დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია 2016-2017 სასწავლო წლებში დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მინიჭების შედეგების შესახებ. აგრეთვე მოისმინეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრ „ბიზნესინკუბატორის" მიერ აფხაზეთის მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებების შესრულების შესახებ ინფორმაცია. განიხილეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები და შენიშვნები.
მთავრობის სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი ესწრებოდა.
საქართველოს სახალხო არტისტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ დიმიტრი ჯაიანს, ქართულ-აფხაზური ისტორიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელი გადაეცა.