2024-09-23 |
მთავრობის აპარატი
2024 წლის 23 სექტემბრის აფხაზეთის მთავრობის სხდომა
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განახლებული შემადგენლობით მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა პირველი სხდომა გამართა.
სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
"დღეს პირველი მთავრობის სხდომაა და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ჩემდამი გამოცხადებული ნდობისათვის. ჩემთვის დიდი პატივია დავიკავო ის პოზიცია, რომელი პოზიციაც ერთ დროს ეკავა ბატონ ჟიული შარტავას, ბატონ თამაზ ნადარეიშვილს. მათი ოცნება აუხდენელი, რომ ენახათ გაერთიანებული საქართველო, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ახდება და ჩვენ ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად ვიზეიმებთ ამ დიდ გაერთიანებას და ერთად შევაღებთ ევროკავშირის კარებს ჩვენი ღირსებით, ადათ-წესებით და ტრადიციებით გავხდებით ღირსეული წევრი ევროკავშირის. ვეცდები, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანო ამ პროცესში“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
მისივე თქმით, აფხაზეთის მთავრობის უპირველეს პრიორიტეტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის ძალისხმევის გაძლიერება წარმოადგენს.
შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძეს წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე მადლობა გადაუხადა მთავრობის ყოფილ მინისტრებს - ნანა გაბელიას, ლევან ჩაკვეტაძეს, გიორგი გაბედავას და ოთარ გარმელიას, რომელიც წლების განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის პოზიციას იკავებდა.
დღესვე, მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ახალი უფროსი ნოდარ ჯალაღონია წარუდგინა.
ლევან მგალობლიშვილმა სხდომის ფორმატში მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
მთავრობის წევრებმა სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამთავრობო პროგრამის განსახორციელებლად გასატარებელი ღონისძიებები. თავმჯდომარემ ბრძანება გასცა, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს აფხაზეთის მთავრობის, სამინისტროებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კიდევ უფრო მეტად კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა დევნილი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით.