თბილისის ზღვაზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დღეს თბილისის ზღვაზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ. აქციის ფარგლებში უფასო სამედიცინო გამოკვლევა ხუთასამდე დევნილმა გაიარა, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მათ ასევე საჭირო მედიკამენტებიც გადასცა. სამედიცინო გამოკვლევებს შპს „აფხაზეთიდან იძულებით ადგილნაცვალ პირთა თბილისის პოლიკლინიკის" და შპს "აფხაზეთიდან იძულებით ადგილნაცვალ პირთა ოფთალმოლოგიური კლინიკის" ექიმები მთელი დღის განმავლობაში ატარებდნენ. აქციას აფხაზეთის შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა პირადად ესწრებოდა. გამოკვლევები პერმანენტული ხასიათისაა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებებში სისტემატიურად ხორციელდება.

გიორგი ბარამია აფხაზეთის კაპელის ძველ და ახალი თაობის წევრებს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარე, გიორგი ბარამია  ფესტივალ "ჩვენებურების" მონაწილე, აფხაზეთის კაპელას ძველი და ახალი თაობის წევრებს შეხვდა. გიორგი ბარამიამ მათ საჩუქრად საქართველოს პირველი ლედის,სანდრა ელისაბედ რულოვსის საავტორო წიგნი "იდეალისტის ისტორია" გადასცა. ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად, სოხუმიდან სპეციალურად ჩამოვიდა კაპელას ძველი თაობის ერთ-ერთი წევრი, ინგა თუაური. გიორგი ბარამია გუნდის  წევრებს გაესაუბრა და ფესტივალ ,,ჩვენებურებში" მონაწილეობის მისაღებად უცხოეთიდან ჩამოსულ გუნდის წევრებს, მადლობა პირადად გადაუხადა. სვეტიცხოვლის აღმართვის 1700 და განახლების 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი XII საერთაშორისო ფესტივალი ,,ჩვენებურები" 1-დან 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთის ინტერნაციონალური კაპელა. გუნდს გურამ ყურაშვილი უდირიჟორებს.

დევნილთა დასაქმების ხელშეწყობისათვის საკონსულტაციო საბჭო იქმნება

აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის, ნუგზარ სექანიას ინიციატივით, დევნილთა დასაქმების ხელშეწყობისათვის საკონსულტაციო საბჭო იქმნება. ამის შესახებ აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა,  არასამთავრობო  და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. ნუგზარ სექანიამ შეხვედრის მონაწილეებს ერთობლივი საკონსულტაციო საბჭოს ჩამოყალიბება და დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხებში თანამშრომლობა შესთავაზა. აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საკონსულტაციო საბჭო იქნება ის სტრუქტურა, რომელიც  დევნილთა პრობლემებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციას გააერთიანებს. საბჭო განახორციელებს  პროექტებს, გაუწევს შუამდგომლობას და  პოტენციურ დამფინანსებლებს წარუდგენს. ეს იქნება სოციალური პროექტები და ბიზნეს გეგმები. ,,დაგეგმილი გვაქვს  საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილი ბეზნესმენების შეხვედრა, რომლის მიზანი დევნილთა სოციალური პირობების გაუმჯობესება იქნება. მნიშვნელოვანია  ამ პროცესში  იძულებით გადაადგილებულ პირთა უშუალო და აქტიური მონაწილეობა,"- განაცხადა ნუგზარ სექანიამ. როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, საკონსულტაციო საბჭო აფხაზეთის ეკონომიკის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებით იქნება დაკომპლექტებული. ორგანიზაციების წევრებმა  აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადეს და  თანამშრომლობაზე შეთანხმდენენ. შემდეგი შეხვედრა უახლოეს დღეებში აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში გაიმართება, სადაც საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება და დებულება შემუშავდება. შეხვედრა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან, საქართველოს პარლამენტში, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო დევნილთა სამედიცინო პროფილაქტიკურ გასინჯვებს ატარებს

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, აფხაზეთის  ჯანდაცვის სამინისტრო თბილისში, სამხედრო ჰოსპიტალის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში (წულაძის ქ №32 ) სამედიცინო პროფილაქტიკურ  გასინჯვებს ატარებს. შპს ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა თბილისის პოლიკლინიკისა" და ქალთა კონსულტაციის სხვადასხვა სპეციალობის მაღალკვალიფიცირებული ექიმები,  სამედიცინო გამოკვლევებს მთელი დღის განმავლობაში ჩაატარებენ. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აღნიშნულ ობიექტზე  85 ბენეფიციარია.  აფხაზეთის მთავრობა მსგავს სამედიცინო გამოკვლევებს მომავალშიც განახორციელებს.

