სიახლეები

მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მთავრობის თავმჯდომარემ ისრაელელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.

გიორგი ჯინჭარაძემ ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე, გააცნო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვალიდ აბუ ჰაიას ისრაელის მთავრობის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

2025-11-27
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ჰუალინგის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, თბილისის საკრებულოს ვარკეთილის მაჟორიტარ დეპუტატ ვაჟა კოკაიასთან ერთად, აფხაზეთის მთავრობაში, კომპანია „ჰუალინგისა“ და დასახლების 23-ე კორპუსის ამხანაგობის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ამხანაგობის წარმომადგენლებმა, დასახლებაში არსებულ საჭიროებებზე და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების აუცილებლობაზე. ძირითადი აქცენტი გაკეთდა სახურავის, ფასადებისა და საერთო სარგებლობის სივრცეების მოწესრიგებაზე. საუბარი შეეხო დასახლების ტერიტორიაზე სტადიონის მოწყობის საკითხსაც.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ, დევნილი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მაჟორიტარმა დეპუტატმა, კომპანიას კონკრეტული წინადადებები გააცნო, რომელიც მუნიციპალიტეტს აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსში ინფრასტურქტურული სამუშაობის განახორციელებისთვის, სამართლებრივ საფუძველს მისცემს.

კომპანიის წარმომადგენლმა, პრობლემური საკითხების დროული და ეფექტური მოგვარების მიზნით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშორმლობის მზაობა გამოხატა და აღნიშნა, რომ „ჰუალინგი“ დევნილი მოსახლეობის ინტერესებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს.

2025-11-27
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე Skillwill-ის პროფესიული კოლეჯის გახსნას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, თბილისში Skillwill-ის პროფესიული კოლეჯის გახსნას დაესწრო.

კოლეჯი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად გახსნა.

ღონისძიების ფარგლებში, Skillwill-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მარიამიძემ კოლეჯის განვითარების გეგმის პრეზენტაცია წარმოადგინა. Skillwill ქვეყნის მასშტაბით 12 კოლეჯის გახსნას გეგმავს, სადაც ახალგაზრდებს, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილებს, შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებს, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიები და მონაცემთა ინჟინერია.

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, Skillwill-ის საერთაშორისო პარტნიორები და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი მსოფლიო დონის ფინანსურ-ტექნოლოგიური პლატფორმა Tether-ის 18 მილიონი დოლარის თანაინვესტიციით ხორციელდება.

2025-11-26
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე გიორგობის სადღესასწაულო წირვას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ გიორგობის დღესასწაული დევნილ მოსახლეობას ზუგდიდიდან მიულოცა.

მთავრობის თავმჯდომარე ზედა ეწერის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულ დავით ვერავასთან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერ დავით კოდუასთან ერთად წირვას დაესწრო.

„მინდა გიორგობის დღესასწაული მივულოცო მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი ჩვენს დევნილებს. ვუსურვო მათ ღირსეული დაბრუნება საკუთარ მიწა-წყალზე და უფლის შეწევნით, წმინდა გიორგის მადლით ეს აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

ტაძარში გიორგობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასმიმემ აღავლინა.

2025-11-23
მთავრობის აპარატი
ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის 2025 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ინიციატივით, ცნობილი ჟურნალისტის, აფხაზეთში ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორის, ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

ჟურნალისტური პრემიის 2025 წლის გამარჯვებულები სპეციალურმა საკონკურსო კომისიამ სამ კატეგორიაში გამოავლინა.

ნომინაციაში „აფხაზეთის თემაზე მომზადებული სიუჟეტი ან მულტიმედია ნამუშევარი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში“ პრემია გადაეცა თამარ ოყუჯავას, ნაშრომისთვის „აფხაზეთი ქართულ კინოში“. ნომინაციაში „საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში“ გამარჯვებული გახდა თამუნა გაზდელიანი, ნაშრომისთვის „როცა გაგრაში,ჩემს ეზოში შევდგამ ფეხს, სწორედ მაშინ დასრულდება დევნილობა“, ხოლო ნომინაციაში „ჟურნალისტური საქმიანობისთვის“ პრემია შუქრი დგებუაძემ დაიმსახურა.

პრემიის გამარჯვებულები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ელისო ხუტკუბიამ დააჯილდოვეს.

ღონისძებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ალექსანდრე ბერულავა აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა პრესაში. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურის უფროსი.

ალექსანდრე ბერულავა სოხუმის დაცემის დღეს აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილოკავკასიელმა დაქირავებულმა მებრძოლებმა ჟიული შარტავასთან და მინისტრთა საბჭოს წევრებთან ერთად დახვრიტეს.

ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანია მედიაში აფხაზეთის თემის პოპულარიზაცია.

2025-11-19
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიკლინიკების მასშტაბური რებრენდინგი იწყება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სისტემაში მასშტაბური და უპრეცედენტო პროექტი იწყება, რომლის ფარგლებში აფხაზეთის პოლიკლინიკების რებრენდინგი და მათი მატერიალურ–ტექნიკური ბაზის სრულყოფილი განახლება მოხდება.

პროექტის განხორციელებისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 2 მილიონი ლარი გამოიყოფა, დამატებით ერთ მილიონ ლარს კი საკუთარი ბიუჯეტიდან აფხაზეთის მთავრობა გამოყოფს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდის და სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ გენერალურ დირექტორ ნათია ფარცვანიას შეხვდა. შეხვედრაზე განსახორციელებელი პროექტის დეტალები და ეტაპები განიხილეს.

„პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული მხარდაჭერისთვის, რომელიც ნამდვილად უპრეცედენტოა და გულისხმობს ცენტრალური ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარის მიმართვას აფხაზეთის დევნილთა პოლიკლინიკების განვითარებისთვის. აფხაზეთის ბიუჯეტიდან დამატებით მილიონი ლარი გამოიყოფა ამ მიმართულებით და ჯამში 3 მილიონი ლარი მოხმარდება ჩვენი დევნილთა პოლიკლინიკების განვითარებას, რომელიც მიემართება, როგორც ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმართულებით, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისკენ და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენმა დევნილმა მოსახლეობამ ღირსეულ გარემოში მიიღონ სამედიცინო სერვისები", - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

პროექტი არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, მომსახურების ხარისხის ამაღლებას და დევნილი ბენეფიციარებისთვის თანამედროვე, კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

2025-11-15