წლის ბოლოს ყველა ცდილობს შეაჯამოს განვლილი წელი. ალბათ აქ შეფასების ის კრიტერიუმებიცაა გასათვალისწინებელი, რომელზეც არცთუ იშვიათად საუბრობენ ფსიქო-ანალიტიკოსები: „დაიწყეთ ნაკლოვანებების აღნუსხვით, ნუ გააზვიადებთ წარმატებულ საქმიანობას, არ გაიმეოროთ საკუთარი და სხვისი შეცდომები. ნუ გაღიზიანდებით, როცა ხალხისთვის თქვენი გაკეთებული საქმეები არ არის საკმარისი. მთავარი მაინც ხალხის ნდობის მოპოვებაა. თუ თქვენ ამ საგანძურს ფლობთ, ჩათვალეთ რომ გაგიმართლათ. იმიტომ რომ ხალხის ნდობის მაღალი ხარისხი საქმეების წარმატებული კეთების გარანტიაცაა“.
„Abkhazia News“-მა 31 დეკემბერს ინტერვიუ ჩამოართვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ვახტანგ ყოლბაიას. როგორ აფასებს იგი განვლილ 2013 წელს და რას ფიქრობს აფხაზეთის მთავრობის სამომავლო გეგმების შესახებ, ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ბატონო ვახტანგ, როგორი იყო თქვენი უწყებისთვის 2013 წელი? როგორია 2014 წლის ბიუჯეტი, რით განსხვავდება ის წინამორბედისაგან. მიმდინარეობს რეორგანიზაცია, ოპტიმიზაცია, გამოცხადებულია კონკურსი ვაკანსიებზე. როგორია მისი ჩატარების მეთოდიკა. ეს არის სამინისტროს რეფორმის 1 ეტაპი? როგორ ფიქრობთ, როგორი უწყება უნდა მივიღოთ რეფორმების განხორციელების შემდეგ?
- დეკემბერი განვლილი წლის მუშაობის შეჯამების თვეა და მეც შევეცდები, თავი რომ არ შეგაწყინოთ, მხოლოდ უმთავრეს ასპექტებზე ვისუბრო. ვილაპარაკო ჩვენს შეცდომებზეც, მოგიყვეთ მთავრობის პრინციპულ პოზიციებზეც, რომელიც ჩვენი სამთავრობო სტრუქტურების საერთო რეორგანიზაციის, რეფორმირებისა და მოდერნიზაციის პროცესს უნდა შეეხოს.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე მოსვლისთანავე განვაცხადე, რომ ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტები იქნება ჯანდაცვა, განათლება და კულტურის დარგები. ამგვარ მიდგომას ნაწილობრივ დღევანდელი სიტუაცია და რეალობაც გვკარნახობს. ამიტომაც, 2014 წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვანაწილად სოციალური გავხადეთ, რამაც ახალი დებულების მისადაგების გარდა ახალი მიდგომებიც მოითხოვა. მაგალითად, წარჩინებული სტუდენტებისთვის 60% გავზარდეთ დახმარება. ჯანმრთელობის დარგში, სადაზღვევო სისტემას, რომელიც ავადმყოფს სრულყოფილ მკურნალობას ვერ უნაზღაურებს, თანხები დავუმატეთ. უფასო წამლებისთვის გამოყოფილი 4000 ლარი 50 ათასამდე გავზარდეთ. ჩვენ ვაფინანსებთ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, მოზარდთა თეატრს „თეთრი ტალღა“, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს, სპორტულ სექციებს, ქორეოგრაფიულ ჯგუფებს, სამხატვრო ცენტრებს, რომელიც გალშიც გვაქვს გახსნილი. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ გალში კულტურისა და განათლების დაწესებულებებს ვაფინანსებთ. გამოფენების სიხშირის გაზრდის მიზნით, აფხაზი მხატვრები, რომლებიც შესანიშნავ ტილოებს ქმნიან, მიმდინარე წელს 40 ათასი ლარით წავახალისეთ. ეს არ არის დიდი თანხა, მაგრამ ჩვენი ბიუჯეტის კვალობაზე ეს მიდგომა სიახლედ შეიძლება ჩავთვალოთ. არ დაგვვიწყებია თანხების გამოყოფა წიგნების და ჟურნალების გამოცემისთვისაც. ბიუჯეტი უნაკლო არ არის, მაგრამ ძალიან განსხვავდება წინამორბედისაგან. უნდა ვთქვა ისიც, რომ აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ეს სიახლე დაინახა და გუშინ პრაქტიკულად ერთხმად დაამტკიცა 2014 წლის ბიუჯეტი. ის დაიდება ჩვენს ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის. საზოგადოება კი თავად გამოიტანს ვერდიქტს ჩვენი ბიუჯეტის გამჭვირვალობაზე.
