აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლის რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა
დღეს ქუთაისში მდებარე აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლის რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა. შენობას ინტერიერის სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და დღეიდან მოსწავლეეები და მასწავლებლები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში გააგრძელებენ სწავლას.
 
მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ეს სასიხარულო ამბავი მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა და იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა/რ ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა ნათია კოპალიანმა.
 
აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით ჩატარდა.
რუსლან აბაშიძე დავით ელბაქიძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანსამბლ „ლიახვის“ ლოტბარის, ქორმეისტერის დავით ელბაქიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ და ხელოვანს იუბილე მიულოცეს კულტურისა და ხელოვნების ცნობილმა წარმომადგენლებმა. დავით ელბაქიძემ აღადგინა და გადაამუშავა ლილვაკებზე ჩაწერილი ოსური და ქართული უნიკალური ფოლკლორული ნიმუშები. ის დღემდე აგრძელებს მოღვაწეობას არაერთი საინტერესო ნიმუშის კვლევისა და აღდგენის მიმართულებით.

ღონისძიება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. საღამოს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით კერესელიძე და საქართველოს ქართულ-ოსური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ნაირა ბეპიევა ესწრებოდნენ.  

კონფლიქტის თემატიკაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია აფხაზეთის კონფლიქტის თემატიკაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
 
პანელური დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას, დევნილთა წინაშე არსებულ საჭიროებებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
 
„დევნილთა პრობლემების მოგვარების, ნდობის მშენებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ფარგლებში, ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ სხვადასხვა პროგრამებს. სამოქალაქო სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით შევთანხმდით კონკრეტულ ქმედებებზე და პერიოდულად, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას“-განაცხადა ნანა გაბელიამ.
 
ღონისძიება „სამშვიდობო რესურსი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა“ პროგრამის ფარგლებში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.
 
შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის წევრები, მინისტრის აპარატის წარმომადგენლები და მოწვეული სპიკერები მონაწილეობდნენ.
კონფლიქტის თემატიკაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია აფხაზეთის კონფლიქტის თემატიკაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ. სადისკუსიო შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი მელაშვილი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

პანელური დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას, დევნილთა წინაშე არსებულ საჭიროებებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ღონისძიება „სამშვიდობო რესურსი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა“ პროგრამის ფარგლებში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის წევრები, მინისტრის აპარატის წარმომადგენლები და მოწვეული სპიკერები მონაწილეობდნენ.

ლორიკ მარშანიას დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა

გამოჩენილ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს, დამსახურებულ მეცნიერს, აფხაზი ერის თვალსაჩინო წარმომადგენლს, გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერს, ქართულ-აფხაზური ისტორიული ურთიერთობების აღდგენის გულმხურვალე ქომაგს, არასამთავრობო ორგანიზაცია “მშვიდობა და აფხაზეთის აღორძინები”-ს ხელმძღვანელს, ლორიკ მარშანიას დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა.

აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ლორიკ მარშანია დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა და აქტიურად მონაწილეობდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

კონფლიქტის მოგვარების ერთდერთ გზად მას ცივილიზებული, მშვიდობიანი, ასევე სახალხო დიპლომატიის მეთოდები მიაჩნდა. აფხაზთა მომავალს ლორიკ მარშანია მხოლოდ ერთიან საქართველოში განიხილავდა „მე ვარ აფხაზი და ამაყად ვამბობ, რომ ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება“.

პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა აფხაზეთის საჯარო სკოლებში
"პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა სკოლებში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეპროგრამაა, რომლის ფარგლებში სამინისტრომ აფხაზეთის №7, №10 და №11 საჯარო სკოლების ინიციატივები დააფინანსა.
 
აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის პროექტის „დეკორატიული მებაღეობა“ სკოლაში მონაწილეებმა სკოლის ეზოში დეკორატიული მცენარეები: ნეკეჩხალი, კამელიები, ჰორტენზიები, ტუია სმარაგდი, კოლხური ბზა, იასამანი და სხვ. დარგეს.
 
აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის პროექტის „ხეხილის ბაღის მოვლა“ სკოლის მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ხეხილნარისა და დეკორატიული მცენარეების სადემონსტრაციო-საკოლექციო ნაკვეთი მოაწყვეს.
 
აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის 18 მოსწავლე კი პროექტის „საექთნო საქმის“ ფარგლებში, პირველადი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევებს დაეუფლა.
 
სკოლები ამ პერიოდში ქ. ზუგდიდის მესხიას სასწავლო უნივერსიტეტთან არსებულ პროფესიულ კოლეჯთან აქტიურად თანამშრომლობდნენ.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამა - "STEM განათლების ხელშეწყობა" გრძელდება
STEM მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის აბრევიატურაა და მათემატიკის, ინფორმატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრირებული სწავლების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
 
აფხაზეთის საჯარო სკოლების განაცხადების საფუძველზე ამ ეტაპისთვის დაფინანსდა ათი პროექტი, რომელთა ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა შექმნეს: ავტომატური მორწყვის სისტემა, ხმაზე მორეაგირე ნათურა, ატმოსფეროში მავნე ნივთიერების აღმომჩენი მოწყობილობა, სკოლის სკვერის ელექტრო განათება, სურნელოვანი სამკურნალო საპნები და სხვ. აგრეთვე შეძლეს მზის ენერგიის გარდაქმნა.
 
ამ ქვეპროგრამით სამინისტრო ცდილობს, უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს და ხელი შეუწყოს აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებში STEM უნარების განვითარებას.
დავით ფაცაციამ ქ. ხონში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრები დაურიგა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, თავის პირველ მოადგილე - გურამ მისაბიშვილთან, ქ. ხონის მუნიციპალიტეტის მერ - ლადო ჯურხაძესთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ქ. ხონის დევნილთა დასახლებაში მდებარე საბავშვო ბაღს ესტუმრა.

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ბავშვებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებული ჰუმანიტარული დახმარება - სათამაშოები გადასცა.

„პოზიტიური და თბილი შეხვედრა გვქონდა ჩვენი საზოგადოების ყველაზე ლაღ და გულწრფელ წევრებთან - დევნილ ბავშვებთან.

შეხვედრაზე, ქ. ხონის დევნილთა დასახლებაში მდებარე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებული ჰუმანიტარული დახმარება - სათამაშოები გადავეცით და სასიამოვნოა, რომ შევძელით პატარების თუნდაც მცირედით გახარება.

კიდევ ერთხელ, მთელს საქართველოს ვულოცავ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღმერთმა ქნას, რომ უფლის შეწევნით და ჩვენი სიმტკიცით მალე გაერთიანებულიყოს და გაბრწყინებულიყოს საქართველო!“- დავით ფაცაცია

 

ეკა ხოფერია საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასა და საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩს ჰასან აჰმედ ალი მუჰამედ ალ მოტავას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.

შეხვედრაზე სამინისტროს მიერ განათლებისა და კულტურის მიმართულებებით დაგეგმილ პროგრამებსა თუ პროექტებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

დავით ფაცაციამ ხონის დევნილთა დასახლებაში მიმდინარე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს პროგრამის - „დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის“ ფარგლებში, დევნილთა განსახლების ადგილებში მიმდინარეობს სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები.

სამუშაო პროცესის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი - დავით ფაცაცია, მინისტრის პირველ მოადგილე - გურამ მისაბიშვილი, ქ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი - ლადო ჯურხაძე და სამინისტროს თანამშრომლები გაეცნენ.

„ჩვენი სამინისტროს პროგრამები, რომლის ფარგლებშიც დევნილთა განსახლების ობიექტებზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი დევნილი მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობისთვის, რათა ხელი შევუწყოთ მათი ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნას.“- დავით ფაცაცია

 

სალექციო კვირეული - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" დასრულდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2022 წლის სალექციო კვირეული - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" დასრულდა. ლექცია ამჯერად, დედაქალაქის საკრებულოს დარბაზში, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მოისმინეს.
 
„აღმოაჩინე აფხაზეთი“ სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ყოველწლიური ქვეპროგრამაა, რომელიც დამსწრეთ სამსახურის უფროსმა ნონა ქარაიამ გააცნო.
 
კომპანია „ქლევერტონის“ ლექტორის მირიან გუნავას მიერ აფხაზეთზე მოთხრობილი ამბები მოსწავლეებმა ფოტოებით გააცოცხლეს.
 