აფხაზეთის მთავრობა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს სამძიმარს უხცადებს

აფხაზეთის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 30 სექტემბერს ავღანეთში სამშვიდობო მისიით გათვალისწინებული დავალების შესრულების დროს ოთხი ქართველი ჯარისკაცის, პოლკოვნიკ რამაზ გოგიაშვილის, სერჟანტ დავით ცეცხლაძის, კაპრალ გიორგი კოლხიტაზიშვილისა და კაპრალ ნუგზარ კალანდაძის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც პირნათლად ახორციელებენ სამშვიდობო მისიას ავღანეთში, რაც არაერთხელ აღუნიშნავთ საერთაშორისო არენაზე, სერიოზული წვლილი შეაქვთ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.რამდენადაც საამაყოა ჩვენი ჯარისკაცების წარმატებული საქმიანობა ავღანეთში, იმდენად მძიმეა ისედაც მცირერიცხოვანი და რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მქონე საქართველოსათვის ის დანაკლისი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მათი დაღუპვის გამო განიცდის.

დალი ხომერიკმა აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, დალი ხომერიკმა,აფხაზეთის  საჯარო სკოლების პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა. 11 სერთიფიცირებულ მასწავლებელს მადლობის სიგელები და სამეცნიერო ენციკლოპედიები გადასცა.  მასწავლებლების სპეციალური მიღება სასტუმრო „ტიფლის პალასში“ გაიმართა. აფხაზეთის საჯარო სკოლებში  319 პედაგოგია დასაქმებული. 2010 წელს მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე  118 პედაგოგი დარეგისტრირდა, რომელთა შორის თერთმეტმა კომპეტენციის ზღვარი წარმატებით გადალახა.   მასწავლებლის საერთაშორისო დღე 1994 წლიდან 5 ოქტომბერს აღინიშნება.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აშშ-ის ნებრასკის შტატის ქალაქ ლინკოლნის, „როტარი კლუბის“ პრეზიდენტსა და კლუბის ფინანსურ დირექტორს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია აშშ-ის ნებრასკის შტატის ქ. ლინკოლნის „როტარი კლუბის“ პრეზიდენტს, ტომ ქარდველსა და კლუბის ფინანსურ დირექტორს, ნიკი კლეინს შეხვდა. შეხვედრის მიზანი, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების აშშ-ში სწავლის გაგრძელების ხელშეწყობა და კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების დახმარება იყო. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კლუბის წარმომადგენლებმა დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტები მოინახულეს და მათ სოციალურ პრობლემებს გაეცნენ. აფხაზეთის მთავრობასა და აშშ-ის ნებრასკის შტატის ქ.ლინკოლნის „როტარი კლუბს“ შორის თანამშრომლობა ორი წელია გრძელდება.თანამშრომლობის ფარგლებშიც, დევნილი ახალგაზრდები კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამით  რამდენჯერმე იმყოფებოდნენ აშშ-ში. კლუბის წევრებმა საქართველოში  არაერთი პროექტი განახორციელეს. რამდენიმე დღის წინ საგურამოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოინახულეს. ,მათ ჰუმანიტარული და ფულადი დახმარება გადასცეს.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით 1992-1993 წლებში აფხაზეთის ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილი საღამო “27 სექტემბერი” გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, სოხუმის დაცემის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილი საღამო "27 სექტემბერი" გაიმართა. მოეწყო ომის თემაზე შექმნილი ფოტოგამოფენა. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო. გიორგი ბარამიამ სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას. მან ქართველებსა და აფხაზებს შერიგებისკენ  მოუწოდა.  ,,ძალიან ბევრი ვისაუბრეთ წარსულზე. მინდა ყურადღება აწმყოსა და მომავალზე გავამახვილო. ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ამ სცენაზე ერთად დგანან ის ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები, რომლებმაც ერთობლივად უნდა შექმნან საქართველოს მომავალი. მთავარია ერთად დგომა და არსებული პრობლემის ერთობლივად გადალახვა, რაც საწინდარი იქნება აფხაზეთში ჩვენი უპირობო დაბრუნების,"- განაცხადა გიორგი ბარამიამ. გიორგი ბარამიამ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან ერთად  ხელი მოაწერა დეკლარაციას "აფხაზეთი ჩემი სახლია". აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ 7 მარჩენალდაკარგულ ოჯახს ფულადი დახმარება გადასცა. ხსოვნის საღამოს, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი, ხათუნა კალმახელიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები  და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გაიმართა.

