აფხაზეთის სახელობითი სტიპენდიების მფლობელ სტუდენტებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ხელოვნების, მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეთა სახელობის სტიპენდიატები დაჯილდოვდნენ.
სტუდენტებს მოპოვებული სტიპენდიები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ, მიულოცეს და, სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად, სიგელები გადასცეს.


ღონისძიება სტუდენტთა საერთაშორისო დღეს გაიმართა. სტიპენდიატებმა აუდიტორიის წინაშე თავიანთი შემოქმედება წარადგინეს - სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიცია შეასრულეს, თავიანთი პროზაული ნამუშევრები წაიკითხეს და პრეზენტაციებით წარდგნენ.


დაჯილდოების პროცესში მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საოპერო ვარსკვლავმა, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძემ, რომლის კლასის ორი სტუდენტიც გურამ ყურაშვილის სახელობის სტიპენდიატი გახდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრები ალიონა ჩხოტუა და თენგიზ ნასარიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, დეპუტატები, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვიცე-რექტორი ნინო კასრაძე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლექტორები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


მიმდინარე წელს სახელოვნებო მიმართულების სტიპენდია განსაკუთრებული ნიჭისა და მიღწევების მქონე 9 სტუდენტს დაენიშნა, 3 სტუდენტი დიმიტრი ემუხვარისა და ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიატი გახდა, ხოლო აფხაზეთიდან დევნილი 3 პირველკურსელი, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეული საუკეთესო შედეგებისთვის დაჯილდოვდა.


გურამ ყურაშვილის, დიმა ჯაიანისა და ალექსანდრე შერვაშიძის სახელობითი სტიპენდიები სახელოვნებო მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის წელს პირველად დაწესდა. სტუდენტები მაღალი აკადემიური მოსწრებისა და მიღწეული შედეგების მიხედვით შეირჩნენ. სტიპენდია ერთი სასწავლო წლის (10 თვის) განმავლობაში ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით გაიცემა.