აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა „შავნაბადა“ ქალაქ ბერლინში სოლო კონცერტი გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ანსამბლმა „შავნაბადა“ ქალაქ ბერლინში გამართული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ,,into the open” სოლო კონცერტით დახურა.

ამ ფესტივალის ფარგლებში კონცერტები მსოფლიო დონის მუსიკოსებმა გამართეს.

ფესტივალის ორგანიზატორების მხარდაჭერით, ანსამბლმა „ შავნაბადა“ საქართველოს ფარგლებს გარეთ კიდევ ერთხელ წარადგინა ქართულ-აფხაზური მუსიკალური კულტურა. ღონისძიების პარალელურად, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზური კუთხე მოეწყო, სადაც მოწვეული სტუმრები ქართულ-აფხაზურ გასტრონომიულ კულტურას და ტრადიციებს გაეცნენ.

„მინდა მივულოცო ანსამბლ „შავნაბადას“ წარმატებული კონცერტი და მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი ქვეყნისა და კულტურის მაღალ დონეზე წარმოჩენისთვის. ორმაგად საპასუხისმგებლო იყო ის, რომ საქართველოს ისტორიული ნაწილის აფხაზეთის ოკუპაციის პირობებში, საქართველოს ფარგლებს გარეთ, ქართულ-აფხაზური ხალხური სიმღერებითა და საგანგებოდ მოწყობილი აფხაზური კუთხით ფესტივალის სტუმრებს კიდევ ერთხელ გავაცანით აფხაზეთი“, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ.

კონცერტს ლევან იზორია - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; თომას ჰაკერი - პარლამენტის წევრი, კულტურისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარე და გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი; კარტენ ვიტი - გერმანიის წამყვანი მუსიკოსების სააგენტოს Karsten Witt Musik Management-ის მმართველი დირექტორი, Deutsche Grammophon-ის ყოფილი პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.