აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ალილოს მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.

მოსახლეობას შობა მიულოცა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით ქვეყანა სწორ გზას ადგას და 2016 წელი ამ მხრივ შეიძლება გადამწყვეტი გახდეს.

„ალილო ერთ-ერთი ყველაზე საოცარი სახალხო დღესასწაულია, რომელიც სამკაულივით მიჰყვება ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მადლობა ჩვენს პატრიარქს, რომ ალილოს ტრადიცია საკუთარი ლოცვა-კურთხევით კვლავ აღადგინა საქართველოში. აფხაზეთის სტრუქტურები ვცდილობთ ამ დღესასწაულში საკუთარი წვლილი შევიტანოთ. მიხარია, რომ 2016 წელს უფრო მასობრივად ვართ წარმოდგენილი და ახალგაზრდობაც ჩვენთან ერთად ხარობს ალილოს მადლით. ვერ დაგიმალავთ, რომ განსაკუთრებული იმედით შევყურებთ 2016 წელს. ცვლილებები, რომელსაც ვიზა-ლიბერალიზაცია საქართველოს მოუტანს, შესაძლოა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გზაზეც ჩვენი დაახლოების ლოკომოტივად იქცეს. ყინულის დაძვრას, რომელიც გადაულახავ ბარიერად აღიმართა ქართველებს, აფხაზებს და ოსებს შორის მოთმინება, ნებისყოფა, სიმტკიცე და, რაც მთავარია, ნდობის აღდგენისთვის გადადგმული სწორი მოქმედებები სჭირდება. საერთო ინტერესები ერთ-ერთი უმთავრესია, ჩვენი დაახლოებისა და ურთიერთობების აღდგენისათვის. არ უნდა დავუშვათ პესიმიზმი და გულგატეხილობა. ის არაბუნებრივი, საშინელი მოვლენები, რომელიც აფხაზებმა და ქართველებმა საკუთარი უგუნურებით და წინდაუხედაობით გამოვიარეთ უნდა შევუნდოთ ერთმანეთს. უნდა აღმოვფხვრათ გაუცხოება, რომელიც ყველას გვაზარალებს. სხვა გზა და გამოსავალი არა გვაქვს. ჩვენი უწმინდესი ხშირად სიყვარულის ნაკლებობაზე მიგვითითებს. ამ წმინდა დღეებში ყოველი ჩვენგანი ფიქრობს იმაზე, რომ მეტი სითბო, ურთიერთგაგება და სიყვარული გამოვხატოთ ერთმანეთის მიმართ. ალბათ დღევანდელი დღის მადლი ის იქნება, რომ ასეთი განწყობა მთელი წლის მანძილზე გაყვეს ყოველ ჩვენგანს. ვულოცავ ყველას, მთელ საქართველოს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს.
სიკეთე, ერთიანობა, წარმატება და წინსვლა მოეტანოს 2016 წელს საქართველოში მცხოვრები ყოველი ადამიანისთვის“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთში გმირულად დაღუპულ მეომართა დედებს შობა-ახალი წელი მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართა დედებს აფხაზეთის მთავრობაში უმასპინძლა, ახალი წელი და შობის დამდეგი დღესასწაული მიულოცა და საჩუქრების კალათა გადასცა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ შამუგია ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მოწვეულმა ქალბატონებმა მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე, ამ მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებში მათ ჩართულობაზე ისაუბრეს.

მსგავსი შეხვედრები აფხაზეთის მთავრობაში მომავალშიც მოეწყობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს 83 წლის იუბილეს

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ,

გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას.

შეუფასებელია თქვენი ღვაწლი სახელმწიფოსა და ქართველი ერის წინაშე, რომელმაც თქვენი ძალისხმევით დაიწყო სულიერი სიმტკიცის გზაზე აღმასვლა.

ღრმად გვწამს, რომ ღვთის შეწევნით და თქვენი ლოცვებით, უფალი ინებებს აფხაზეთის დედა-სამშობლოს წიაღში დაბრუნებას და სრულიად საქართველოს გაბრწყინებას.

მრავალჟამიერ თქვენს მეუფებას!

ვახტანგ ყოლბაიამ თბილისის 193-ე ბაგა-ბაღის შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს სადღესასწაულო ნობათები გადასცა

 

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში, ვარკეთილში, დვალის ქუჩა №3-ში მდებარე 193-ე ბაგა-ბაღისშენობაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 25 ოჯახს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო ნობათი გადასცა.

ვაზიანში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საახალწლო ნობათები გადაეცათ

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში სოფელ ვაზიანის კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 15 დევნილ ოჯახს საახალწლო ნობათი გადაეცა.

სამეგრელოში მცხოვრებ დევნილებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებსა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, პროექტის ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში საახალწლო ნობათები გადაეცათ.

რეგიონის მასშტაბით საახალწლო საჩუქრები აფხაზეთიდან დევნილ სულ 626 ოჯახს გადაეცა. ასევე, 190 ბავშვი უფასოდ დაესწრო საახალწლო ღონისძიებას.

აქციაში მონაწილეობას იღებდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე და წარმომადგენლობის თანამშრომლები.

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ომის ვეტერან გია გრიგოლაიას ეწვია და დამდეგი ახალი წელი მიულოცა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ შამუგია აფხაზეთის ომის ვეტერან, I ჯგუფის ინვალიდ გია გრიგოლაიას ეწვივნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.

„გია გრიგოლაიას ოჯახი არის ერთ-ერთი ღირსეული იმ ოჯახებს შორის, რომელთაც ჩვენ სიამაყით ვიხსენიებთ. უთანასწორო ომს, ქვეყნის ღირსებას მან ყველაზე მნიშვნელოვანი – საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა. ჩვენ ვეტერანებს ძალიან დიდი მოფრთხილება და მოფერება სჭირდებათ. ისინი ხომ ცოცხალი მემატიანეები არიან იმ ქარტეხილებისა, რომელიც ყველამ ერთად გამოვიარეთ და რომელიც არასოდეს აღარ უნდა განმეორდეს. მუდამ უნდა გვახსოვდეს ეს ჩვენ და მომავალ თაობებსაც.

ვსარგებლობ შემთხვევით და ბატონ გიას, მის ოჯახს მინდა მივულოცო უკვე კარზე მომდგარი ახალი წელი, ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება. ყველა ჩვენგანის მთავარი ოცნება მაინც მშობლიურ სახლში დაბრუნება. მინდა, რომ იქ, იმ კუთხეში მათ ეზეიმოთ ახალი წელი და დროის ათვლა დღეიდან დაწყებულიყოს. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ერთობისათვის, თავდადებისათვის, თანამშრომლობისათვის. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა ამ შესანიშნავი ოჯახიდან მივულოცო ახალი წელი ჩემს დევნილ საზოგადოებას, იძულებით გადაადგილებულ პირებს. ვუსურვო გამძლეობა, მადლობ აგადავუხადო იმ მოთმინებისათვის, რაც მათ წლების განმავლობაში მხოლოდ უდიდესი ნებისყოფისა და სიმტკიცის ფასად შეძლეს. მადლობა იმისათვის, რომ ისინი უთქმელად გულში ჩუმად ატარებენ იმ ტკივილს, რომელსაც საკუთარი კუთხის სიყვარული ჰქვია. ამ 2 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა დევნილთა პირობების გაუმჯებესებისათვის. ეს გვაიმედებს, რომ ტემპი რომელიც აღებულია, უფრო დაჩქარდება და საბოლოოდ ყველა დევნილი ბინით იქნება უზრუნველყოფილი. მაგრამ მაინც ჩვენ ვიყურებით დიდი იმედით აფხაზეთისაკენ, საქართველოს გაერთიანებისაკენ, აფხაზებთან ერთად თანაცხოვრებისაკენ. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთად უნდა ვაშენოთ ის ქვეყანა, რომლისთვისაც გია თქვენ და თქვენი მეგობრები იბრძოდით.

გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ წარმატებებს, სიუხვეს, ჯანმრთელობას და იმედების ასრულებას. ღმერთი იყოს ჩვენი და თქვენი მფარველი“. – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში რენალდ დგებუაძის ხსოვნის საღამო გაიმართა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, რენალდ დგებუაძის ხსოვნის საღამო გაიმართა. საღამოზე ასევე გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „რენალდ დგებუაძე“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, რენალდ დგებუაძის მეუღლე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, ახლობლები და მეგობრები.

