აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, დალი ხომერიკმა,აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა. 11 სერთიფიცირებულ მასწავლებელს მადლობის სიგელები და სამეცნიერო ენციკლოპედიები გადასცა. მასწავლებლების სპეციალური მიღება სასტუმრო „ტიფლის პალასში“ გაიმართა. აფხაზეთის საჯარო სკოლებში 319 პედაგოგია დასაქმებული. 2010 წელს მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე 118 პედაგოგი დარეგისტრირდა, რომელთა შორის თერთმეტმა კომპეტენციის ზღვარი წარმატებით გადალახა. მასწავლებლის საერთაშორისო დღე 1994 წლიდან 5 ოქტომბერს აღინიშნება.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია აშშ-ის ნებრასკის შტატის ქ. ლინკოლნის „როტარი კლუბის“ პრეზიდენტს, ტომ ქარდველსა და კლუბის ფინანსურ დირექტორს, ნიკი კლეინს შეხვდა. შეხვედრის მიზანი, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების აშშ-ში სწავლის გაგრძელების ხელშეწყობა და კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების დახმარება იყო. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კლუბის წარმომადგენლებმა დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტები მოინახულეს და მათ სოციალურ პრობლემებს გაეცნენ. აფხაზეთის მთავრობასა და აშშ-ის ნებრასკის შტატის ქ.ლინკოლნის „როტარი კლუბს“ შორის თანამშრომლობა ორი წელია გრძელდება.თანამშრომლობის ფარგლებშიც, დევნილი ახალგაზრდები კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამით რამდენჯერმე იმყოფებოდნენ აშშ-ში. კლუბის წევრებმა საქართველოში არაერთი პროექტი განახორციელეს. რამდენიმე დღის წინ საგურამოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოინახულეს. ,მათ ჰუმანიტარული და ფულადი დახმარება გადასცეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, სოხუმის დაცემის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილი საღამო "27 სექტემბერი" გაიმართა. მოეწყო ომის თემაზე შექმნილი ფოტოგამოფენა. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო. გიორგი ბარამიამ სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას. მან ქართველებსა და აფხაზებს შერიგებისკენ მოუწოდა. ,,ძალიან ბევრი ვისაუბრეთ წარსულზე. მინდა ყურადღება აწმყოსა და მომავალზე გავამახვილო. ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ამ სცენაზე ერთად დგანან ის ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები, რომლებმაც ერთობლივად უნდა შექმნან საქართველოს მომავალი. მთავარია ერთად დგომა და არსებული პრობლემის ერთობლივად გადალახვა, რაც საწინდარი იქნება აფხაზეთში ჩვენი უპირობო დაბრუნების,"- განაცხადა გიორგი ბარამიამ. გიორგი ბარამიამ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან ერთად ხელი მოაწერა დეკლარაციას "აფხაზეთი ჩემი სახლია". აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ 7 მარჩენალდაკარგულ ოჯახს ფულადი დახმარება გადასცა. ხსოვნის საღამოს, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი, ხათუნა კალმახელიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გაიმართა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმართველობა, სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეხვდნენ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა, დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. გმირთა მოედანზე ომში დაღუპული ქართველი და აფხაზი მეომრების დედები შეიკრიბნენ. გიორგი ბარამიამ აფხაზებსა და ქართველებს შერიგებისა და თანაცხოვრებისაკენ მოუწოდა. ,,დღეს ჩვენი ერთად დგომა მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც წლების წინ, მომავალშიც, ჩვენი ძმობა საქართველოს გაერთიანებისა და გაბრწყინების საწინდარი უნდა იყოს. დადგება ის დრო, როდესაც საქართველოში აფხაზებიც, ქართველებიც და ოსებიც ისევ ერთად ვიცხოვრებთ,"- განაცხადა გიორგი ბარამიამ. აფხაზმა დედამ, ქართველ და აფხაზ დედებს, აფხაზურ ენაზე მიმართა და მეგობრობის, მშვიდობისა და ურთიერთგაგების აღდგენისკენ მოუწოდა.ღონისძიების მონაწილეებმა აფხაზი და ქართველი ხალხის ერთიანობის სიმბოლო - მანათობელი ფრანები გაუშვეს. საღამოს დასასრულს ,,აფხაზეთის მედია-ცენტრის" მიერ გადაღებული კლიპის ,,გზა შერიგებისა" პრეზენტაცია გაიმართა. ღონოსძიება -ჩვენ ერთი გული გვაქვს- ფარგლებში მოეწყო.
