გიორგი ძაძამია „ციფრული სოხუმის“ ფარგლებში გამართულ სპექტაკლს „ხანძარი“ დაესწრო

სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა, ციფრული ფესტივალის ,,ციფრული სოხუმი" ფარგლებში, სპექტაკლი ,,ხანძარი" წარადგინა. რეჟისორ ლაშა შეროზიას ნამუშევარი როგორც ციფრული პლატფორმებისთვის, ასევე ცოცხალი აუდიტორიის წინაშე დაიდგა.

ვალერი ოთხოზორიას პიესის მიხედვით, გურჯაანის კულტურის ცენტრში დადგმულ წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია დაესწრო.

სპექტაკლი სოხუმის დაცემის შემდეგ დევნილობაში მყოფი ოჯახის ისტორიას გვიყვება. ეს არის ამბავი ქალზე, რომელსაც ზურგით მოაქვს უახლესი ისტორიის მძიმე ტვირთი, თუმცა ინარჩუნებს რწმენას, რომ საკუთარ სახლში აუცილებლად დაბრუნდება.

საღამოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორი ბექა სონღულაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თეატრალური ფესტივალი „ციფრული სოხუმი“ 5 პარტნიორ თეატრს, 5 ახალგაზრდა რეჟისორსა და 5 პიესას აერთიანებს. თითოეული ნამუშევარი აფხაზეთთან დაკავშირებულ თემატიკას განსხვავებული პერსპექტივითა და შემოქმედებითი ხედვით წარმოადგენს.

პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „ამბასადორი კაჭრეთის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალს გურჯაანის კულტურის ცენტრი და „ამბასადორი კაჭრეთი“ მასპინძლობენ.