აქედან გამომდინარე, სხვაგვარად ვხედავ პრობლემებს, სხვანაირად ვუყურებ რეორგანიზაციის საკითხებს და განსხვავებულად აღვიქვამ თანამშრომლების ადგილს ჩვენს საბიუჯეტო სისტემაში. აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგეს, რაც უახლოეს მომავალში ახალ სამუშაო ადგილებსაც უზრუნველყოფს და მრავალ ნოვაციას დანერგავს. მაგალითად, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა და ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავეს შვიდი პროექტი. შეიძლება ითქვას, დასაქმების ახალი ფორმა მოიფიქრეს. შეიქმნა შვიდი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც აამუშავებს მეცხოველეობის დარგს, შექმნის წანამძღვრებს მცირე ბიზნესისთვის. სამეგრელოში მოვიპოვეთ დაახლოებით ხუთასი ჰექტარი აუთვისებელი მიწა, სადაც საფუძველს ჩავუყრით მეცხოველობის დარგს, საკვები და ინერტული მასალების ბაზის ჩამოყალიბებას. ეს პროექტები გავაცანით მთავრობას და მხარდაჭერაც მივიღეთ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო უწყბათშორისმა კომისიამ, რომელიც სწავლობს საზღვრისპირა რეგიონების მდგომარეობას, მოიწონა წარდგენილი პროექტები, სწორედ მათთან მოხდა ამ პროექტების პრეზენტაცია. დონორების მოძიებაშიც დაგვეხმარებიან, რომლებიც ამ ნოვაციას დააფინანსებენ. მათი ამუშავების შემდეგ, ჩვენი გათვლებით ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც ვფიქრობ, ჩვენს ბიუჯეტსაც გააძლიერებს. გაგიმხელთ ერთ სიახლესაც. მიწვეული ვიყავი უკრაინაში, სადაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ფონდის ჩამოყალიბების თაობაზე. უკვე მომივიდა ამ ფონდის წესდება, შესაძლოა ის იანვრის პირველ ნახევარში ამოქმედდეს. ფონდის დამფუძნებელთა შორის იქნებიან უკრაინის რადის დეპუტატები, ბიზნესმენები, აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე შვეიცარიელი და ავსტრიელი ბიზნემენები. ამ ფონდის თანხები მთლიანად მოხმარდება კონკრეტული პროექტების დაფინანსებას. ჩემს დადგენილებას ამასთან დაკავშირებით მალე გამოვაქვეყნებ, სადაც უკვე დეტალებსაც გავასაჯაროვებთ. იმის თქმა მინდა, რომ ახალი მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის ვიღვწით, რომ ხალხი უფრო მეტად იყოს მოტივირებული. მაგალითად, აფხაზეთის ფინანსთა მინისტრმა შეძლო „პრივატბანკის“ ხელმძღავენლობასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება. დავდეთ მემორანდუმი, რის საფუძველზეც 25 კაცი უკვე დასაქმდა. პირობას გვაძლევენ, რომ 2014 წლისთვის 300-400 ადამიანს დაასაქმებენ. არის პრობლემა სათანადო კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ვისაც კვალიფიკაცია არ ჰყოფნის, მათ ტრეინინგებს ჩაუტარებენ და მოამზადებენ შესაბამისი თანამდებობებისთვის. სოხუმის უნივერსიტეტთანაც დავდეთ ხელშეკრულება, რის საფუძველზეც კურსდამთავრებულები და მეხუთე კურსის სტუდენტები ჩვენს სამინისტროებში სტაჟირებას გაივლიან, აქედან საუკეთესონი დასაქმდებიან. რეფორმების პირველი ეტაპი განვვლეთ. ახალი ეტაპი კიდევ უფრო რთული იქნება. მას ვერაფერი შეაჩერებს და გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივიღებთ ისეთ მთავრობას და სტრუქტურებს, რომელსაც ექნება სწორი და ორგანიზებული მენეჯმენტი, პროფესიული, შრომისუნარიანი, მზრუნველი და ყაიარათიანი მართვის სისტემა. მხოლოდ ასეთი მთავრობა შეიძლება გამოადგეს ჩვენს მრავალტანჯულ მოსახლეობას, რომელიც იმედის თვალით შემოგვცქერის.