აფხაზეთიდან რამდენიმე თვის წინ გადმოსულმა აფხაზმა ქალბატონმა დარიკო შაპკოვსკაიამ, სოხუმის დაცემის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით ქართველ და აფხაზ დედებს გმირთა მოედნიდან მიმართა.
გმირთა მოედანზე შაპკოვსკაიასთან ერთად ლილოს დასახლებაში მცხოვრები სხვა აფხაზებიც იმყოფებოდნენ. აფხაზმა და ქართველმა დედებმა გმირთა მემორილათან ომში დაღუპულთა მოსახსენიებლად სანთლები ერთად დაანთეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
ძვირფასო თანამემამულენო!
ძმებო და დებო!
რამდენიმე თვის წინ, როდესაც ჩამოვედი და დავსახლდი თბილისში, მაშინვე ჩავიძირე მისთვის ისტორიულად დამახასიათებელი თვითმყოფადობის, სტუმართმოყვარეობისა და სილამაზის ატმოსფეროში. მე უმალ მივხვდი და შევიგრძენი, რომ ეს ქალაქი დღეს ცხოვრობს ახალი ტენდენციებით, რომელსაც დავახასიათებდი, როგორც ქართველების მისწრაფებას ადამიანური, ჰუმანური და კულტურული ღირებულებების განსამტკიცებლად. ჩემს ცნობიერებაში სწორედ ეს არის დემოკრატია.
შეუძლებელია აქ არ გაგახსენდეს ის დრო, როდესაც ქართველები და აფხაზები ერთად, ხელიხელჩაკიდებულნი, ერთიანი სულისკვეთებით ისწრაფვოდნენ და იბრძოდნენ ისეთი ფასეულობებისთვის, რომელიც გვაძლევდა დამატებით ძალას, ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ერთად გვეშენებინა ნათელი მომავალი.
სამწუხაროდ, თბილისში მიუხედავად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გარდაქმნებისა, მე მიწევს შეხვედრა ისეთ ქალბატონებთან, რომელთაც გააჩნიათ საერთო ტკივილი 17 წლის წინ აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიისა.
ამასთან დაკავშირებით, მინდა მივმართო ქართველ, აფხაზ, უკრაინელ და სხვა ეროვნების დედებს; დედებს, რომლებმაც 1992-1993 წლებში, ამ უაზრო და პროვოცირებულ ომში დაკარგეს შვილები და მეუღლეები. რით შეიძლება ანუგეშო შვილმკვდარი დედა, განკურნო სული ხეიბრისა, გაათბო ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების გულები?! - ვერაფრით! სწორედ ამიტომ დღემდე არ შეშრობიათ ცრემლი შაოსან დედებს, ვინაიდან ვერცერთი დედის გული ვერასდროს შეეგუება შვილის დაკარგვას.
შვილმკვდარ დედებს საერთო გულისტკივილი გვაერთიანებს. ქართველი და აფხაზი დედები ერთად განვიცდით ჩვენი მომავალი თაობების ჭირსა და ლხინს, დარდსა და სიხარულს. საერთოა ჩვენი წუხილი მაშინ, როდესაც ჩვენი შვილები კარგავენ ყველაზე ძვირფასს - სიცოცხლეს.
