აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში - "ახალი პიესა აფხაზეთზე“ გამარჯვებული პიესის "მე არსად წავსულვარ!“ ავტორს სალომე კაპანაძეს დიპლომი გადასცა. მინისტრმა მას კონკურსში გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
პიესა აგებულია ახალგაზრდების - აფხაზი თარაშის და ქართველი თათიას აფხაზეთთან დაკავშირებულ გენეტიკურ მეხსიერებაზე. მათი ურთიერთობიდან იკვეთება პიესის მთავარი სათქმელი, რომ ეს თაობა ერთმანეთს მიუტევებს, შეიყვარებს და კვლავ შეძლებს თანაცხოვრებას.
სალომე კაპანაძე არის ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ლიტერატურული წერილების კრებულებისა და ზღაპრების ავტორი. "მე არსად წავსულვარ!“ მისი პირველი პიესაა.
კონკურსი - "ახალი პიესა აფხაზეთზე“ სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ინიციატივით გამოცხადდა და გამარჯვებული პიესა ამავე თეატრის სცენაზე დაიდგმება.