14 სექტემბერს, ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ სოლო კონცერტი გაიმართა.
შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით, წელს მეთერთმეტედ ჩატარდა.
ანსამბლი "აფხაზეთი" მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით „ქორეონიკონი“ წარდგა და ფესტივალის სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.
დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნანა გაბელიამ მიმართა. მან ფესტივალის ორგანიზატორებს აღნიშნული შესაძლებლობისათვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართულ-აფხაზური კულტურის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის პოპულარიიზაციის საქმეში.
კონცერტს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის მ/შ გიორგი ჯინჭარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი სახელმწიფოს მხარდაჭერითა და UNESCO-ს მაღალი პატრონაჟით მიმდინარეობს.