ანსამბლმა ,,აფხაზეთმა" ჩეხეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
 
ჩეხეთში საქართველოს საელჩოში გამართულ მიღებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია დაესწრო.
 
,,ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა მრავალმხრივ დატვირთული ღონისძიებები, შეხვედრები, საუბრები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერის შესახებ. გამართული ღონისძიებების დამაგვირგვინებელი აკორდი კი იყო ანსამბლ ,,აფხაზეთის" კონცერტი, მათ მიერ შესრულებული საცეკვაო და სასიმღერო ნომრები, რომელშიც ყველაზე კარგად გამოიხატება ქართული სული და კულტურა", - აღნიშნა მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ.
 
ღონისძიების დასასრულს, პრაღის მრავალფუნქციური კულტურული სივრცის სცენაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ,,აფხაზეთი" ქართული ხალხური, ტრადიციული სიმღერებითა და ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგა. კონცერტმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
 
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ჩეხეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე პრაღაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები.