2014 წლის 22 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
დღის წესრიგით, აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე გატანილი იყო სამი საკითხი.
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროექტი: „ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის შესახებ";
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროექტი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე";
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ".
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ანგარიშით, 2014 წლის 6 თვის შემოსავლებმა რესპუბლიკურ ბიუჯეტში 8125 ლარი შეადგინა, რაც გეგმის 125,94%-ია. რესპუბლიკური ბიუჯეტის 6 თვის საერთო შესრულებამ კი გეგმის 90,95% შეადგინა. სხდომაზე აგრეთვე განიხილეს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსირებადი რამდენიმე პროექტი და მათი სამომავლო განვითარების პერსპექტივები.
საკმაოდ დიდი მსჯელობა მოჰყვა კანონპროექტს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ". მთავრობის წევრთა განსჯითა და გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კანონპროექტში ბევრი ცვლილება და დამატება შევიდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ, რომელთა საქმიანობაშიც გარკვეული ცვლილებები იგეგმება. ასევე განათლებისა და კულტურის სამინისტროში შეიქმნა „აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური".
ხანგრძლივი მსჯელობის, განხილვისა და შეტანილი ცვლილებების შემდეგ, მთავრობამ სამივე საკითხი დაამტკიცა.
კულტურის სამინისტროს ახალი დებულება ვრცლად განმარტა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.
„არაერთხელ მითქვამს და კიდევ მინდა გავიმეორო, როცა ამ თანამდებობაზე დავინიშნე, მაშინვე განვაცხადე, რომ რომ ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება იქნება განათლება, კულტურა, სპორტი. მეამაყება, რომ აფხაზეთში შეძენილი და დამკვიდრებული საუკეთესო ტრადიციები გრძელდება. გაჭირვებაში გამოზრდილი ახაგაზრდობა ფრთებს შლის და თავის ჰორიზონტს იფართოებს. ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს კულტურის ყველა დარგში, სპორტის მრავალ სახეობაში, საგანმანათლებლო სფეროში. საგანგებოდ მინდა აღვნიშნო გამორჩეული ახალგაზრდა მათემატიკოსის ბრწყინვალე გამარჯვება. სულ ახალახანს საქართველოს მათემატიკოსთა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდამ ზაურ მეშველიანმა კეიპტაუნში 55-ე მსოფლიო მათემატიკურ ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩვენი ყმაწვილები კარგა ხანია სპორტულ საერთაშორისო ასპარეზობებში მონაწილეობენ და დიდ წარმატებებსაც აღწევენ. ჩვენმა ახალგაზრდა მხატვრებმა ახალახან გამართულ სამხატვრო გამოფენებზე ხომ საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. აღარაფერს ვამბობ ფოლკლორული ხელოვნების, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების, სამუსიკო ხელოვნების, ჩვენის თეატრების და კაპელის და სხვათა წარმატებებზე. მაგრამ მხოლოდ შექებით ვერაფერს გავხდებით. მათ სჭირდებათ ჩვენგან კონკრეტული დახმარება. საჭიროა მათი საქმიანობის პოპულარიზაცია ჩვენში და უცხოეთში, მხატვრებისთვის გამოფენების, ანსამბლებისთვის კონცერტების მოწყობა, სპორტსმენებისთვის საერთაშორისო ასპარეზობებში ჩართვა. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი. ამას კი დიდი ძალისხმევა სჭირდება. მხარდაჭერა ფინანსური, მორალური და თუ გნებავთ, ფიზიკურიც. საჭიროა მხარში ამოდგომა, გამხნევება, თანადგომა, პირობების შექმნა.
რა თქმა უნდა, ეს განწყობა ბუნებრივად იწვევს განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრუქტურების დახვეწის აუცილებლობას, ახალი მიმართულებების ჩამოყალიბებას. ეს უწინარესად ეხება აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩვენი სკოლებისადმი დამოკიდებულების სრულყოფას, მეტი სიცხადის შეტანას ამ საკითხში.
ასეთი განახლების პირობებში, როდესაც ძალიან მნიუშვნელოვან რეფორმებს ვახორციელებთ, რა თქმა უნდა, მთავარია ნაბან წყალს ბავშვი არ გადავაყოლოთ. მხედველობაში მაქვს კადრების შერჩევა და საუკეთესო კადრების მოზიდვა. ჩვენ კარგი მასწავლებლები გვყავს, დიდ გამოცდილების მქონე პედაგოგები ენგურს გაღმაც და გამოღმაც. ყველგან, სადაც ჩვენი იურისდიქცია ვრცელდება. ამიტომ აქ ძალიან სერიოზული, ფაქიზი მუშაობის ჩატარება მოგვიწევს. დღევანდელმა მთავრობის სხდომამ ძალიან ბევრი შეკითხვები დაბადა. შეკითხვები ძირითადად საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან მიმართებაში იბადება, განათლების, კულტურის სფეროში მომუშავე ამ სუბიექტებისადმი. სხვადასხვა წინადადებები გამოითქვა, ზოგი სამომავლოდ გადავდეთ, ზოგიერთი საკითხი დღესვე გადავწყვიტეთ. მაგრამ ცხადია, რომ ყველა შემთხვევაში განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დღევანდელი განხილვა საბოლოო ვარიანტად ვერ ჩაითვლება. მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე დღეში, დებულებისთვის საბოლოო სახის მისაცემად, განათლებისა და კულტურის სამინისტრო შესაბამის დეპარტამენტთან ერთად უფრო დახვეწილ, სრულყოფილ დებულებას წარმოადგენს. ამ პერიოდისთვის ვფიქრობ, განათლების სამინისტროში ჩატარდება სტრუქტურული რეორგანიზაციაც, რომელსაც ბუნებრივია მოყვება საატესტაციო კითხვარების მომზადება, ახალი თანამშრომლების აყვანა, მათთვის ატესტაციის ჩატარება და მრავალი სხვა რამ.
დღევანდელი დებულებით, რეალურად არსებულ სიტუაციასა და მის სამართლებრივ მდგომარეობასთან სსიპ-ებთან მიმართებაში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ბევრი შეუსაბამობაა. რა თქმა უნდა, ეს წლების განმავლობაში არასწორი მიდგომის შედეგია. ბევრი სტრუქტურა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა აფინანსებს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან მთავარი არ ახლავს, შესაბამისი სამრთლებრივი დასაბუთება. ამიტომ, იუსტიციის დეპარტამენტი, განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ჩვენი აპარატი გააგრძელებენ მუშაობას, რომ საბოლოოდ მოხდეს კულტურის სამინისტროს სტრუქტურების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.