განსაკუთრებით გამძაფრებულია ეს გრძნობა ძმათამკვლელ ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალთან. თითოეული ფრაგმენტი ამ მემორიალისა არის ბრძოლაში დაცემული კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის ნაწილი, სიცოცხლისა, რომელიც ამ ომმა შეიწირა. იმავდრულად, მემორიალი არის სახსოვარი იმ არაადამიანური ტრაგედიისა, რომელიც ჩვენ ერთად გადავიტანეთ მესამე ძალის ანგარებითი პოლიტიკური ზრახვების გამო... და ნათელია, თუ ვინ იგულისხმება ამ მესამე ძალაში.
მხოლოდ დედების საერთო გულისტკივილსა და გულწრფელ სიყვარულს ძალუძს გაუმკლავდეს ამ ტრაგედიის შედეგებს, შეარიგოს ყველაზე შეურიგებელნი და დააბრუნოს ჩვენს საერთო სახლში სიმყუდროვე და კეთილდღეობა.
მოდით, გავერთიანდეთ და ერთად ვიცხოვროთ საერთო ოჯახში. ასეთ შემთხვევაში ვერანაირი მესამე ძალა ვერ ხელყოფს ქართველთა და აფხაზთა ერთობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას. მტკიცედ მწამს ჩვენი ხალხის სიბრძნისა და ჰუმანურობისა, მწამს რომ შევძლებთ გავუწოდოთ ხელი ერთურთს და ამით აღვადგინოთ ძმათამკვლელი ომის მიერ ჩატეხილი ხიდი.
ჩვენ ვალდებულნი ვართ ვპოვოთ ჩვენში ძალა, რომ მსუბუქი გულითა და სულით შევძლოთ ნდობის, მეგობრობის მშვიდობისა და ურთიერთგაგების აღდგენა, რათა მივუტევოთ ერთმანეთს მიყენებული წყენა და ტკივილი. მხოლოდ ჩვენ, დედებს ძალგვიძს თავიდან ავიცილოთ ახალი დანაკარგები, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს და უსასრულოს გახდის ტკივილს ქართველი და აფხაზი დედების გულებში.
დედობრივი სიყვარულით გეფერებით ყველას და ვიმედოვნებ, რომ გაიზიარებთ ჩემს დედობრივ გრძნობებს! ღმერთმა დაგლოცოთ!
აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებისათვის, ევროსაბჭოს მეთოდური სახელმძღვანელო -,,კომპასის" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი, დალი ხომერიკი ესწრებოდა. პრეზენტაცია არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრი" პროექტის ,,ადამიანის უფლებათა განათლება იძულებით ადგილნაცვალი ახალგაზრდებისათვის" ფარგლებში გამართა. ამავე პროექტის ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები, ევროპის საბჭოს მეთოდური სახელმძღვანელო -,,კომპასის" მიხედვით გაივლიან გადამზადებას, რომელიც სამოქალაქო განათლების მასწავლებელთათვის არის გათვალისწინებული. ტრენინგის მიზანია, დევნილი პედაგოგებისთვის მსოფლიოში არსებული ადამიანის უფლებათა სწავლების მეთოდიკის გაცნობა და ამ მეთოდის სკოლებში დანერგვა. პროექტი ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ფონდის მიერ ფინანსდება.
ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნა სოხუმის უნივერსიტეტმა. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და შემოქმედებით გზაზე წარმატებები უსურვა. სოხუმის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას, ოპერის ცნობილი მომღერალი პაატა ბურჭულაძე, განათლების მინისტრის მოადგილე, ნოდარ სურგულაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, თამარ ბერუჩაშვილი და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის მიმართულების დირექტორი, სვენდ ჰანზენიც ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს 500 პირველკურსელი ჰყავს. სულ უნივერსიტეტში 3 000-მდე სტუდენტი სწავლობს, რომლებიც ჩართულნი არიან ევროკავშირის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში.
უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ ლილოს დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს. გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია ესწრებოდა, რომელმაც დევნილებს მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. ,,ლილოს დასახლებაში აფხაზეთიდან დევნილი ათამდე ოჯახია. მათ ჩაუტარდათ უფასო სამედიცინო გამოკვლევები. თუ აღმოჩნდება, რომ ვინმეს განსაკუთრებული მკურნალობა სჭირდება, გადაყვანილ იქნება სტაციონარში", - განაცხადა გიორგი ბარამიამ. დევნილები, ასევე მოინახულა აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ლექსო ლაგვილავამ. ამ ობიექტზე აფხაზეთიდან დევნილი ოცი ოჯახია ჩასახლებული. აფხაზეთის მთავრობა, უფასო სამედიცინო გამოკვლევებს, სხვა კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილების ობიექტებშიც გეგმავს.
დევნილი ბავშვების მონაწილეობით, თბილისში, რიგით მეორე ,,მშვიდობის მარათონი" გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროა. მარათონი ვარდების მოედანზე დაიწყო და პუშკინის სკვერში დასრულდა. გამარჯვებულები თასებითა და სიგელებით დააჯილდოვეს. პუშკინის სკვერში აფხაზეთიდან დევნილი 13 წლის ნინი ბარამიას ნახატების გამოფენაც მოეწყო. ,,მშვიდობის მარათონს" აფხაზეთის მთავრობის თავმჯომარე, გიორგი ბარამიაც დაესწრო. ,,დღეს დევნილი ბავშვები, მსოფლიოს ბავშვებს მიმართავენ მოწოდებით, რომ დაცული იყოს მათი უფლებები. რაც მთავარია, დევნილი ბავშვები ამ მარათონით ყველას მშვიდობისკენ მოუწოდებენ, გმობენ ომსა და ძალადობას. იმედი მაქვს, რომ დადგება დღე, როდესაც ასეთი სამშვიდობო მარათონი თბილისში დაიწყება და აფხაზეთში დასრულდება", - აღნიშნა გიორგი ბარამიამ.
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, სურამში, კომპაქტური ჩასახლების ობიექტში მცხოვრებ დევნილებს, აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარა. დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში სამედიცინო გამოკვლევების პროცესს, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი, ლექსო ლაგვილავა დაესწრო. მინისტრმა დევნილებს მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.
სტატისტიკური მონაცემებით, სურამში, კომპაქტურად 94 , ხოლო კერძო სექტორში 17 ოჯახია ჩასახლებული. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 283 შეადგენს, მათ შორის 22 ექვს წლამდე ასაკის ბავშვია.
მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული მედიკოსთა ჯგუფი, სამედიცინო გასინჯვებს მთელი დღის განმავლობაში ატარებდა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია საქართველოში ვიზიტად მყოფ ბერლინის უნივერსიტეტის მკვლევარ, ულრიკე გრააფლს შეხვდა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გერმანელ მკვლევარს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. "ულრიკე გრაალფსი კონფლიქტოლოგია და კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევითი სამუშაოებით არის დაკავებული. მას ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენები აინტერესებდა. ჩვენ შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში, როგორია რუსეთის საოკუპაციო ძალების პოლიტიკა რეგიონში, როგორი კატასტროფის წინაშე დგას რეგიონი ეკოლოგიურად და როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები. საკმაოდ შთამბეჭდავი შეხვედრა იყო. ჩვენ, ფაქტობრივად, თითქმის ყველა დეტალი გავიარეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროპის როგორც პოლიტიკურ, ისე სამეცნიერო წრეებში გაჟღერებული იყოს ის ობიექტური ინფორმაცია, რომელსაც რუსეთის მასმედიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები სამწუხაროდ არ ახმაურებენ ,"- განაცხადა გიორგი ბარამიამ. ულრიკე გრაალფსი რამდენიმე წელია, აფხაზეთში მომხდარ კონფლიქტს სწავლობს და ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს ხვდება.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) შესახებ რეზოლუციის მიღება, რომელიც დევნილთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების და მათ ქონებრივ უფლებებს აღიარებს, წინ გადადგმული ნაბიჯია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის წინ, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. ეს რეზოლუცია, კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მაგალითია, რომელთა შორის ტრადიციულად რუსული მხარის პოზიციის გამზიარებელი ქვეყნებიც არიან - ამგვარი შეფასება გააკეთა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად რუსული მხარის მტკიცე წინააღმდეგობისა, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მაინც მიიღო, რაც ქართული დიპლომატიის უდაო წარმატებად უნდა შეფასდეს. გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში(სამხრეთ ოსეთში), ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და მათი შთამომავლების თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლებას აღიარებს. რეზოლუციაში გამოთქმულია ასევე შეშფოთება საქართველოში მომხდარი კონფლიქტების შედეგად ოკუპირებულ რეგიონებში დემოგრაფიული სურათის ძალადობრივი გზით შეცვლის გამო.
