აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ მთავრობის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებს განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ გასულ წელს 3 პროგრამა და მასში შემავალი 12 ქვეპროგრამა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამის  ფარგლებში 2018 წელს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით 184 წარმატებული ახალგაზრდა დაფინანსდა სულ 90 000 ლარით.

აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ახალგაზრდების წასახალისებლად ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის დაწესებული დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობითი სტიპენდიები ორ სტუდენტს, ხოლო საბუნებისმეტყველო მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებისთვის დაწესებული აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობითი სტიპენდია ერთ სტუდენტს გადაეცათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებში გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობა რისთვისაც ბიუჯეტიდან 94 445 ლარი იყო გამოყოფილი.

აფხაზური ენის შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სხვადასხვა ღონისძიება განახორციელა: შეიქმნა აფხაზური ენის ელექტრონული თვითმასწავლებელი, განხორციელდა აფხაზური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტების სწავლების თანადაფინანსება, აფხაზური ენის დაცვისა და პოპულარიზაციის საკითხებთან დაკავშირებით მოეწყო შეხვედრები და დისკუსიები, აფხაზური ენის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით შეიქმნა აფხაზური ენის სწავლების ტრენინგ-მოდული.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გალის რაიონის ტერიტორიაზე განთავსებული სკოლების ფუნქციონირებას და მოსწავლე-ახალგაზრდობის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარების გზებს.

განხილულ იქნა მექანიზმები, რომელიც მოწოდებულია ოკუპირებული გალის რაიონის მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის ხელშესაწყობად, მათ შორის, აღინიშნა დისტანციური სწავლების მეთოდი და ბილინგვური სწავლება.

მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს მეცნიერების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს აფხაზეთის საკითხზე მომუშავე მეცნიერების შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას, სრულფასოვანი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, ნაშრომების გამოცემას, საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ლაბორატორიებში გამოცდილების მიღებას.

ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებითა და ზედამხედველობით რიგი კულტურული ღონისძიებები განხორციელდა: მოეწყო შემოქმედებითი საღამოები, გაიმართა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლისა და გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტები, მოეწყო სპექტაკლები, ჩატარდა ფორუმები, ფესტივალები და კონკურსები.

კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ რამდენიმე მნიშვნელოვანი საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტი განხორციელდა, მათ შორის: შეიქმნა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ელექტრონული ონლაინ მუზეუმი, აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ნაგებობების რუკა, განხორციელდა საზღვარგარეთ აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის პროგრამა, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის მოეწყო საგანმანათლებლო-საველე ბანაკი და სხვა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ დევნილ მოსახლეობაში სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით 2018 წელს თბილისსა და რეგიონებში მრავალი სპორტული ტურნირი და აქტივობა განხორციელდა. მოეწყო დამსახურებულ ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა საზეიმო დაჯილდოება.

სხდომის ბოლოს ვახტანგ ყოლბაიამ შეაჯამა შედეგები და ისაუბრა განათლებისა და კულტურის სფეროების შემდგომი განვითარების აუცილებლობასა და ხედვებზე.