რენალდ დგებუაძის მოღვაწეობასა და დამსახურებებზე ისაუბრა ვახტანგ ყოლბაიამ.
„რენალდ დგებუაძეს დღეს 75 წელი შეუსრულდებოდა. მის სახელს ჩვენ ძალიან დიდი მოწიწებით მოვიხსენიებთ, ვინაიდან მისი ცხოვრების წესი და დამოკიდებულება ყველაზე სათუთი საკითხების მიმართ სრულიად განსაკუთრებული გახლდათ. მის მიერ თქმული ნებისმიერ სიტყვასა და ფრაზას გასაოცარი ლაზათი ახლდა. რენალდ დგებუაძისთვის პატრიოტიზმი და საკუთარი ქვეყანა სალოცავი ხატი გახლდათ, რომელსაც ვერაფერთან ვერ გავაიგივებთ. ჰუმანიზმი, სიყვარული და ადამიანებთან ურთიერთობის იშვიათი ტალანტი, სიყვარულის ნიჭი მას ყველასგან გამოარჩევდა. იყო პოეზიის დიდი მცოდნე და მოყვარული. არაჩვეულებრივად ფლობდა რამდენიმე ევროპულ ენას. მისი ცოდნა და განათლება ირგვილვ მყოფთ აღაფრთოვანებდა, ახალგაზრდობას კი მისაბაძ მაგალითად ესახებოდა. პატივისცემით ვიხსენებთ მის მშობლებს, რომელთაც ქვეყანას 6 შვილი აღუზარდეს. ძალიან დასანანია, რომ დღეს იგი ჩვენს შორის აღარ არის. ეს დიდი დანაკლისია ჩვენი საზოგადოებისათვის“. - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ვეტერან სპორტის მუშაკთა და წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში აფხაზეთიდაბნ დევნილი ვეტერან სპორტის მუშაკთა და წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოება გაიმართა.

ღონისძიებაზე საპატიო სიგელებით და სპორტული ფორმებით დაჯილდოვდნენ საქართველოს  სპორტის დამსახურებული მუშაკი შოთა გვილავა,  საქართველოს დამსახურებული სპორტის მოღვაწე ოთარ ვახანია, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი მძლეოსნობაში გივი ხოჭოლავა, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში გოგიტა არქანია და საერთაშორისო კლასის დიდოსტატი ჭადრაკში ბაადურ ჯობავა.

დაჯილდოების ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ვანო კრავეიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი ირაკლი დოლაბერიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანი და დევნილი სპროტსმენები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით დევნილებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ორგანიზებულ მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში 1000-მდე დევნილ ოჯახს საახალწლო ნობათი გადაეცა. აფხაზეთის ხელისუფლების წარმოამდგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს დამდეგი ახალი წელი, შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა დაესწრნენ.

აქციაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი თბილისის მერია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, კერძო პირები, აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურებისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები.

აქციის ფარგლებში პროდუქტები დაურიგდათ მარტოხელა დედებს, აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა დედებს, ბავშვობიდან ინვალიდ და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, დედმამით ობოლ არასრულწლოვან ბავშვებს, 90 წელს გადაცილებულ მოხუცებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მრავალშვილიან ოჯახებს. დევნილებს საახალწლო ნობათი ხვალაც დაურიგდებათ.

საქველმოქმედო აქციის მიზანია ადამიანებისადმი თანადგომა და მოხალისეობის კულტურის დანერგვა საქართველოში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე” ფარგლებში დევნილი მოსახლეობისათვის პირველი მასშტაბური აქცია 2014 წელს საახალწლოდ გაიმართა და მას შემდეგ პერმანენტულად იმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აქტიური ჩართულობისათვის ყველა ორგანიზაციას, ინდივიდუალურ მონაწილეს, კომპანიებს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შესაბამის სერთიფიკატები გადასცა.

ვახტანგ ყოლბაიამ აქციის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, წელს აქციას ახალი ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.

„ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ აქციას, აფხაზეთის ხელისუფლება უკვე მეოთხედ ვატარებთ. ამ აქციის ძირითადი არსი თანადგომის გრძნობის გაღვივება, ურთიერთპატივისმიგების, ერთად საქმის კეთების გრძნობის აღზრდაა ჩვენ საზოგადოებაში. ჩვენ, დევნილი მოსახლეობა არა ვართ განებივრებული ასეთი კოლექტიური აქციებით თუ არ ჩავთვლით დევნილთა შემწეობებს, ბინების გადაცემას, რეფერალურ და ჯანდაცვითი პროგრამებს, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. წელს ძალიან სერიოზულად დაგვეხმარა ქალაქ თბილისის მერია, საქმეში უშუალოდ იყო ჩართული ბატონი დავით ნარმანია. აქციაში ჩაერთო რამდენიმე უწყება, რომელიც წინა წლებში არ მონაწილეობდა. მათ შორის მინდა აღვნიშნო კომერციული ორგანიზაცია შპს „გურიელი“, რომელიც მხარში გვიდგას და დევნილებისთვის გადასაცემად უფასოდ გვაწვდის თავის პროდუქციას. არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წელს დაფუძდნენ და უკვე იმთავითვე გვეხმარებიან. მათ შორისაა თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA“. წელს ასევე დაგვეხმარა „კორ სტანდარტ ბანკი“. ყოველ მათგანს დიდი მადლობა მინდა მოვახსენო თანადგომისა და დახმარებისთვის.

სიახლე კი ის გახლავთ, რომ ამ ღონისძიებას ჩვენ ვატარებთ ახლად გარემონტებულ შენობაში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ბიუჯეტის ეკონომიის ხარჯზე მოვახერხეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სარგებლობაში არსებულ შენობაში, მოუწესრიგებელი პირველი სართული გაგვერემონტებინა. ახლა ჩვენს კაპელას, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს სარეპეტიციო, ჩვენი სპორტსმენებს კი სავარჯიშო დარბაზი აქვთ, რომელიც აღჭურვილია გასახდელებით და საშხაპეებით. გვეამაყება, რომ ეს შევძელით. ახლა აქ სხვა განწყობაა, სხვა იერი დაჰკრავს ყველაფერს.

დღეს საახალწლო ნობათები გადაეცათ ყველაზე მოწყვლად კატეგორიას, მრავალშვილიან დედებს, 90 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, აფხაზეთის ომის ინვალიდებს, უდედმამოდ დარჩენილ ბავშვებს და მსგავს ადამიანთა კატეგორიას. ჯამში სადღაც 700-ზე მეტი ბენეფიციარია. ვაპირებთ რეგიონებში გასვლასაც. ნობათებს დავურიგებთ ომის მონაწილეებს ზუგდიდში, ბენეფიციართა გარკვეულ რაოდენობას რუსთავში გადავცემთ საახალწლო ძღვენს. ჩვენი წარმომადგენლობების ადგილობრივ მმართველობასთან ერთობლივი მუშაობის შემდეგ, ადგილობრივმა ადმინისტრაციამ საახალწლოდ 100-100 ლარი გამოუყო დევნილთა გარკვეულ კატეგორიას. რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა მოვახსენო.

„ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ მხოლოდ ლოზუნგი არ გახლავთ. უკიდურესი გაჭირვების ჟამსაც კი თანამოძმეზე ზრუნვა ადამიანს სულიერად ამაღლებს, როცა ხედავს როგორ სიხარულს გვრის მეორე ადამიანს ახლობლის ყურადღება და დაფასება. სამწუხარო ისაა, რომ ვერ მოვიძიეთ ჯერ-ჯერობით ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობენ. ამიტომ ვფიქრობ უკმაყოფილოებიც იქნებიან. მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ ვაკლებთ ცდას ყველა მათგანს ხმა მივაწვდინოთ. ხვალ კვლავ გაგრძელდება საახალწლო ძღვენების დარიგება, შემდეგ კი გავალთ რეგიონებში. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ჰუმანურ აქტში. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას აფხაზეთის სტრუქტურების თანამშრომლებს, მინისტრებს, რომელთაც ჩათვალეს, რომ მათ აქვთ რაღაცნაირი ვალდებულება იმ დევნილების მიმართ, რომლებიც არსად მუშაობენ, იმ დედების მიმართ, რომელთაც შვილები ომში დაკარგეს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ვფიქრობ საერთოდ ეს ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულებაა“. – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

სოხუმის არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა საახალწლო კონცერტი გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვალერი არქანიას არტ-გალერეაში სსიპ სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა საახალწლო კონცერტი გამართა.