დღევანდელი ლექციის მონაწილეებს სერტიფიკატები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ გადასცა.
რუსლან აბაშიძემ ჰერალდიკის სახელმწიფოს საბჭოს ორგანიზებით გამართულ სემინარში მიიღო მონაწილება

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ,  საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფოს საბჭოს ორგანიზებით გამართულ სემინარში „ავტონომიური რესპუბლიკების სიმბოლოები“ მიიღო მონაწილეობა.

სემინარი  საქართველოს ისტორიული დროშების და საზღვაო რუკების გამოფენით გაიხსნა.  გამოიფინა შუა საუკუნეების (XIV-XVI სს.) პორტოლანები, რომლებზეც საქართველო, ქალაქ თბილისი და საზღვაო ნავსადგური სებასტოპოლისი, დღევანდელი სოხუმი, წარმოდგენილია ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით.

გაიმართა წიგნის “აფხაზეთის სიმბოლიკისათვის“ პრეზენტაცია. ნაშრომში განხილულია,  როგორც აფხაზეთის ჰერალდიკური მემკვიდრეობა, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის სიმბოლოები დღევანდელი მდგომარეობით, ასევე პროექტები, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ შეიმუშავა.

სემინარის მონაწილეებმა განიხილეს აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხები, აჭარისა და აფხაზეთის ჰერალდიკური მემკვიდრეობა და სამომავლო გეგმები.

სემინარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჰერალდიკის, ვექსილოლოგიისა და სიმბოლიკის კვლევის ცენტრის წევრები, სამეცნიერო წრეების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

წყნეთსა და ბაგებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, წყნეთსა და ბაგებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

აქციის მიმდინარეობისას აფხაზეთიდან დევნილებმა სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციით, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევებით ისარგებლეს, რაც 200-მდე ვიზიტს მოიცავდა. ასევე, დევნილ ბენეფიციარებს დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

მიმდინარე წლის განმავლობაში სამინისტრომ 9 გასვლითი ღონისძიება განახორციელა, რომლის ფარგლებში მომსახურება 1000-მდე აფხაზეთიდან დევნილმა პირმა მიიღო.

ღონისძიება აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

ქ. თბილისში გენო კალანდიას მემორიალური დაფა გაიხსნა
გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის გენო კალანდიას საცხოვრებელი სახლის (მეტეხის ქ. 16) ფასადზე, ქ. თბილისის საკრებულოს ინიციატივითა და ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მისი მემორიალური დაფა გაიხსნა.
 
მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალზე გენო კალანდიას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს: თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ლაბუჩიძემ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ, მსახიობმა გივი სიხარულიძემ და სხვა გამომსვლელებმა.
 
შემდეგ დ. ჯაიანის სახელობის დარბაზში გაიმართა გენო კალანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო. გენო კალანდია, როგორც გამორჩეული ხმის პოეტი და ქარიზმატული პიროვნება გაიხსენეს: საღამოს წამყვანმა, მწერალმა როსტომ ჩხეიძემ, პუბლიცისტმა იოსებ ჭუმბურიძემ, პარლამენტარმა ვლადიმერ კახაძემ, გენო კალანდიას მეგობრებმა - ბაკურ გულუამ და ოთარ ჭითანავამ.
 
საღამოს მსვლელობისას პოეტ გენო კალანდიას ლექსები წაიკითხეს სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის „თეთრი ტალღას“ მსახიობებმა: მაკო კობახიძემ და კახაბერ ჭოლაძემ, მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით.
ეკრანზე ნაჩვენები იყო გენო კალანდიას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო და ვიდეოკოლაჟი.
 
მემორიალური დაფის გახსნას და შემოქმედებით საღამოს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, საქართველოს მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, გენო კალანდიას ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი პოეზიის თაყვანისმცემლები.
სალექციო კვირეულის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთის" მორიგი ლექცია ქ. რუსთავში გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სალექციო კვირეულის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთის" მორიგი ლექცია რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ქ. რუსთავში გაიმართა.
 
ლექციას აფხაზეთის ისტორიაზე უძღვებოდა საგანმანათლებლო კომპანია „ქლევერტონის“ მიერ მოწვეული ლექტორი მირიან გუნია. ლექტორი ახალგაზრდებს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ლობჟანიძემ წარუდგინა.
 
ბოლოს მოსწავლეებმა მოსმენილ თემაზე ჯგუფური და ინდივიდუალური დავალებები შეასრულეს.
 
ქვეპროგრამა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება.