pirweli.com.ge
ვახტანგ ყოლბაია დარწმუნებულია, რომ სოხუმის მოსახლეობა ევროკავშირთან დაახლოების წინააღმდეგი არ არის – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ "მეორე არხის" ეთერში თოქ-შოუ "არგუმენტების დროში" განაცხადა.
"დარწუნებული ვარ, სოხუმში მოსახლეობა ევროკავშირთან დაახლოების წინააღმდეგი არ არის. მათ გაცნობიერებული აქვთ ამ დაახლოების სიკეთე, მაგრამ რუსეთის ფაქტორი მათთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ეს რეალობაა, რომელსაც ვერ გაურბიან. თუ პროცესმა წინ წაიწია, ამას უკვე სერიოზული შედეგი შეიძლება მოჰყვეს. მართალია, ბუნებით ოპტიმისტი ვარ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს რუსეთი რაღაცის მოლოდინშია. შეუძლებელია იმის არდანახვაც, რომ დასავლეთის მოქმედება რუსეთის პოზიციის შერბილებისკენაა მიმართული, ეს კი პირდაპირ კავშირშია საქართველოს მიერ ევროკავშირთან პარაფირების და მომავალში ასოცირების დოკუმენტის გაფორმების პროცესთან. აქვე ისიც მინდა, აღვნიშნო, რომ ბატონი ნორლანდისა და გერმანიის მხარის მიერ კონფლიქტებთან დაკავშირებით სულ ახლახანს გაკეთებული განცხადებები სწორედ ამ საკითხებს უკავშირდება. ვფიქრობ, რომ დასავლეთი მაქსიმალურად შეეცდება, შეუნარჩუნოს საქართველოს დღევანდელი პოზიციები," - განაცხადა ყოლბაიამ.
ნათია რთველიაშვილი