ნანა გაბელია აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებს შეხვდა

28 ივნისს ქალაქ ზუგდიდში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრა სამინისტროს პროგრამის ,,პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა სკოლებში“ ფარგლებში გაიმართა და ახალგაზრდებში პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ეძღვნებოდა.

საინფორმაციო შეხვედრისას სკოლის დამამთავრებელი საფეხურის მოსწავლეებს მიეწოდა ინფორმაცია სასწავლო პროგრამების და იმ ძირითადი საკითხების შესახებ, რომლებიც მომავალში ახალგაზრდებს პროფესიის სწორად არჩევაში დაეხმარება.

შეხვედრა შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა და მას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა, უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.