აფხაზეთის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი ოფიცრის, საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტის, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაურის მუხრან შუკვანის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. საქართველომ დაკარგა ღირსეული შვილი, შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელსაც არაერთი ჯილდო ჰქონდა მიღებული, როგორც "შეიარაღებულ ძალებში უმწიკვლო სამსახურისთვის", ასევე "საბრძოლო იარისა" და "სამშობლოსათვის თავდადებისთვის". მუხრან შუკვანი სამშობლოდან შორს ემსახურებოდა მშვიდობის დამყარებას, რაშიც საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინციატივით, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები, დასასვენებლად კვარიათში გაემგზავრნენ. ბავშვები გიორგი ბარამიამ თბილისიდან პირადად გააცილა. აქციის ფარგლებში, აჭარაში 25 დევნილი ბავშვი გაემგზავრა. მათ შორის, 10 სოფელ ფოცხო-ეწერიდან, ხოლო 15 კომპაქტურად ჩასახლებული ადგილებიდან შეირჩა. ,,ფოცხო-ეწერში სტუმრობისას ბავშვებმა მთხოვეს, მათთვის აჭარაში დასვენების შესაძლებლობა მიგვეცა. ბავშვებმა მითხრეს, რომ ჯერ ზღვა არ უნახავთ. მათი თხოვნის შემდეგ მოვიძიე გარკვეული რესურსები და ისინი კვარიათში, სასწავლო წლის დაწყებამდე დაისვენებენ,'' - განაცხადა გიორგი ბარამიამ. აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, 300-მდე დევნილმა ბავშვმა როგორც საქართველოს, ასევე, საბერძნეთის კურორტებზე დაისვენა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინციატივით, სოფელ ფოცხოეწერში ჩასახლებული დევნილი ბავშვები, აჭარაში, კვარიათში სასწავლო წლის დაწყებამდე დაისვენებენ. ,,ფოცხოეწერში სტუმრობისას ბავშვებმა მთხოვეს, მათთვის აჭარაში დასვენების შესაძლებლობა მიგვეცა. ბავშვებმა მითხრეს, რომ ჯერ ზღვა არ უნახავთ. მათი თხოვნის შემდეგ გარკვეული რესურები მოვიძიე და ფოცხო-ეწერიდან 10 ბავშვი სასწავლო წლის დაწყებამდე კვარიათში დაისვენებს," - განაცხადა გიორგი ბარამიამ მარტვილში, ჟურნალისტებთან საუბრისას. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ბავშვებს სხვა კომპაქტური ჩასახლებებიდანაც შეარჩევენ. 5 სექტემბერს აჭარაში სულ 25 ბავშვი გაემგზავრება. გიორგი ბარამია სამეგრელოს რეგიონს 30 აგვისტოს ეწვია. მან წალენჯიხის, ფოცხოეწერის, მარტვილისა და ჩხოროწყუს კომპაქტური ჩასახლების ობიექტები მოინახულა. დევნილებს ადგილზე ჩაუტარდათ უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები. მათ ასევე გადაეცათ მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება.