2014 წლის 6 აგვისტოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის მინისტრები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
მთავრობის სხდომაზე განსახილველად გატანილი იყო რამდენიმე საკითხი.
1. დამტკიცდა ცვლილებები მთავრობის რეგლამენტში;
2. ასევე დამტკიცდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულება. დადგენილების პროექტი მომზადდა „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოსა და აფხაზეთის კანონების შესაბამისად და მისი მიზანია დეპარტამენტის სისტემის, სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციებისა და ამოცანების ახლებურად ჩამოყალიბება. აღნიშნული დებულებით სამართლებრივად მოწესრიგდა საქმიანობის ის სფერო, რომელსაც დეპარტამენტი ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში ასრულებდა.
პროექტის მიხედვით, იუსტიციის დეპარტამენტი დებულებით გათვალისწინებულ ამოცანებსა და უფლებამოსილებებს დეპარტამენტის აპარატის საშუალებით განახორციელებს.
პროექტის თანახმად, მართვის ეფექტიანობის ასამაღლებლად დაკონკრეტდა და ახლებურად განისაზღვრა დეპარტამენტის თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის უფლებამოსილებები.
მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მოისმინა ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჩატარებული ფინანსური ანგარიშგების შესახებ.
როგორც სამინისტროს მომხსენებელმა აღნიშნა, აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რიგი შენიშვნები, სამინისტროს მიერ დღევანდელი მდგომარეობით გათვალისწინებული და გამოსწორებულია. ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ წარმოადგინა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საკუთარ უწყებაში არსებული ხარვეზების არსებობას დაეთანხმა, რომლის აღმოსაფხვრელად სამინისტრომ ქმედითი ზომები გაატარა. ამასთან, მინისტრი კატეგორიულად არ დაეთანხმა აუდიტის მიერ წარმოდგენილ ზოგიერთ დასკვნას, რომელთა გარშემოც განხილვა გაიმართა. საკითხის განხილვაში მონაწილეობდა მთავრობის სხდომაზე სპეციალურად მოწვეული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი დავით გვაძაბია, როგორც აფხაზეთის მთავრობის აუდიტის სამსახურის კურატორი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მხრიდან. მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთის ჯანდაცვის მინსტრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადაეგზავნოს როგორც აფხაზეთის მონიტორინგის სამსახურს, ისე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
მთავრობის სხდომაზე ასევე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა მინსიტრის ვასილ ხორავას ინფორმაცია. საკითხი ეხებოდა მისსავე უწყებაში შიდა აუდიტის სამსაურის მიერ შპს „ავტოტრანსსერვისში" გამოვლენილ ნაკლოვანებებს. დაშვებული ხარვეზების გამო, სამინისტრომ სამსახურიდან გაათავისუფლა შპს „ავტოტრანსსერვისის" დირექტორი, მისი მოადგილე და ბუღალტერი.
ასევე მოისმინეს ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამინისტროს მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა სამინისტროებსა და დაწესებულებებში ჩატარებული ფინანსური აუდიტის შესახებ. აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელთა განცხადებით, ხარვეზები გამოსწორებულია და მოყვანილია არსებულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. სამინისტროებმა მთავრობის ხელმძღვანელისგან მიიღეს დავალება, რომ მეტი ყურადღებით მოეკიდონ საბუღალტრო აღრიცხვის თემას და გამოვლენილი ფაქტები საკუთარ კოლექტივებში გააანალიზონ და მსჯელობის საგნად აქციონ.
სხდომაზე მთავრობამ ასევე მოისმინა ინფორმაცია თბილისში, სასტუმრო „ბახტრიონში" მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების შესახებ. როგორც აღინიშნა, აფხაზეთის მთავრობის წევრები თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ხელმძღვანელობით, რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ სასტუმროში მცხოვრებ დევნილებთან უკვე იმყოფებოდნენ, გაეცნენ იქ არსებულ პრობლემებს, რომელთა მოგვარების უზრუნველსაყოფად, როგორც მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უფრო დეტალურად შეისწავლის იქ არსებულ პრობლემებს და შესაბამის ინფორმაციასა და მათი გადაჭრის გზებს მთავრობას მიაწვდის. როგორც აღინიშნა, მათგან ზოგიერთი საკითხი დაისმევა თბილისი მერიის, ზოგიც ცენტრალური სამინისტროებისა და მთავრობის წინაშე.