ეროვნულ ბიბლიოთეკაში მონოგრაფიის „აფხაზეთი, ლიტერატურულ-ისტორიული პარადიგმები“ პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე თამარ კობერიძის მონოგრაფიის - „აფხაზეთი, ლიტერატურულ-ისტორიული პარადიგმები“, პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ წიგნის ავტორსა და რედაქტორებს მნიშვნელოვანი ნაშრომის მომზადებისა და გამოცემისთვის მადლობა გადაუხადა. მონოგრაფიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული თვითმყოფადობის, ისტორიული მეხსიერებისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შენარჩუნებისა და გაძლიერების თვალსაზრისით.

თამარ კობერიძის მონოგრაფიაში აფხაზეთი განხილულია როგორც საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ლიტერატურისა და კულტურის განუყოფელი ნაწილი. ნაშრომში გაანალიზებულია, თუ როგორ აისახა აფხაზეთი სხვადასხვა პერიოდის მწერალთა შემოქმედებაში, ისტორიულ წყაროებსა და მხატვრულ ტექსტებში. ავტორის მრავალმხრივი მიდგომა აფხაზეთის თემას წარმოაჩენს როგორც უწყვეტ და ცოცხალ პროცესს, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართულ ეროვნულ ცნობიერებასა და კულტურულ მემკვიდრეობაში.

ნაშრომის რედაქტორები ნინო მინდიაშვილი და ლადო ჭელიძე არიან. გამოცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება.