აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

სხდომაზე მთავრობის წევრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა, ასევე განათლებისა და კულტურის სამინისტროების 6 თვის ანგარიში მოისმინეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ სამინისტროსა და სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, ისაუბრა პრიორიტეტული მიმართულებებით განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებზე, პროექტებზე, მათ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

დავით ფაცაციამ დეტალურად განიხილა დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხარდაჭერის, დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის, ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის, დევნილთა მომსახურების ცენტრების, დევნილთა სამართლებრივი მხარდაჭერის პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიმდინარეობა.

დავით ფაცაციამ ასევე ყურადღება გაამახვილა იძულებით გადაადგილებულ პირებთან და დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან შეხვედრებზე მიღებულ ინფორმაციებსა და მათ საფუძველზე დაგეგმილ ღონისძიებებზე, შემეცნებითი და დევნილთა ინტეგრაციის ხელშემწყობი პროექტების აუცილებლობაზე.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძემ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპებისა და ა(ა)იპ-ის მიერ შესრულებული სამუშაოს ექვსი თვის ანგარიში წარადგინა.

ნინო ლობჟანიძემ  დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ინფორმაცია ისეთ პრიორიტეტულ პროგრამებზე, როგორებიცაა  სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პერსონალის ფინანსური დახმარება, განათლების ხელშეწყობა, სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა, ონლაინ საკვირაო სკოლა და აფხაზური ენის პედაგოგთა მხარდაჭერა.

მინისტრის მოადგილემ, ასევე, ისაუბრა სამინისტროს დაქვემდებარებული შემოქმედებითი კოლექტივების მიერ განხორციელებულ იმ კულტურულ საღამოებსა და ღონისძიებებზე, რომლებიც საანგარიშო პერიოდში მოეწყო.

ნინო ლობჟანიძემ ხაზგასმით აღნიშნა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტების - „კულტურული ინიციატივები“, „ევროპული არდადეგები“, „აფხაზეთის სახელით მოასპარეზე კლუბების, გუნდების ხელშეწყობა“ და სხვა პროგრამების მნიშვნელობა და საჭიროება.

გასვლით სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის და სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.