- ყველანი ვხედავდით წლების მანძილზე როგორ ილახებოდა აფხაზეთის მთავრობისა და მისი სტრუქტურების იმიჯი (ავტორიტეტი) დევნილი მოსახლეობისა და ქართული საზოგადოების თვალში. რით იყო ეს განპირობებული? რატომ მოხდა ასე და არა სხვაგვარად? როგორ ფიქრობთ ამ მემკვიდრეობისგან გათავისუფლებას? შეძლებს აფხაზეთის მთავრობა წლების მანძილზე დაკარგული ნდობის აღდგენას?
- დავიწყებ იმით, რაც არაერთხელ თქმულა: „ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება კი აბსოლუტურად რყვნის“. წარსული 9 წლიანი მმართველობა ყველას ახსოვს როგორი იყო. მმართველობის ფორმა სისასტიკეზე იყო დამყარებული. ვერავინ მთავრობას პასუხს ვერაფერზე მოსთხოვდა. ასეთ დროს, როცა შავსა და თეთრს შორის გამყოფი ხაზი აღარ იკითხება, ვღებულობთ იმას, რაც მივიღეთ. ამ ფონზე კარგად ჩანდა დევნილთა და დანარჩენი საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი პოზიცია აფხაზეთის მთავრობის მუშაობის სტილისადმი: ბიუჯეტის უკონტროლოდ განკარგვა, კადრების უზომოდ და უსასრულოდ გაბერვა, მეგობარ-ნათესავების თბილ ადგილებზე მოკალათება, მოძველებული, არაადეკვატური და არაპოპულარული სტრუქტურული მართვის პირობების დამკვიდრება, გარდაქმნებისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ აფხაზეთის მთავრობის მოქმედება არ ემსახურებოდა დევნილი მოსახლეობის სოციალურ და ყოფით ინტერესებს, სრულიად სამართლიანი იყო.
განვლილი 9 წლიანი უმძიმესი მმართველობის პირობებში საქართველომ ბევრი რამ დაკარგა. უდიდესი დამცირებისა და ღირსების შელახვის გზაზე გვატარა, უამრავი დრამატული, ტრაგიზმით აღსავსე წლები შეგვძინა. ეს ძალიან მძიმე მაგალითებია, რომელთა ანალიზს, ბუნებრივია დღეს არ შევუდგები.
ვფიქრობ, ახალს არაფერს ვიტყვი იმით, რომ დროა მსოფლიოს თვალში, უნიკალური სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია და გეოგრაფიული მდებარეობა, ჩვენს ქვეყანას სასარგებლოდ და არა საზიანოდ შემოუტრიალდეს, რომელიც ყველას ერთად მიგვიყვანს მოწესრიგებული და დალაგებული ქვეყნის კარიბჭესთან.
ამ ფონზე ჩავიბარე მთავრობა და მისი სტრუქტურები. რა უნდა გვექნა? როგორ მოვქცეულიყავით? ყველაფერი ხელუხლებლად დაგვეტოვებინა და ბედს მივნდობოდით? ის, რაც დროსთან და რეალობასთან სრულიად შეუთავსებელი იყო მოგვეწონებინა? თუ უმაქნისი, მოძველებული სტრუქტურებისგან გავთავისუფლებულიყავით, დაზოგილი თანხებით შეგვექმნა მცირე ბიზნეს-ობიექტები, მოგვეზიდა ქართველი თუ უცხოელი ინვესტორები და მათთან ერთად ახალი იდეებისთვის აგვენთო „მწვანე შუქი“, საფუძველი ჩაგვეყარა სამომავლო ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი მოსახლეობისთვის?
იქნებ რამე გვეშლება კიდეც, და ნამდვილად გვეშლება. შეცდომებს ვუშვებთ, მაგრამ „ვინც უცოდველია, ქვა პირველად იმან გვესროლოს“.
არაკეთლმოსურნენი ხშირად გვიკიჟინებენ მეც და ჩვენს მინისტრებსაც თანამდებობასთან დაკავშირებით. იმათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ უფრო წუთიერი არაფერია ამქვეყნად, ვიდრე თანამდებობა. ეს გამოცდილიცაა და დადასტურებულიც. ეს მეც ვიცი და სხვამაც, ამიტომ, ამით მანიპულირებას არავის ვურჩევ.
რა დაგვხვდა ჩვენ, რამდენიმე მაგალითს მოვიყვან, როგორ უნდა დაგვეტოვებინა რეაგირების გარეშე ჩვენს სტრუქტურაში შემავალი მედია-ცენტრის საკითხი, რომლისთვისაც ყოველწლიურად 250 000 ლარი იყო გამოყოფილი. მიუხედავად ჩემი დაინტერესებისა, ვერავინ გამცა პასუხი, მათ შორის ვერც კონტროლის პალატამ, სად მიდიოდა ეს ფული 7-8 წლის განმავლობაში. თითქოს უნდა შექმნილიყო სიმღერები, ჩატარებულიყო ღონისძიებები, დაწერილიყო მოთხრობები, მაგრამ საბოლოოდ ეს პროდუქტი ვერავინ იხილა. აღარ დავაკონკრეტებ სამინისტროების უსაშველოდ გაზრდილ შტატებს და სტრუქტურებს, რომელთა შენახვაც არც მცირე და არც სოლიდურ ბიუჯეტიან მინისტრთა კაბინეტს არ შეუძლია. ეს არარენტაბელურია, წამგებიანი და უსისტემოა ყველა თვალსაზრისით. ჯანდაცვის სამინისტროში უზარმაზარი ჰუმანიტარული ტვირთი მოდიოდა დევნილებისთვის. ეს ტვირთი როგორ ნაწილდებოდა ისე, რომ დევნილები საქმის კურსში არ იყვნენ, ასევე არავინ იცის. ამასწინათ ჩვენმა ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს კომისიის მიერ გადმოცემული ჰუმანიტარული ტვირთი ყველა დაინტერესებული პირის თანდასწრებით გაანაწილა. ექიმების და მედპერსონალის სიხარულს და განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, იმდენად დიდი იყო ტვირთის რაოდენობა. მილიონობით ლარის ასეთი ტვირთები ათასობით იყო გამოგზავნილი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომელიც ენგურს გაღმაც და გამოღმაც საკმარისი იქნებოდა. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ახლა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განსაკუთრებით უხვად გვაძლევს ჰუმანიტარულ დახმარებას, რომლის დარიგება და კონტროლიც ჩვენივე მეშვეობით ხდება. ხალხის ნდობა დიდი სიმდიდრეა, რომელიც უნდა დავიმსახუროთ. არის კიდევ მრავალი საკითხი, რომელთა ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს. არ მინდა ძალიან დავამძიმოთ კარს მომდგარი ახალი წელი.
ვფიქრობ, მკაცრი კონტროლის დამყარებით, ყაირათიანი ხარჯვით, ნაბიჯ-ნაბიჯ გავთავისუფლდებით ნეგატიური მემკვიდრეობისგან, რომელიც წილად გვხვდა და რომლისგანაც განთავისუფლება არცთუ იოლია, მაგრამ მაინც შესაძლებელია.
- მიგაჩნიათ თუ არა, რომ აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურების რეორგანიზაცია და ოპტიმიზაციის პროცესი თანამშრომლებმა აღიქვეს, როგორც პირდაპირი მტრობა და მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია? უკმაყოფილო ადამიანების პროტესტის გამოხატვის ფორმები იყო მწვავე და, ერთგვარად, დაუნდობელიც კი. რატომ გახდა მათთვის მიუღებელი თანამშრომლების შერჩევა კონკურსის წესით, რომელიც მოცემული პირობებით კომპეტენციასა და პროფესიონალიზმს უნდა დაეყრდნოს. რამდენად შეძლებთ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას?
თქვენ სწორად ბრძანეთ, მთავრობის სტრუქტურების რეორგანიზაციის პროცესი ადამიანებმა მტრობად აღიქვეს, რასაც მოჰყვა ჩვენი და პირადად ჩემი მისამართით არაერთი ბრალდება. თანამშრომლები, რომელთაც შეეხოთ რეორგანიზაციისა და აფხაზეთის მთავრობის ზოგიერთი სტრუქტურის ლიკვიდაციის პროცესი, აპროტესტებენ ამ გადაწყვეტილებას და უსამართლობაში გვადანაშაულებენ. არ დააყოვნა გაუგონარი ცილისწამების ტალღამაც, რაც რთული მოსათმენია. მაგრამ გვაქვს თმენის ვალდებულება და ამას ვერ გადაუვალთ. მე მესმის განაწყენებული ადამიანების. მიმაჩნია, რომ მათ უნდა იბრძოლონ თავიანთი ადგილებისთვის, უნდა იცოდნენ, რომ სამსახური კერძო საკუთრება არ არის და მამა-პაპათაგან არა აქვთ ნაბოძები. დადგა დრო, როცა სამუშაო ადგილი უნდა მოიპოვო საკუთარი კომპეტენციისა და პროფესიონალიზმის ფარგლებში. „მარადიული“ ადგილები საჯარო უწყებებს არა აქვთ და არც მომავალში ექნებათ. დრომ და გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ თუ თანამშრომელი წლების მანძილზე ვერ უძღვება თავის საქმეს, ვერც მომავალში შეძლებს რაიმეს გაკეთებას. სამწუხაროდ, რეფორმას, სიკეთის გარდა, მტკივნეული ადგილებიც ახლავს, რომელიც რთული გადასალახია. მით უმეტეს, როცა ისეთ უწყებას ეხება საქმე, როგორიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და მისი სტრუქტურებია. აქ ხომ ათასობით ადამიანია, რომელიც ყოველდღიურად მოელის ჩვენგან არა სიტყვებით თამაშს, ჭორებით გამასპინძლებას, ტყუილ-მართლის ერთმანეთში გადახლართვას, „მე ყველაზე უკეთესი ვარ-ით“ თავის მოწონებას, სამშობლოსა და პატრიოტიზმზე გულში მჯიღის ცემას, დაუსრულებლად „უჩემოდ ვით იმღერეთა-ს“ ძახილს, არამედ კონკრეტული, წლების მანძილზე გაყინული საქმეების მოგვარება-მოწესრიგებას. არა სიყალბის და სიცრუის იარაღით დემაგოგიის დანერგვას, არამედ დევნილთა პრობლემების გაზიარებას და მათი ხვედრის სიკეთისკენ შემობრუნებას. ეს კი მოითხოვს ყოველდღიურ რუტინასთან შერკინებას, დღე-ღამის გასწორებას და იმ ბარიერების მოხსნას, რომელთა არსებობაც აუტანელს ხდის აფხაზეთიდან გამოდევნილი მოსახლეობის ყოვედღიურობას.
ჩვენი პოზიცია რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის თაობაზე პრინციპული და შეუვალია.
სამართლიანობა ბოლომდე რომ იყოს დაცული, ამას კონკურსის პირობები განსაზღვრავს, რომლის თაობაზეც ძალიან ბევრი ვიკამათეთ. ჩავრთეთ იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა სტრუქტურები, რომ ყოველგვარი გადაცდომა თავიდან აგვეცილებინა. რომ კონკურსის გამჭვირვალობა ყველასთვის მისაღები ყოფილიყო. კამერების დამონტაჟებაზეც ვფიქრობთ, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად. კონკურსი ღია და საყოველთაო იქნება. მაგრამ საკონკურსო შერჩევის დროს, რა თქმა უნდა, დევნილს მიენიჭება უპირატესობა. იმასაც დავუმატებ, რომ თუ საქმე ეხება მაღალი კვალიფიკაციის კადრს, აქ არავის მოვერიდებით და სამსახურში ავიყვანთ. თუ ერთ დონეზე დგას დევნილის და არადევნილის კომპეტენცია, მაშინ, დევნილს ენიჭება უპირატესობა. ისიც უნდა ვაღიარო, რომ საკონკურსო მოთხოვნებში არის კაზუსები, მაგალითად, უნდა იყოს 21 წლის და ფლობდეს მაგისტრის ხარისხს, 2 წლიანი გამოცდილებით - ეს სასაცილოა. ჩემი აზრით, საატესტაციო მოთხოვნებს უნდა გადახედონ იმათ, ვისაც ეს ხელეწიფება. ჯანმრთელობის სამინისტრო 9 თანამშრომლით შევამცირეთ. ბუნებრივია, ყველამ მიიღო ორი თვის კომპენსაცია. მიუხედავად ამისა, მათ კონკურსში მონაწილეობა თავისუფლად შეუძლიათ. ჩვენ მიერ აყვანილი კადრები, მაგალითად, ისევ ჯანმრთელობის სამინისტროში, საკონკურსო თანამდებობებად ითვლება და ისინიც აუცილებლად გაივლიან კონკურსს. თუმცა, თავი რომ არ შეგაწყინოთ, კონკურსის პირობები ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება და ვისაც სურვილი აქვს, ყველას შეუძლია გაეცნოს. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ არა გვაქვს იმის ფუფუნება, არაკვალიფიციური კადრი შევინახოთ. ყველაფერი კონკურსით გამოიცდება. გარწმუნებთ, არავის დავუკარგავთ ცოდნას და გამოცდილებას. თუ კონკურსი არ გაუმართლებთ, მათზე ზრუნვას არ მივატოვებთ. შევეცდებით მათ სხვა ადგილები გამოვუნახოთ.
აქვე მინდა ერთი აღიარებაც გავაკეთო, რომელიც რა თქმა, უნდა შემჩნეული აქვთ ჩემს თანამშრომლებს. მუშაობის დროს სიხისტე მახასიათებს, ამას ვაღიარებ. არც უშეცდომო ვარ. თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო სამართლიანი და ობიექტური, მაგრამ ხანდახან ეს ძალიან რთულია, მით უმეტეს, დღევანდელ პირობებში. სამწუხაროდ, ვერც ისეთი პრინციპული ვარ, როგორიც საჭიროა. თუმცა სრულყოფილებასა და უცოდველობაზე პრეტენზია არა მაქვს.
- ბატონო ვახტანგ, როგორ შეხვდება 2014 წელს დევნილი მოსახლეობა?
უფრო მეტად იმედიანი იქნება 2014 წელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა მათ უკვე გვარიანად აღიზიანებთ, იმედი მაინც ბოლოს კვდება. ჩვენ, დევნილები, ხშირად იმაზეც ვფიქრობთ, ყველა კარგად ხომ არ ცხოვრობს, ყველას ხვედრი ხომ მოლხენა არ არის. ხვალ ახალი წელი დადგება ახალი იმედით, მოლოდინით და ცვლილებით აღსავსე. მაგრამ დევნილის მთავარი მოლოდინი იცით რა არის? შინ დაბრუნება. ისინი ფიქრობენ, რომ აფხაზეთში დაბრუნებით დავიწყებას მიეცემა მათი ცხოვრების მძიმე ეპიზოდები. იმედი მაქვს, 2014 წელს სოციალური კუთხით მაინც გვექნება უკეთესობა. იმისიც მწამს, წეღან რაც გაგიზიარეთ სიახლეების და ნოვაციების თვალსაზრისით, ვფიქრობ, სიკეთეს მოუტანს ყველას, და ჩვენც ცოტაოდენ შვებას ვიგრძნობთ. როცა დევნილებს ვხვდები, მუდამ მაოცებს მათი თვისება. გაგლანძღავენ, გაგთათხავენ, არ დაგინდობენ, ყველა ცოდვას მოგაწერენ, მაგრამ მოკვდებიან და მცირე პურ-მარილს მაინც გაგიმართავენ. ქვეყანა რომ დაიქცეს, ისე არ გამოგიშვებენ. ასეთი სითბოთი და სიყვარულით არის განათებული ამ ადამიანების გული. ბოლო დღეებში ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა, ყველგან მინდოდა მიმესწრო, ყველა დამეიმედებინა. უკვე მესამედ ვხვდები შვილდაკარგულ დედებს. პირველად შევხვდი პირველი ჯგუფის ინვალიდებს, ამპუტანტ-სპორტსმენებს და მრავალ სხვა ადამიანს. მაგრამ ამ შეხვედრებიდან ერთმა მაინც სულით ხორცამდე შემძრა. შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებთან შეხვედრას ვგულისხმობ. ასეთმა სილაღემ, თავისუფლებამ, გულწრფელობამ და პირდაპირობამ სხვა სამყაროში, სხვა განზომილებაში გადამიყვანა. ისეთი სიხარული მომანიჭეს თავიანთი სითბოთი, რომელიც, სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია არ განმიცდია. ეს შეხვედრები კიდევ უფრო მაახლოვებს მოსახლეობასთან. უფრო კარგად მესმის მათი ჭირ-ვარამი. ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ტყვარჩელიდან და ოჩამააჩირიდან აფხაზი ბავშვები ჩამოიყვანა, რომლებთან შეხვედრამაც დიდი კმაყოფილება მომგვარა. და კიდევ, ჩვენს მოსახლეობას მინდა გავუზიარო ჩემი შეხედულება, რომელიც კარგა ხანია მაწვალებს. მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ასეთი გაუთავებელი ბრძოლა დიპლომისთვის, რომლის მიღების შემდეგაც დღევანდელი სიტუაცია არაფერს გთავაზობს. მირჩევნია გვყავდეს კარგი დურგალი, კალატოზი, სანტექნიკოსი, მკერავი და სხვა პროფესიის ხელოსნები, ვიდრე დიპლომირებული არაპროფესიონალი მასწავლებელი, იურისტი, ექიმი და მრავალი სხვა, რაც უფრო მეტი ბოროტებაა, ვიდრე სიკეთე. ამიტომაც, ყველა ნოვაციას, სიახლეს, შემოქმედებით მიდგომას გზას ვუხსნი შეძლებიდაგვარად, რომ არ ჩამოვრჩეთ, არ ვიქცეთ ქვის ხანის ადამიანებად, არ შევეგუოთ უძრაობას, ხელები არ ჩამოვყაროთ და ვიფიქროთ პროგრესზე, რომელიც სადაცაა კარს მოგვადგება. ვგულისხმობ ახალ წელს, რომელიც ტრადიციულად ყველაფერ ახალთან და ცვლილებებთან ასოცირდება. და ბოლოს, მინდა ახალი 2014 წელი მივულოცო ჩვენს ხალხს, ენგურს გაღმაც და გამოღმაც, ჯანმრთელობა, სიკეთე, ხვავი და ბარაქა არ მოკლებოდეთ მათ ოჯახებს. მინდა მივულოცო ახალი წელი ჩემს მეგობრებს აფხაზეთში. მშვიდობა და ბედნიერება დაებედოთ მათ.
მინდა ახალი წელი მოგილოცოთ თქვენც მიშა, რომელმაც ამდენი დრო დამითმეთ. წარმატებას გისურვებთ, პროფესიულ წინსვლას და გამარჯვებას. ჯანმრთელობას, სიკეთეს და ბედნიერებას.
- დიდი მადლობა ბატონო ვახტანგ ინტერვიუსთვის. გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით.
მიხეილ ჭაბუკაშვილი,
სპეციალურად Abkhazia News-სთვის
31 დეკემბერი, 2013წელი