გიორგი ბარამია და აფხაზეთის მთავრობის წევრები სოხუმის დაცემის მე-17 წლისთავს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეხვდნენ

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმართველობა, სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეხვდნენ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა, დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.  გმირთა მოედანზე ომში დაღუპული ქართველი და აფხაზი მეომრების დედები შეიკრიბნენ. გიორგი ბარამიამ აფხაზებსა და ქართველებს შერიგებისა და თანაცხოვრებისაკენ მოუწოდა.  ,,დღეს ჩვენი ერთად დგომა  მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც წლების წინ, მომავალშიც,  ჩვენი ძმობა საქართველოს გაერთიანებისა და გაბრწყინების საწინდარი უნდა იყოს. დადგება ის დრო, როდესაც საქართველოში აფხაზებიც, ქართველებიც და ოსებიც ისევ ერთად ვიცხოვრებთ,"- განაცხადა გიორგი ბარამიამ.   აფხაზმა დედამ, ქართველ და აფხაზ დედებს,  აფხაზურ ენაზე მიმართა და მეგობრობის, მშვიდობისა და ურთიერთგაგების აღდგენისკენ მოუწოდა.ღონისძიების მონაწილეებმა აფხაზი და ქართველი ხალხის ერთიანობის სიმბოლო - მანათობელი ფრანები გაუშვეს. საღამოს დასასრულს ,,აფხაზეთის მედია-ცენტრის" მიერ გადაღებული კლიპის ,,გზა შერიგებისა" პრეზენტაცია გაიმართა. ღონოსძიება -ჩვენ ერთი გული გვაქვს- ფარგლებში მოეწყო.

სოხუმის დაცემის მე-17 წლისთავზე დარიკო შაპკოვსკაიამ ქართველ და აფხაზ დედებს მიმართა

აფხაზეთიდან რამდენიმე თვის წინ გადმოსულმა აფხაზმა ქალბატონმა დარიკო შაპკოვსკაიამ,  სოხუმის დაცემის მე-17 წლისთავთან  დაკავშირებით ქართველ და აფხაზ დედებს გმირთა მოედნიდან მიმართა.

გმირთა მოედანზე შაპკოვსკაიასთან ერთად ლილოს დასახლებაში მცხოვრები სხვა აფხაზებიც იმყოფებოდნენ. აფხაზმა და ქართველმა დედებმა გმირთა მემორილათან ომში დაღუპულთა მოსახსენიებლად სანთლები ერთად დაანთეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

ძვირფასო თანამემამულენო!

ძმებო და დებო!

რამდენიმე თვის წინ, როდესაც ჩამოვედი  და დავსახლდი თბილისში, მაშინვე ჩავიძირე მისთვის ისტორიულად დამახასიათებელი თვითმყოფადობის, სტუმართმოყვარეობისა და სილამაზის ატმოსფეროში. მე უმალ მივხვდი და შევიგრძენი, რომ ეს ქალაქი დღეს ცხოვრობს ახალი ტენდენციებით, რომელსაც დავახასიათებდი, როგორც ქართველების მისწრაფებას ადამიანური, ჰუმანური და კულტურული ღირებულებების განსამტკიცებლად. ჩემს ცნობიერებაში სწორედ ეს არის დემოკრატია.

შეუძლებელია აქ არ გაგახსენდეს ის დრო, როდესაც ქართველები და აფხაზები ერთად, ხელიხელჩაკიდებულნი, ერთიანი სულისკვეთებით ისწრაფვოდნენ და იბრძოდნენ ისეთი ფასეულობებისთვის, რომელიც გვაძლევდა  დამატებით ძალას, ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ერთად გვეშენებინა ნათელი მომავალი.

