აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რუსლან აბაშიძის მილოცვა ვეტერანებს

„მსურს დღევანდელი დღე მივულოცო ყველა ვეტერანს, რომელმაც წვლილი შეიტანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, მსოფლიოში მშვიდობის დამყარების და გლობალური უსაფრთხოების საქმეში. ვაფასებ მათ ღვაწლს და თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი გმირობისთვის“.

აფხაზეთის იუსტიციის დეპრატმენტის თვჯდომარის იგორ კოპალიანის ინტერვიუ ,,Timer'' - თან

თაიმერი: ბატონო იგორ, რამ განაპირობა იუსტიციის დეპარტამენტის, როგორც აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ერთ-ერთი წამყვანი რგოლის ლიკვიდაცია?

ი. კოპალიანი: რიტორიკული შეკითხვაა და შევეცდები გაგცეთ პასუხი თუმცა, ამისთვის, პატარა შესავალი, ასე ვთქვათ პოლიტიკურ-სამართლებრივი ექსკურსის გაკეთება დაგვჭირდება. როგორც მოგეხსენებათ, აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შედეგად, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაკარგა იურისდიქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ხოლო მოსახლეობის უმეტესობა იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი მიწა-წყალი. ვინაიდან, მოსახლეობასთან ერთად აფხაზეთი დატოვა იქ მოქმედმა ხელისუფლებამაც და აშკარა გახდა, რომ აფხაზეთში შეიქმნებოდა სახელისუფლებო ვაკუუმი, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკურ-სამართლებრივი გადაწყვეტილება და ლეგიტიმურად ცნო ხელისუფლების ის ორგანოები, რომლებიც რეალურად გამოხატავდნენ აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესებს და არ მონაწილეობდნენ სეპარატისტულ დაჯგუფებასთან ერთად ანტიკოსტიტუციურ საქმიანობაში (თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 10 მარტისა და 1995 წლის 24 თებერვლის დადგენილებები). აღნიშნული გადაწყვეტილებით, აფხაზეთის სრულ დეოკუპაციამდე და დევნილების უკან დაბრუნებამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დაწესებულებებმა ფუნქციონიერება გააგრძელეს სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, როგორც ხელისუფლების ადგილნაცვალმა, ევაკუირებულმა ორგანოებმა. შესაბამისად, ის უწყვეტი სამართლებრივი კავშირი, რაც იყო კონფლიქტამდე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებებს შორის გაგრძელდა. თბილისში მუშაობა გააგრძელა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომაც, რომელიც შედიოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი იმავდროულად იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სათათბირო ორგანოს წევრი.

თაიმერი: ბატონო იგორ, თქვენ ახსენეთ რომ აფხაზეთის იუსტიციამ სხვა უწყებებთან ერთად საქმიანობა გააგრძელა როგორც სამინისტრომ, მაშინ იუსტიციის დეპარტამენტად რატომ მოიხსენიებენ?

ი. კოპალიანი: სწორედ აქეთ მიმყავდა საუბარი და თქვენი ნებართვით დავასრულებ, ასე ვთქვათ შესავალი ნაწილის თხრობას, რომ ძირითად კითხვაზე გაცემულ პასუხში ბუნდოვანება არ იყოს. როგორც მოგახსენებდით აფხაზეთის იუსტიციის სამინისტრომ დევნილობაში გააგრძელა თავისი საქმიანობა. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გატარებულმა რეფორმამ ასახვა ჰპოვა აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებაზეც. აფხაზეთის იუსტიციის სამინისტრო რეორგანიზებულ იქნა იუსტიციის დეპარტამენტად, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება და სამართალშემოქმედების ხელშემწყობი ორგანო. იმის გათვალისწინებით, რომ რეფორმის შედეგად ავტონომიებში მოხდა რიგი უფლებამოსილებების ცენტრალიზაცია, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციების მიღმა დარჩა ისეთი სერვისების მომსახურება, როგორიცაა: სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრის წარმოება, სანოტარო მომსახურება, სასამართლოების, ასევე, რიგი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფა.

თაიმერი: გამოდის, რომ უფუნქციოდ დარჩით!

ი.კოპალიანი: აფხაზეთში შექმნილი სიტუაციისა და იმ არაორდინალური რეალობის გათვალისწინებით რა სიტუაციაშიც იმყოფება აფხაზეთის ხელისუფლება თავისი ინსტიტუტებით, ვერ ვიტყოდი, რომ უფუნქციოდ დავრჩით. როგორც მაღლა ავღნიშნე დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ხელისუფლების არსებობა პოლიტიკურ-სამართლებრივი გადაწყვეტილებაა და მოცემულ შემთხვევაში სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ იუსტიციის დეპარტამენტის საქმიანობაც. იუსტიციის დეპარტამენტი აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებაში წარმოდგენილი იყო, როგორც მრჩეველი სამართლის დარგში.  სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის გარდა, მისი საქმიანობა ასევე მოიცავდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის უფასო სამართლებრივი კონსულტაციების გაწევასა და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობას; ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში სამთავრობათაშორისო ჯგუფებში მონაწილეობას; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებასა და საცხოვრებელი ადგილის დადგენას; ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მომზადებასა და ხელმისაწვდომობას. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ გარემოებას, რომ იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის მიმართულებით, ხშირ შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშებში იქნა ასახული. უფრო მეტიც, იუსტიციის დეპარტამენტის საქმიანობა, ოკუპანტი ქვეყნის წაქეზებით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი რეჟიმის „განსჯის“ საგანიც გამხდარა. იუსტიციის დეპარტამენტის აქტივობების ჩამოთვლისას ვფიქრობ ყველაზე ხაზგასასმელი მაინც დევნილთა უფასო ადვოკატირების დანერგვაა. ამასთან, სხვა აქტივობებისგან შეიძლება გამოვყოთ ისეთი აქტივობა, როგორიც იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული (სულიერი) მემკვიდრეობის სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შემუშავება, აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის მონაწილე მხარეების შერიგებისკენ განხორციელებული ღონისძიებები და სამშობლოსათვის თავდადებულთა წარმოჩენის მიზნით „სამშობლოსათვის მარადისობაში“ პროექტის განხორციელება, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დასკვნითი მოსაზრებების გათვალისწინებით გენდერული ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება, აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა დატრენინგების ორგანიზება…

 

თაიმერი: და მაინც რა გახდა იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის საფუძველი?

ი.კოპალიანი:  სამართლებრივ ენაზე, რომ გითხრათ იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის საფუძველი გახდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონი. უფრო სწორად „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანა, რომლითაც აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ჩამონათვალიდან იუსტიციის დეპარტამენტი ამოღებულ იქნა. უმაღლესი საბჭოს აღნიშნული ქმედება დაეფუძნა აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობის მიერ შემუშავებულ სამთავრობო პროგრამას, რომელიც აგებულია „მცირე მთავრობის“ კონცეფციაზე.

თაიმერი: რატომ იუსტიციის დეპარტამენტი და არა  რომელიმე სხვა უწყება?! ასე გამოდის, რომ იუსტიციის მიმართულებით აფხაზეთის ხელისუფლებამ აქტივობა შეწყვიტა?!

ი.კოპალიანი: არა, იუსტიციის მიმართულებით საქმიანობა გაგრძელდება და შენარჩუნდება, აფხაზეთის ისტორიული მეხსიერებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების გამოყენებით. მოცემულ შემთხვევაში იუსტიციის დეპარტამენტი ლიკვიდირებულ იქნა როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, ხოლო მისი ფუნქციები გადანაწილდა სხვადასხვა უწყებებზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საპირწონედ მისასალმებელია აფხაზეთის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი აფხაზეთის მთავრობაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის თანამდებობის შემოღებასთან და შესაბამისი აპარატის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც მომავალში გააგრძელებს და უზრუნველყოფს იუსტიციის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციების განხორციელებას. როგორც მოგახსენებდით აფხაზეთის ხელისუფლებაში მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი „მცირე მთავრობის“ კონცეფციის ფარგლებში. ზოგადად ცვლილებები ერთგვარ გამოწვევად რჩება. სამწუხაროდ, საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ჯერ კიდევ ვერ ჩამოუყალიბდათ ცვლილებებზე ორიენტირებული კულტურა, რომელიც ხელს შეუწყობდა ან გაადვილებდა რეფორმის ჩატარების პროცესს. რიგი მიზეზებიდან გამომდინარე, რეფორმის განხორციელებისას თანამშრომლებში დაბნეულობის ხარისხი საკმაოდ მაღალია. უფრო მეტიც, ვიწრო ფუნქციურ ჭრილში აზროვნება და ინფორმაციის ნაკლებობა, ისევე როგორც მომავლის ბუნდოვანება ისეთ პრობლემებს იწვევს, როგორიცაა ცვლილებებისადმი წინააღმდეგობა და თანამშრომელთა დემოტივაცია იმუშაონ სათანადო ხარისხით. მიუხედავად აღნიშნულისა იმედი მაქვს ყველაფერი დალაგდება.

