2017 წლის 6 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომის დღის წესრიგის განხილვამდე ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს ოთხი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, დავით დოლიძეს, თამარ ბარამიას, თამარ ჩითინაშვილსა და თეონა მჭედლიშვილს დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები გადასცა. აღნიშნული სტიპენდიები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის დააწესა. სტუდენტებს ასევე, მაღალი აკადემიური მოსწრება, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა და საზოგადოებრივი აქტიურობა მოეთხოვებათ.

სხდომაზე მოისმინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სისტემაში შემავალ რიგ სსიპ-ში ჩატარებული საბიუჯეტო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყენებისა და ხარჯვის შესაბამისობის აუდიტთან დაკავშირებული ინფორმაცია მაკონტროლებელ ორგანოებთან ერთად. განხილულ იქნა აუდიტის ანგარიშში მითითებული დარღვევა-ნაკლოვანებები. სსიპ-ებისა და მათივე მაკონტროლებელი ორგანოების ხელმძღვანელებს მიეცათ დავალება უზრუნველყონ აუდიტის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების განუხრელი შესრულება.

სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაცია შესაბამის სსიპ-ების ხელმძღვანელებზე დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ.