წწ), რომელიც აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ვასილ ხორავამ წარადგინა.
მეორე საკითხად განიხილეს ინფრომაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მიერ 2014 პირველ კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ. აღნიშნული ანგარიში აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დავით გვაძაბიამ წარადგინა.
მთავრობის სხდომაზე მესამე მნიშვნელოვანი საკითხის ანგარიში ინფრომაცია სოხუმის აეროპორტისა და ავიარაზმის 85-ე წლისთავთან დაკავშირებით ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ აფხაზეთის მთავრობის აპარატის პროტოკოლის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო კვარაცხელიამ წარადგინა.
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მინისტრებისგან მოისმინა უწყების სტრუქტურების მიერ რეგიონებში გამართული ღონისძიებების შედეგები და მათ ერთმანეთთან მეტი თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
გარდა ამისა, ყოლბაიამ შესაბამის სტრუქტურებს დაავალა ქვემო ქართლსა და კახეთში ჩასახლებული დევნილების უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევებისათვის ბიუჯეტში თანხების გათვალისწინება და აქციის იმ სახით ორგანიზება, როგორც ეს უკვე ჩატარდა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. ასევე, ყოლბაიამ მინისტრებს მოუწოდა გამონახონ კვირაში თუნდაც ერთი დღე და შეხვდნენ დევნილებს, მოისმინონ მათთან არსებული პრობლემები და შემდეგ მათი ეფექტიანი გადაწყვეტა უზრუნველყონ.
სხდომაზე აგრეთვე განიხილეს მთავრობის სამომავლო გეგმები.