თაიმერი: ბატონო იგორ, თქვენ სად მოიაზრებით, რა გეგმები გაქვთ?

ი.კოპალიანი: იუსტიციის დეპარტამენტი აგრძელებს საქმიანობას სალიკვიდაციო რეჟიმში, შექმნილია შესაბამისი სალიკვიდაციო კომისია ჩემი ხელმძღვანელობით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მობილობის წესით გადაყვანის პროცედურა. ვიტოვებ იმედს, რომ მათი მობილობის საკითხი გადაწყდება დადებითად და ისინი გააგრძელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას მომავალშიც. რაც შეეხება თქვენს მონა-მორჩილს, მომავალში ჩემი გეგმებით მოვიაზრები აფხაზეთში, ჩემს ქალაქ სოხუმში (იღიმის). ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ჩემი, ისევე როგორც აფხაზეთის დევნილი საზოგადოების წარმომადგენელთა ცხოვრების წესი და მიზანი მიმართულია აფხაზეთისკენ. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში დაბრუნების საკითხი დროში გაიწელა და თითქოს არ ჩანს დასასრული აღნიშნული მიზნისკენ მიმავალ გზაზე, მძაფრი ნოსტალგიით გამსჭვალულებს მაინც გვჯერა, რომ აფხაზეთის ოკუპაცია დროებით ხასიათს ატარებს და დეოკუპაციის ფარგლებში, მშვიდობიანად და ღირსეულად დავუბრუნდებით მიტოვებულ ფუძეს, ჩამქრალ კერას. აფხაზეთს გამოღმა მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით აფხაზეთში გავაგრძელებთ ჩვენი წილი საქართველოს მშენებლობას. ჩვენ არ გვაქვს უფლება დავყაროთ ფარ-ხმალი და შევუშინდეთ ცხოვრების ბედ-უკუღმართობით შექმნილ დაბრკოლებებს. გულის სიღრმეში მწამს, რომ დევნილებში გამჯდარია პარადიგმა – უაფხაზეთოდ ჩვენი ცხოვრება ფუჭია და სწორედ ამიტომაც დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ, ჩვენ მაინც  დავბრუნდებით.

მინისტრის მოადგილე გ. მისაბიშვილი მთავრობის წევრებთან ერთად ქ. ბათუმში ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

მთავრობის წარმომადგენლები აფხაზური ენის გაკვეთილს და სკოლის მოსწავლეების მიერ აფხაზურ ენაზე შესრულებულ ლიტერატურულ პერფორმანს დაესწრნენ, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ სკოლას საჩუქრად წიგნები, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის რუკები და სპორტული ინვენტარი გადასცა.

ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები კახაბრის №34-ში (ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა) მდებარე აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდნენ, სადაც ცოტა ხნის წინ აფხაზეთის მთავრობის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობის საფუძველზე, დასუფთავების და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.

სამინისტროში დევნილის სტატუსის მაძიებელ პირთა ადმინისტრაციული საჩივარი განიხილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტროში ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის წარმომადგენლობებში  ,, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  (დევნილის სტატუსის მაძიებელი)  პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა  და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიების  ” გადაწყვეტილებებზე შემოსული საჩივრის/ საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა.

სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით  განხილულ იქნა  აღმოსავლეთ საქართველოში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა  და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2019 წლის 19 სექტემბრის  (ოქმი # 73)  გადაწყვეტილების გაუქმებისა და  კ. ჯოჯუასთვის 1992 წლის 20 ნოემბრამდე სოფ ბაღმარანში მუდმივად მცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით შემოტანილი ადმინისტრაციული საჩივარი.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ კომისიის მიერ მიღებულ იქნა კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

დავით ფაცაცია ბათუმში ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია ბათუმში, სოფელ ფერიაში, სადაც 300-მდე აფხაზურ-ქართული ოჯახი ცხოვრობს, საჯარო სკოლაში  აფხაზური ენის გაკვეთილს და სკოლის მოსწავლეების მიერ აფხაზურ ენაზე შესრულებულ ლიტერატურულ პერფორმანს დაესწრნენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ სკოლას საჩუქრად წიგნები,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის რუკები და სპორტული ინვენტარი გადასცა.

ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები კახაბრის №34-ში (ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა) მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ, სადაც ცოტა ხნის წინ აფხაზეთის მთავრობის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობის საფუძველზე, დასუფთავების და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.

რუსლან აბაშიძე ბათუმში ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ. მთავრობის წარმომადგენლები აფხაზური ენის გაკვეთილს და სკოლის მოსწავლეების მიერ აფხაზურ ენაზე შესრულებულ ლიტერატურულ პერფორმანს დაესწრნენ, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ სკოლას საჩუქრად წიგნები,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის რუკები და სპორტული ინვენტარი გადასცა. რუსლან აბაშიძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფერიის საჯარო სკოლას აფხაზური ენის პოპულარიზაციისათვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ქართულ-აფხაზური საგას წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები კახაბრის №34-ში (ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა) მდებარე აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდნენ, სადაც ცოტა ხნის წინ აფხაზეთის მთავრობის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობის საფუძველზე, დასუფთავების და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.

დღესვე ქალაქ ბათუმში ლეონიძის №15-ში მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მაკდონალდსში უმასპინძლა.

აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს საგანმანათლებლო ხელოვნების განყოფილების ინიციატივით, მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილი სასწავლო-საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, 14 ოქტომბერს, მცხეთობის დღესასწაულზე, აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის მოეწყო ექსკურსია დიდი პოეტის ვაჟა-ვშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში.

პროექტში ჩართულმა მოზარდებმა დაათვალიერეს ქართველი პოეტის ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, გაეცნენ მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ საარქივო და ფოტომასალას. მათ პოეტის პატივსაცემად სახლ-მუზეუმის ეზოში მოაწყვეს საგანგებო კონცერტი, შეასრულეს ქართული და აფხაზური ხალხური სიმღერები, წაიკითხეს ვაჟას ლექსები და გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

მიხეილ მესხის სახელობის ტურნირში საპრიზო ადგილი ოკუპირებული გალის რაიონის საფეხბურთო გუნდმა მოიპოვა

ზუგდიდში, კახათის ჟორა გეთიას სახელობის სტადიონზე, 11 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. ტურნირში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული გუნდი მონაწილეობდა, რომელიც საპრიზო, მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

ტურნირის მონაწილეებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად მიხეილ მესხის მეუღლე ქეთევან მესხი შეხვდა. გამარჯვებულ გუნდებს თასები, სიგელები, მედლები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.

საფეხბურთო ტურნირს ესწრებოდნენ აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტური ჩასახლებებიდან.

აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში

11 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, ჭადრაკის სასახლეში ჩაატარა ტურნირი ,,აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში“ (მოსწავლეთა შორის).

ტურნირში მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან დევნილი, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები მოსწავლეები. ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავა კავკასიძე ილიამ, მეორე ადგილი - მიქავა გიორგიმ, ხოლო მესამე ადგილზე შამათავა გიორგი გავიდა.

გოგონათა შორის ადგილები ასე გადანაწილდა: I ადგილი - ზარქუა ანასტასია; II - მიქავა ლიზი; III - თოლორაია ელენე.

დასასრულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა და აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ზარქუამ ტურნირის საპრიზო ადგილებზე გასული მოსწავლეები შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, თასებითა და მედლებით დაჯილდოვეს.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების მიღება გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დიმა ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლებიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ ახალგაზრდებთან და მათ შორის ოქროს და ვერცხლის მედალოსნებთან შეხვედრა გამართა.

ახალგაზრდებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა. ამასთანავე მათ მედალოსან კურსდამთავრებულებს მედლები საზეიმოდ გადასცეს.

შეხვედრას აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებული გალის რაიონიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ ახალგაზრდებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დიმა ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებული გალის რაიონიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.
ახალგაზრდებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გადასცეს.
მიმდინარე წელს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აბიტურიენტები, რომლებმაც ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ვერ შეძლეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება, მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასურველ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხნენ.

რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპრაკებების 49-ე რაუნდში მიიღო მონაწილეობა

8-9 ოქტომბერს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე, აგრეთვე ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.

ყურადღება გამახვილდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით, ასევე ადგილზე მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევებზე და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას.

საუბარი შეეხო ასევე აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებულ ხელოვნურ შეზღუდვებს ივნის-სექტემბერში. თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა მოუწოდეს მონაწილეებს მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან, რომ გახსნან ყველა ე.წ. გადასასვლელი და არ შეაფერხონ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება.
 
განხილვის მნიშვნელოვანი თემა იყო გალისა და ახალგორის რაიონების მაცხოვრებელთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება. მწვავედ დაისვა  ეთნიკური იდენტობის შეცვლაზე იქ მცხოვრები ქართველების იძულების საკითხი, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგები. მონაწილეებმა თბილისიდან წამოწიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წაშლის მცდელობები, მათ შორის, სოფელ ერედვში ქართულ ნასახლარებზე ნაგავსაყრელების მოწყობის ცინიკური გადაწყვეტილება. 

მოლაპარაკებებისას საქართველოს წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობაზე. განხილულ იქნა ასევე აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, გარდაცვალების საკითხი. 

მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანეს თემას წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს ამ ჰუმანიტარულ საკითხზე ჟენევის ფორმატში საგნობრივი განხილვისა და ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობაზე. თუმცა მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან კვლავ გამოიჩინეს უპასუხისმგებლო მიდგომა და დღის წესრიგის ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებები. 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 10-11 დეკემბერს გაიმართება.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ღონისძიება ,,საერთო წარსულით საერთო მომავლისკენ“ გაიმართა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ღონისძიება ,,საერთო წარსულით საერთო მომავლისკენ“ გაიმართა.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ მიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციების საფუძველზე ფოტოგამოფენა მოეწყო, სადაც აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე მხატვრების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. საღამოზე ქართულად თარგმნილი აფხაზური პოეზიის კრებულის ,,ნავეი და მზაუჩი“ პრეზენტაცია და ფილმის ,,ხიდის ორი მხარე“ ჩვენება გაიმართა. ღონისძიებაში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი მონაწილეობდა.
ღონისძიება პროგრამის ,,სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისაკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში ჩატარდა და სამთავრობო, არასამთავრობო, ბიზნესის, დიასპორების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამინისტროს წარმომადგენლებმა ქ. ზუგდიდში დევნილთა ჩასახლებებში შესრულებული სარემონტო -აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს დაფინანსებით, სოფელ ჭითაწყარის ყოფილი ელქსელის შენობას, ასევე, აღმაშენებლის №222-ში მდებარე, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობასა და ხუბულავას ქუჩაზე №14-ში (ყოფილი ვეტლაბორატორიის ერთსართულიანი შენობა) დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებს სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა.
აღნიშნულ ობიექტებზე იმყოფებოდნენ და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.

რეზო ქობალიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა ჩასახლებებში შესრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს დაფინანსებით სოფელ ჭითაწყარში, ელქსელისა და აღმაშენებლის №222-ში მდებარე, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობას და ხუბულავას ქუჩაზე №14-ში (ყოფილი ვეტლაბორატორიის ერთსართულიანი შენობა) დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა.

აღნიშნულ ობიექტებზე იმყოფებოდნენ და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა  რეზო ქობალიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს  წარმომადგენლებმა.