კონცერტში მონაწილეობდნე სამუსიკო სასწავლებლის საფორტეპიანო, ვოკალური, საესტრადო, სიმებიანი, ხალხური საკრავების განყოფილებების მოსწავლეები და ხალხური სიმღერის ანსამბლი „კოლხები".

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი დაესწრნენ.

თეთრიწყაროს რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ალექსეევკაში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და ასევე საჭირო მედიკამენტები დაურიგდათ.

სათნოების სახლ „კათარზისში“ აფხაზეთიდან დევნილი ბენიფიციარების მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

26 დეკემბერს აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირმა  „მომავლის ხმა" ქ. თბილისის სათნოების სახლ „კათარზისში" აფხაზეთიდან დევნილი ბენიფიციარების მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი „მათ ჩვენი თანადგომა სჭირდებათ" გამართა.

პროექტის მხარდამჭერები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და კომპანია „ბარამბო" იყვნენ.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  გია გვაზავა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ღვაწლმოსილი ადამიანები და აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ესწრებოდნენ.

საქველმოქმედო საღამოზე აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედი ბავშვები, ფოლკლორის ეროვნული სკოლა, აფხაზეთის №2 სახელოვნებო სკოლის ფოლკლორული ანსამბლი, სამეჯლისო ცეკვების გოგონათა ანსამბლი „ გაზაფხული" , თამარ საბაური, ქრისტი და მარიამ შაშიაშვილები და ნორჩი დეკლამატორები მონაწილეობდნენ.

პროექტის  ორგანიზატორი აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი იყო.

საღამოს დასასრულს კი კონცერტის  მონაწილეებს საშობაო საჩუქრები გადაეცათ.

წიგნის „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“ პრეზენტაცია გაიმართა

25 დეკემბერს წიგნის საახალწლო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანის - „მანანა ანუა - ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე" პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნის წარდგენა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივითა და გამომცემლობა „არტანუჯის" ორგანიზებით მოეწყო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სამედიცინო უნივერსიტეტში, აფხაზი და ოსი ეროვნების ქალბატონები ომის ვეტერანებსა და ომში ნათესავდაკარგულებს შეხვდნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო დარბაზში საქართველოში მცხოვრები აფხაზი და ოსი ეროვნების ქალბატონების, ომის ვეტერანებისა და ომში ნათესავდაკარგულების შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის კოლექტივებმა მოწვეული სტუმრებისთვის კონცერტი გამართეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე და კულტურის სფეროს მოღავწეები. 

 „დღევანდელი დღე განსაკუთრებული იმითაც არის, რომ ის ძალიან მშვიდობიან თემას ეძღვნება. ამ ღონისძიების ორგანიზატორები არიან ისინი, ვინც ყველაზე მეტად იცის მშვიდობის ფასი. ხალხი, ვინც ომის ქარიშხლიანი წლები განვლო. მსგავსი შინაარსის  ვინ იცის, უკვე მერამდენე ღონისძიებაა ტარდება, რომელიც გვახსენებს, რომ ომით დანგრეული მხოლოდ სიყვარულით შეიძლება ააშენო. მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებაზე ქალბატონ გურანდა გაბუნიას დასწრება, რომელიც სისხლხორცეულად მიბმულია აფხაზეთთან, სოხუმთან, გაგრასთან. საოცარია მისი მოგონებები სოხუმში აფხაზებსა და ქართველებს შორის თანაცხოვრების თაობაზე. როგორ არ გავიხსენოთ ბატონ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები „ჰელადოს!“ - ის ხომ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობითაა დაწერილი, რომელიც  დღესაც გვინათებს გზას აფხაზეთისა და აფხაზი თანამემამულეების გულებისაკენ. მინდა  საქართველოს მოსახლეობას მათ შორის ომის ვეტერანებს  დამდეგი 2016 წელი მივულოცო.  მშვიდობიანი, ბედნიერი, ჯანმრთელი, ბარაქიანი ყოფილიყოს იგი ყოველი თქვენგანისთვის“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.