2024-12-12 |
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ლეგენდარული ფეხბურთელის ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა
ზედა ეწერში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში „დინამო თბილისის“ ლეგენდარული ფეხბურთელის, ღირსების ორდენის კავალრის, სპორტის რაინდად წოდებული ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა. ტურნირში აფხაზეთის საჯარო სკოლების რვა გუნდი მონაწილეობდა.
აფხაზეთის მე-15, მე-11 და მე-10 საჯარო სკოლების გამარჯვებულ გუნდებს შესაბამისი დიპლომები და თასები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ გადასცა.
"აფხაზეთის სპორტსმენებს ყოველთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ ქართული სპორტის, მათ შორის ქართული ფეხბურთის განვითარებაში. ამ ტურნირის ჩატარებით ამჯერად გავიხსენეთ ჩვენი დიდი ფეხბურთელი სიომა ბარქაია, რომლის დამსახურებაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში დაუვიწყარია. ვგეგმავთ, რომ მომავალშიც სხვა არაერთი ცნობილი, აფხაზეთის სპორტსმენი და მისი განსაკუთრებული მიღწევები გავახსენოთ საზოგადოებას", - განაცხადა დავით მორგოშიამ.
ტურნირს მინისტრის პირველი მოადგილე ბეჟან ნემსაძე, მრჩეველი ბექა ღვაჩლიანი, სამინისტროს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე ვიტალი ბენდელიანი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანი კიტია და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტურნირი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.
ვლადიმერ (სიომა) ბარქაია - წლების განმავლობაში თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი უძლიერესი თავდამსხმელი - 1937 წელს გაგრაში დაიბადა. ის იყო სსრკ ჩემპიონი, ოქროს მედლის მფლობელი. 1964 წელს საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მეორე ნომრად დასახელდა. 1967-1969 წლებში იყო "დინამო თბილისის“ მწვრთნელი. 2014 წელს მიენიჭა სპორტის რაინდის წოდება.
ვლადიმერ ბარქაია 85 წლის ასაკში 2022 წლის 30 დეკემბერს გარდაიცვალა