სამწუხაროდ, თბილისში მიუხედავად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გარდაქმნებისა, მე მიწევს შეხვედრა ისეთ ქალბატონებთან, რომელთაც გააჩნიათ საერთო ტკივილი 17 წლის წინ აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიისა.

ამასთან დაკავშირებით, მინდა  მივმართო ქართველ, აფხაზ, უკრაინელ და სხვა ეროვნების დედებს; დედებს, რომლებმაც 1992-1993 წლებში, ამ უაზრო და პროვოცირებულ ომში დაკარგეს შვილები და მეუღლეები.  რით შეიძლება ანუგეშო შვილმკვდარი დედა, განკურნო სული ხეიბრისა, გაათბო ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების გულები?! - ვერაფრით! სწორედ ამიტომ დღემდე არ შეშრობიათ  ცრემლი შაოსან დედებს, ვინაიდან ვერცერთი დედის გული ვერასდროს შეეგუება შვილის დაკარგვას.

შვილმკვდარ დედებს საერთო გულისტკივილი გვაერთიანებს. ქართველი და აფხაზი დედები ერთად განვიცდით ჩვენი მომავალი თაობების ჭირსა და ლხინს, დარდსა და სიხარულს. საერთოა ჩვენი წუხილი მაშინ, როდესაც ჩვენი შვილები კარგავენ ყველაზე ძვირფასს - სიცოცხლეს.

განსაკუთრებით გამძაფრებულია ეს გრძნობა ძმათამკვლელ ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალთან. თითოეული ფრაგმენტი ამ მემორიალისა არის ბრძოლაში დაცემული კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის ნაწილი, სიცოცხლისა, რომელიც ამ ომმა შეიწირა. იმავდრულად, მემორიალი არის სახსოვარი იმ არაადამიანური ტრაგედიისა, რომელიც ჩვენ ერთად გადავიტანეთ მესამე ძალის ანგარებითი პოლიტიკური ზრახვების გამო... და ნათელია, თუ ვინ იგულისხმება ამ მესამე ძალაში. 

მხოლოდ დედების საერთო გულისტკივილსა და გულწრფელ სიყვარულს ძალუძს გაუმკლავდეს ამ ტრაგედიის შედეგებს, შეარიგოს ყველაზე შეურიგებელნი და დააბრუნოს ჩვენს საერთო სახლში სიმყუდროვე და კეთილდღეობა.

მოდით, გავერთიანდეთ და ერთად ვიცხოვროთ საერთო ოჯახში. ასეთ შემთხვევაში ვერანაირი მესამე ძალა ვერ ხელყოფს ქართველთა და აფხაზთა ერთობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას. მტკიცედ მწამს ჩვენი ხალხის სიბრძნისა და ჰუმანურობისა, მწამს რომ შევძლებთ გავუწოდოთ ხელი ერთურთს და ამით აღვადგინოთ ძმათამკვლელი ომის მიერ ჩატეხილი ხიდი.

ჩვენ ვალდებულნი ვართ ვპოვოთ ჩვენში ძალა, რომ მსუბუქი გულითა და სულით შევძლოთ ნდობის, მეგობრობის მშვიდობისა და ურთიერთგაგების აღდგენა, რათა მივუტევოთ ერთმანეთს მიყენებული წყენა და ტკივილი. მხოლოდ ჩვენ, დედებს ძალგვიძს თავიდან ავიცილოთ ახალი დანაკარგები, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს და უსასრულოს გახდის ტკივილს ქართველი და აფხაზი დედების გულებში.

დედობრივი სიყვარულით გეფერებით ყველას და ვიმედოვნებ, რომ გაიზიარებთ ჩემს დედობრივ გრძნობებს! ღმერთმა დაგლოცოთ!

აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ევროსაბჭოს მეთოდური სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებისათვის, ევროსაბჭოს მეთოდური სახელმძღვანელო -,,კომპასის" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი, დალი ხომერიკი ესწრებოდა. პრეზენტაცია არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრი" პროექტის ,,ადამიანის უფლებათა განათლება იძულებით ადგილნაცვალი ახალგაზრდებისათვის" ფარგლებში გამართა. ამავე პროექტის ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები, ევროპის საბჭოს მეთოდური სახელმძღვანელო -,,კომპასის" მიხედვით  გაივლიან გადამზადებას, რომელიც სამოქალაქო განათლების მასწავლებელთათვის არის გათვალისწინებული. ტრენინგის მიზანია, დევნილი პედაგოგებისთვის მსოფლიოში არსებული ადამიანის უფლებათა სწავლების მეთოდიკის გაცნობა და ამ მეთოდის სკოლებში დანერგვა. პროექტი ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ფონდის მიერ ფინანსდება.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნა სოხუმის უნივერსიტეტმა. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და  შემოქმედებით გზაზე წარმატებები უსურვა. სოხუმის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას, ოპერის ცნობილი მომღერალი პაატა ბურჭულაძე, განათლების მინისტრის მოადგილე, ნოდარ სურგულაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, თამარ ბერუჩაშვილი და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის მიმართულების დირექტორი, სვენდ ჰანზენიც ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს 500 პირველკურსელი ჰყავს. სულ უნივერსიტეტში 3 000-მდე სტუდენტი სწავლობს, რომლებიც ჩართულნი არიან ევროკავშირის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში.

ლილოს დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ ლილოს დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს. გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია ესწრებოდა, რომელმაც დევნილებს მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. ,,ლილოს დასახლებაში აფხაზეთიდან დევნილი ათამდე ოჯახია. მათ ჩაუტარდათ უფასო სამედიცინო გამოკვლევები. თუ აღმოჩნდება, რომ ვინმეს განსაკუთრებული მკურნალობა სჭირდება, გადაყვანილ იქნება სტაციონარში", - განაცხადა გიორგი ბარამიამ. დევნილები, ასევე მოინახულა აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ლექსო ლაგვილავამ. ამ ობიექტზე აფხაზეთიდან დევნილი ოცი ოჯახია ჩასახლებული. აფხაზეთის მთავრობა, უფასო სამედიცინო გამოკვლევებს, სხვა კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილების ობიექტებშიც გეგმავს.

თბილისში რიგით მეორე „მშვიდობის მარათონი“ გაიმართა

დევნილი ბავშვების მონაწილეობით, თბილისში, რიგით მეორე ,,მშვიდობის მარათონი" გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროა. მარათონი ვარდების მოედანზე დაიწყო და პუშკინის სკვერში დასრულდა. გამარჯვებულები თასებითა და სიგელებით დააჯილდოვეს. პუშკინის სკვერში აფხაზეთიდან დევნილი 13 წლის ნინი ბარამიას ნახატების გამოფენაც მოეწყო.  ,,მშვიდობის მარათონს" აფხაზეთის მთავრობის თავმჯომარე, გიორგი ბარამიაც დაესწრო. ,,დღეს დევნილი ბავშვები, მსოფლიოს ბავშვებს მიმართავენ მოწოდებით, რომ დაცული იყოს მათი უფლებები. რაც მთავარია, დევნილი ბავშვები ამ მარათონით ყველას მშვიდობისკენ მოუწოდებენ, გმობენ  ომსა და ძალადობას. იმედი მაქვს, რომ დადგება დღე, როდესაც ასეთი სამშვიდობო მარათონი თბილისში დაიწყება და აფხაზეთში დასრულდება", - აღნიშნა გიორგი ბარამიამ.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, სურამში ჩასახლებულ დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, სურამში, კომპაქტური ჩასახლების ობიექტში მცხოვრებ დევნილებს, აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სამედიცინო-პროფილაქტიკური  გამოკვლევები ჩაუტარა. დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში სამედიცინო გამოკვლევების პროცესს, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი, ლექსო ლაგვილავა  დაესწრო. მინისტრმა დევნილებს  მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება  გადასცა.

სტატისტიკური მონაცემებით, სურამში, კომპაქტურად 94  , ხოლო კერძო სექტორში 17 ოჯახია  ჩასახლებული. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა  283 შეადგენს, მათ შორის 22  ექვს წლამდე ასაკის ბავშვია.

მაღალკვალიფიციური  სპეციალისტებით დაკომპლექტებული  მედიკოსთა ჯგუფი,   სამედიცინო გასინჯვებს მთელი დღის  განმავლობაში   ატარებდა.