2013-11-18
გალი - სამშვიდობო პროცესის პოლიგონი

NEWS.GE

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიიჩნევს, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დასარეგულირებლად, გალი ახალი სამშვიდობო ინიციატივების რეალიზაციის საცდელი პოლიგონი  უნდა გახდეს.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ გალი, ზუგდიდი და რუხი უნდა გახდნენ სამშვიდობო პროცესის ცენტრი. ამის შესაძლებლობები გალში, სამურზაყანოში და რუხში არის. ამ შესაძლებლობით სარგებლობდნენ ჩვენი წინაპრები, უფროსი თაობის წერმომადგენლები ძველ საუკუნეებში. ამიტომ წინდაუხედაობა და შეცდომა იქნება, რომ არ გამოვიყენოთ არ მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა, არამედ ის ისტორიული ტრადიცია, რომელიც იყო სამურზაყანოში და საბედიანოში. ეს პოტენციალი არ არის გამოყენებული იმიტომ, რომ მისი შესაძლებლობლები არ არის ბოლომდე შესწავლილი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საინტერესო წინადადებები, რომლებსაც მთავრობის წევრები სულ მალე გაეცნობიან", - განაცხადა ყოლბაიამ.

მისი თქმით, აფხაზეთში ლტოლვილების დაბრუნება რთული პროცესი იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, იქ რუსული ჯარი რომ არ იდგეს.

"რუსული ჯარიც რომ არ იყოს აფხაზეთში, ტექნიკური საკითხები, რომელიც თან ახლავს ლტოლვილების დაბრუნების პროცესს, იმდენად რთულია, რომ ამისთვის დაგვჭირდება საკმაოდ დიდი დრო. ამიტომ არ უნდა ვიჩქაროთ. დავიწყოთ დიალოგი უშუალოდ აფხაზურ მხარესთან. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სანამ არ მოხდება რუსეთსა და საქართველოს შორის უმაღლეს დონეზე, პირველი პირების შეხვედრა, სერიოზულ გარღვევას პროცესში არ უნდა ველოდეთ.

ეს, რა თქმა უნდა, ხვალ და ზეგ, სპონტანურად ვერ მოხდება. მას უნდა მომზადება, სალაპარაკო თემების აპრობაცია. პირდაპირ მიხვიდე და ხისტად დაიწყო იმაზე საუბარი, რაც აპრიორი უფსკრულში გადაგჩეხავს, ეს არარეალურია. რამოდენიმე თვეა, მუშაობს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობაში, არის ჟენევის ფორმატი. მოლაპარაკება ყოველთვის უკეთესია, ვიდრე დაულაპარაკებლობა", - აღნიშნავს ყოლბაია.