აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მთავრობის წევრებს უწყების მიერ 2021 წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. სხდომაზე აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით განხორციელებული პროგრამების შესახებ ისაუბრეს.

2021 წლის საანგარიშო პერიოდში სამინისტროს 4 მიზნობრივი პროგრამის (ამბულატორიული დახმარების, სოციალური მხარდაჭერის, ჰოსპიტალური დახმარებისა და სამედიცინო პერსონალის გადამზადების) და მასში შემავალი 13 ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარდა კომპიუტერული ტომოგრაფიული, ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული, ინსტრუმენტული, ლაბორატორიული და ენდოსკოპიური გამოკვლევები, აბილიტაცია და სამკურნალო რეაბილიტაცია, ოფთალმოლოგიური პროფილის პათოლოგიათა ამბულატორიული ოპერაციული მკურნალობა, მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება და გეგმური კორონალური ანგიოგრაფია. საერთო ჯამში აუცილებელი სამედიცინო სერვისის მიღება 2 534 ბენეფიციარმა შეძლო.

სამინისტროში წელს პირველად ამოქმედდა საჯარო სკოლების მოსწავლეთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის საპილოტე პროგრამა, რომლის სამიზნე ჯგუფს გამყოფი ხაზის სოფლების და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები წარმოადგენენ.

საქმიანობის ეფექტიანობის განსაზღვრის მიზნით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, მიმდინარე წლის მარტში დაფუძნდა აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტო. სააგენტო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები, მოქალაქეობის არმქონე პირთა საკონსულტაციო-სადიაგნოსტიკო მომსახურების ანაზღაურების, მედიკამენტების მხარდაჭერის და სარიტუალო მომსახურების ანაზღაურების პროგრამებს ახორციელებს.

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამები უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური ჯანდაცვითი პროგრამების მიღმა დარჩენილი მომსახურებების სრულ დაფინასებას და ჰოსპიტალური მომსახურების მიმართულებით თანადაფინანსებას. პროგრამული ბიუჯეტის მიხედვით ამბულატორიული და ჰოსპიტალური დახმარების პროგრამები ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ ყველა მოქალაქეზე ვრცელდება, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა.

სხდომის ბოლოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ შედეგები შეაჯამა და მთავრობის წევრებთან ერთად უწყების სამომავლო ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრა. გასვლით სხდომას აფხაზეთის მთავრობის აპარატის და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.