აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, თბილისის №150 ბაგა-ბაღის შენობაზე საზოგადო მოღვაწისა და ტფილისის გუბერნატორის, გენერალ გიორგი შარვაშიძის მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია დაესწრნენ.
მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა ბაგა-ბაღის ისტორიული შენობა დაათვალიერეს, რომელშიც გიორგი შარვაშიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. რუსლან აბაშიძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და გიორგი შარვაშიძის დამსახურების შესახებ ისაუბრა.
სიტყვით გამოვიდნენ 150-ე ბაგა-ბაღის დირექტორი მზია მეტრეველი, ასევე, ქართული ჰერალდიკის სახლის ხელმძღვანელი ასმათ შარვაშიძე, რომელმაც გიორგი შარვაშიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საზოგადოებისთვის დღემდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა.
ღონისძიების ბოლოს, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა „შავნაბადა“ აფხაზური სიმღერა შეასრულა.
ღონისძიებას თბილისის მერიისა და საკრებულოს, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.