2014 წლის 25 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

2014 წლის 25 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

დღის წესრიგით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე გატანილი იყო ერთი საკითხი, რომელიც დამტკიცდა.

მთავრობის სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე". აღნიშნული კანონპროექტის მთავარი მიზანი 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში სსიპ - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის აუცილებელ მიმდინარე ხარჯებში ცვლილებების შეტანაა.

სხდომაზე აგრეთვე დადებითად გადაწყდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არსებული მინისტრის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის გაუქმების საკითხი.

„მინისტრის მოადგილეების რაოდენობა თანდათან უნდა შევამციროთ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ვინმეს დისკრიმინაციის ან ღირსების შელახვის ხარჯზე, არამედ ამ ცვლილებებს უწინარესად უნდა შევხედოთ პრაგმატული და ეკონომიკური ეფექტიანობის კუთხით. ვფიქრობ, რომ დროა ჩვენი სამთავრობო სტრუქტურები განთავისუფლდეს ზედმეტი, არაფრის მომცემი, უყაირათო შტატების ფინანსური სიმძიმისგან. არ არის იოლი მძიმე მემკვიდრეობისგან თავის დახსნა, მაგრამ, ვფიქრობ, ეტაპობრივად ეს შესაძლებელია", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ვახტანგ ყოლბაიამ ასევე განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში იგეგმება აღმოსავლეთ საქართველოში არსებული დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების მონახულება და დევნილთათვის დახმარების გაწევა.

სხდომაზე აგრეთვე განიხილეს მთავრობის სამომავლო გეგმები.